ავტორი:

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს - ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი ვაჟია

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს - ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი ვაჟია

ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. პოლიცია საქმეს ორმაგ მკვლელობად იძიებს.

78 წლის რაინერისა და 68 წლის ქალის ცხედრები მათმა ქალშვილმა 13,5 მილიონი დოლარის ღირებულების ბრენტვუდის სასახლეში აღმოაჩინა. რეჟისორი და მისი მეუღლე სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის კაპიტანმა მაიკ ბლენდმა განაცხადა, რომ ისინი "აშკარა მკვლელობის“ ფაქტს იძიებენ.

გამოცემა People-ის ცნობით, მათი ქალიშვილი რომი, რომელიც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს, მშობლების სახლში საშინელ სცენას წააწყდა. სასწრაფო დახმარება ადგილზე15:38 საათზე გაგზავნეს. როგორც ამბობენ, მისვლიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთში, წყვილი გარდაცვლილად გამოაცხადეს.

რომი რაინერი

"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალნენ მიშელ და რობ რაინერები“, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი
  • წყაროების ცნობით, ეჭვმიტანილად მიიჩნევა წყვილის 32 წლის ვაჟი, სცენარისტი ნიკ რაინერი.

ნიკი წარსულში ღიად საუბრობდა ნარკოდამოკიდებულებაზე და წლების განმავლობაში საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში, დაკითხვაზე იმყოფება.

"მე უსახლკარო ვიყავი მენში. უსახლკარო ვიყავი ნიუ-ჯერსიში. უსახლკარო ვიყავი ტეხასში. ღამეებს ქუჩაში ვათევდი. კვირებს ქუჩაში ვატარებდი. ეს სახალისო არ იყო“, - განაცხადა მან ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში.

გარდაცვლილი წყვილის ვაჟი - ნიკ რაინერი

ოჯახთან დაახლოებული პირების თქმით, რობ რაინერი და მისი მეუღლე, მათმა შვილმა, ნიკმა, მოკლა. პოლიციას ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

რობ რაინერი, მიშელ რაინერი, რომი რაინერი, ნიკ რაინერი - 2025 წლის 9 სექტემბერი.

მეზობელმა ABC7-ს განუცხადა, რომ ლარი დევიდმა და ბილი კრისტალმა, რომლებიც რაინერის რომანტიკულ კომედიაში "როდესაც ჰარი შეხვდა სალის“ მონაწილეობდნენ, დანაშაულის ადგილი ცალ-ცალკე მოინახულეს. თვითმხილველების თქმით, კრისტალს "ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ტირილს აპირებდა“.

"ეს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის დამანგრეველი დანაკარგია. რობ რაინერმა თავისი მოღვაწეობითა და სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობისთვის ბრძოლით უამრავი ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა“, - განაცხადა ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა.

რაინერის ხსოვნას პატივი კიდევ უამრავმა ადამიანმა მიაგო, მათ შორის იყვნენ: კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

რობ რაინერი ისეთი ცნობილი ფილმების რეჟისორია, როგორებიც არის: "პატარძალი პრინცესა“, "როდესაც ჰარი შეხვდა სალის“, "რამდენიმე კარგი კაცი“ და ა.შ. ასევე მას, როგორც მსახიობს, მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმებში: "უძინარნი სიეტლში“ და "უოლ-სტრიტის მგელი“.

რაინერის 1989 წლის ფილმი "როდესაც ჰარი შეხვდა სალის“ მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს რომანტიკულ კომედიად. სწორედ ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე. ისინი 1989 წელს დაქორწინდნენ და სამი შვილი: ჯეიკი, ნიკი და რომი ეყოლათ.

რობი 1947 წელს ბრონქსში, ნიუ-იორკის შტატში დაიბადა. მისი მამა ლეგენდარული კომიკოსი კარლ რაინერი იყო, ხოლო დედა - მსახიობი და მომღერალი ესტელ ლებოსტი .

წყარო