ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, 14 დეკემბერს გამართული ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს, საქართველო "არაკეთილგანწყობილი“ უწოდა იტუმ-კალე (ჩეჩნეთი) - შატილი (საქართველო) საავტომობილო გზის მშენებლობის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.
რუსული მედიის ინფორმაციით, კადიროვმა განაცხადა, რომ პროექტი მეზობელი ქვეყნის, ანუ საქართველოს, პოზიციის გამო შეჩერებულია.
"სინამდვილეში, საქართველო ჩვენთვის არაკეთილგანწყობილი აღმოჩნდა, თუმცა დოკუმენტებს ხელი მოვაწერეთ და ყველაფერი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობლებს ჯერ არ სურთ, რომ გზამ საქართველოზე გაიაროს“, - განაცხადა კადიროვმა. მას არაფერი უთქვამს რა დოკუმენტებს გულისხმობდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება "პოლიტიკურ მიზეზებს“ უკავშირდება.
ლაპარაკია გზის პროექტზე, რომელიც არღუნის ხეობის ზედა ნაწილში, ჩეჩნეთის რაიონულ ცენტრ იტუმ-კალედან რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით უნდა გაევლო. მშენებლობა 1997 წელს დაიწყო, თუმცა, როგორც რუსული წყაროები იუწყებიან, ორი წლის შემდეგ საქართველოს პოზიციის გამო სამუშაოები შეჩერდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კატეგორიული განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, თბილისი არასოდეს განიხილავდა და არც მომავალში განიხილავს ჩეჩნეთთან საავტომობილო გზით დაკავშირების საკითხს.