ავტორი:

გიორგი მელაშვილი: "როგორც ჩანს, აშხაბადში სცადეს კრემლთან პირდაპირი ურთიერთობა, რამდენად მოახერხეს ეს, გაიმართა, თუ არა კულისებს მიღმა შეხვედრა, ამას ჯერ ვერ გავიგებთ, მაგრამ..."

გიორგი მელაშვილი: "როგორც ჩანს, აშხაბადში სცადეს კრემლთან პირდაპირი ურთიერთობა, რამდენად მოახერხეს ეს, გაიმართა, თუ არა კულისებს მიღმა შეხვედრა, ამას ჯერ ვერ გავიგებთ, მაგრამ..."

“ქართული ოცნების” პრემიერის ჩასვლა თურქმენეთის ნეიტრალიტეტისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიმბოლური გზავნილია, როგორც საქართველოსთვის, ისე მის საზღვრებს გარეთ იმის თაობაზე, რომ “ოცნება” მზად არის დაამყაროს ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და წლების განმავლობაში რუსული აგრესიისგან თავის დაცვა უზარმაზარ ფასად - უამრავი ადამიანის სიცოცხლედ დაგვიჯდა... აქამდე “ქართული ოცნება” ერიდებოდა პუტინთან ერთად გამოჩენას, ახლაც შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ შეიძლებოდა უფრო დაბალი რანგით ვყოფილიყავით წარმოდგენილი, მაგალითად, დელეგაციით საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, მაგრამ “ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი ჩასულიყო აშხაბადში. მოკლედ რომ ვთქვათ, მიზანმიმართულად წავიდნენ ამაზე”, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა კანონებიც არ უნდა მიიღონ, საპროტესტო განწყობები არ გაქრება...”

“ცოტა პარადოქსულია, რომ “ქართული ოცნება”, რომელსაც გაფუჭებული აქვს ურთიერთობა ევროკავშირთან და ამასთანვე, ვერაფრით ახერხებს ტრამპის ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას, ფაქტობრივად, იმავე პრობლემის წინაშეა რუსეთთანაც. მიუხედავად აქტიური მცდელობებისა, მიუხედავად ოკუპანტის მიერ ეკონომიკური ექსპანსიისა და რუსი ე.წ. ტურისტებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნისა, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ რუსეთთან მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და გაჭედილი არიან ივანიშვილის რუსულ პროექტში. ფაქტობრივად, ჩვენ დღეს მივიღეთ სრული საგარეო პოლიტიკური იზოლაცია ყველა მიმართულებით - დასავლეთი საერთოდ ამოღებული აქვთ საკომუნიკაციო სივრციდან. რჩებათ რუსეთი, თუმცა დღემდე ვერ შეძლეს კრემლის მაღალი ეშელონების ყურადღების სათანადოდ მიქცევა და როგორც ჩანს, აშხაბადში სცადეს კრემლთან პირდაპირი ურთიერთობა, რამდენად მოახერხეს ეს, გაიმართა, თუ არა კულისებს მიღმა შეხვედრა, ამას ჯერ ვერ გავიგებთ, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობ, აუცილებლად გამოჩნდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მელაშვილი.

“ამ ეტაპზე ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ “ქართულ ოცნებას” არ ეპატიჟებიან ევროკავშირისა და აშშ-ის ინვესტირებულ პროექტებში, რომელიც შეეხება ცენტრალურ აზიასა და კავკასიას. მიუხედავად ამისა, წელს მესამედ ჩავიდნენ ცენტრალურ აზიაში, რათა როგორმე გაარღვიონ ეს იზოლაცია, რომელშიც თვითონ ჩაიგდეს თავი, და თურქმენული რეჟიმის გამოყენებასაც კი ცდილობენ საკუთარი საგარეო-პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის, თუმცა ესეც დიდად არ გამოსდით... რაც შეეხება ვოლსკის განცხადებას, საქართველოს ბედი ცენტრალურ აზიაში ბოლოს თემურ-ლენგის დროს გადაწყდა და მეეჭვება ამით ვინმე იყოს კმაყოფილი. საქართველოს ხვალინდელი დღე უნდა გადაწყდეს საქართველოში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ცოტა არ იყოს, სარკასტულია, რომ “ქართული ოცნება”, რომელიც თავს დებს სუვერენიტეტის დაცვაზე, ეროვნულობაზე, ახლა გვეუბნება, რომ თურმე ჩვენი ხვალინდელი დღე სხვაგან უნდა გადაწყდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ცენტრალური აზია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეგიონია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეოპოლიტიკური ფუნქცია - ეს არის ევროპისა და აზიის დაკავშირება. განსაკუთრებით ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებით საქართველოს შენარჩუნებული აქვს დიდი სატრანზიტო როლი, მაგრამ ტრანზიტი მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ ორივე წერტილი - დასაწყისიც და დასასრულიც ერთდროულად მუშაობს. ამ ეტაპზე “ქართულმა ოცნებამ” გამოთიშა დასავლეთი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია ნორმალურად ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მცირდება, ხოლო იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ახლა მიმდინარეობს სომხეთ-აზერბაიჯანსა და სომხეთ-თურქეთს შორის, გვაჩვენებს, რომ შუა დერეფნის სამხრეთი განშტოება, რაც გადის სომხეთზე და არა საქართველოზე, მალე ამოქმედდება, რის პარალელურადაც შემცირდება ჩვენი გეოპოლიტიკური როლი. ერთადერთი, რითაც შეგვეძლო კონკურენტული უპირატესობის მოპოვება, იყო ანაკლიის პორტი, რომელიც არ აშენებულა” - ამბობს ანალიტიკოსი. წაიკითხეთ სრულად