ავტორი:

"მივხვდი, რომ მამა ვეღარ გადარჩებოდა. ჯობდა, ასეთი თემური არ მენახა... სიკვდილს რომ ებრძვი, მაგრამ შენს ხელთ არაფერია, ეს უმძიმესია" - ეკა ჩხეიძის "სახალხო ინტერვიუ"

"მივხვდი, რომ მამა ვეღარ გადარჩებოდა. ჯობდა, ასეთი თემური არ მენახა... სიკვდილს რომ ებრძვი, მაგრამ შენს ხელთ არაფერია, ეს უმძიმესია" - ეკა ჩხეიძის  "სახალხო ინტერვიუ"

Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მსახიობი ეკა ჩხეიძე. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახავთ სტატიის ბოლოში.

მარი:

- ბოლოს მარჯანიშვილის თეატრში ვერიკო ანჯაფარიძის როლი შეასრულეთ. მოგვიყევით ამ სპექტაკლსა და როლზე?

- ნიკა წულუკიძე აკეთებს პროექტის სერიას, რომელშიც მსახიობებს იხსენებს და კარგი საღამოები აქვს. ესეც იყო ერთ-ერთი მათგანი - ვერიკოსა და სესილიას გახსენება - მათი უცნობი ისტორიები. ამ მსახიობების ცხოვრების რაღაც ეტაპები გავაცოცხლეთ, სცენები გავითამაშეთ. ვერიკოს თამაში არასწორად მიმაჩნია და არც მიცდია. ისტორიას ძირითადად ნიკა ჰყვებოდა, მე (ვერიკოს ამბებს და ქეთი ჩხეიძე (სესილიას ისტორიებს) ვყვებოდით...

დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა ამ საღამოს. პროექტი მერიის დაკვეთით ერთჯერადად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მარჯანიშვილის თეატრს გადაეცა და უკვე რეპერტუარშია. თვეში ერთხელ მაყურებლის თხოვნით ვითამაშებთ...

დავითი:

- თქვენზე ამბობენ, ბებიის - მედეა ჩახავას საოცარი ხიბლი და მამის - თემურ ჩხეიძის ელეგანტურობა აქვსო... რას იტყვით - რაში ჰგავხართ ბებიას და მამას?

- ბებიის მსგავსებას ყველა შვილიშვილი, რამდენიც ვართ, იმდენი იჩემებს და ამბობს, მე ცხვირით ვგავარ, მე - ტუჩებით... მე მკაფიო მსგავსებას ვერ ვხედავ, შეიძლება იერით ვდგავარ. ხასიათით კი მამას ძალიან ვგავარ და რაც დრო გადის, ამაში სულ უფრო ვრწმუნდები, რადგან საკუთარ თავს ბევრ რამეში ვიჭერ. რაღაცები მერიდება, თუ თავმდაბალი ვარ, რაღაცებს ვერ ვბედავ, ვერ ვამბობ. ვარ ძალიან პასუხისმგებლობიანი, ჩემს ნამუშევარს ყოველთვის გვერდიდან და კრიტიკულად ვუყურებ. ვიდრე რაღაცას გადავწყვეტ, ათასჯერ უნდა დავფიქრდე, მიღირს თუ არა, გამომივა, თუ არა?! მამას ვგავარ არა მარტო ხასიათით, იერითაც. თუმცა რადგან ქალი ვარ, შეიძლება მედიკოსაც ვგავდე. ისე, მედიკო და მამაჩემიც ჰგავდნენ ერთმანეთს. მედიკოს იმ დროისთვის საოცარი სილამაზე ჰქონდა. ახლა პლასტიკური ჩარევით ყველანაირი ოპერაციის გაკეთება, ნებისმიერი ნაკვთის შეცვლა შეუძლიათ, მაშინ ბუნებრიობა მეტად ფასობდა, ბუნებრიობა ახლაც ფასობს, მაგრამ მაშინ საკუთარ გარეგნობაში ასე ჩარევა არ შეეძლოთ.

ნიკო:

- ბოლოს დროს ხშირად ვისმენთ ფრაზას - ადამიანებს ერთმანეთის კარგი აღარ უხარიათ. თქვენი აზრით, ეს რისი ბრალია?

- როცა ადამიანი ბედნიერია, სხვისი კარგი და ბედნიერება გულწრფელად უხარია. დღეს, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ამას მიზეზები აქვს. გარშემო ამდენი დასტრესილი ადამიანია, რომლებიც გაბოროტებული არიან... ყველაფერზე სანერვიულო გვაქვს, დაწყებული პოლიტიკიდან, ეკონომიური პრობლემებით გაგრძელებული. დაბალი ხელფასით მართლა შეუძლებელია ცხოვრება. ეს სტრესს, ნერვიულობას იწვევს. როცა გყავს შვილები, ფიქრობ, რა აჭამო, რა განათლება მისცე, არ გინდა რამე მოაკლდეთ, ამიტომ სულ დაძაბული და განცდებში ხარ.

დაძაბულობა პანდემიიდან რომ დაიწყო, არ მთავრდება, სულ რაღაც ხდება. მარტო პანდემიის დროს რამხელა სტრესი ჰქონდათ ადამიანებს, ბევრს დეპრესია დაემართა. იმ მძიმე პერიოდმა ხალხზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა... იყო ონლაინ სწავლება, ჩაკეტილობა... იმ ყველაფერს ეს გაუთავებელი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია მოჰყვა. ასევე მსოფლიოში მიმდინარე ამბები. ამიტომ სულ შიშშია ადამიანი, დათრგუნულია და თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს, მუდმივად გაღიზიანებულია. მერე ეს ორად გახლეჩილი საზოგადოება, ერთმანეთისთვის მტრებად რომ აღვიქმებით, ძალიან ცუდი რამაა. ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ თითოეული ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს, ზოგად სიტუაციაზეც და არ ვიცი, ამას რა ეშველება. ასეთ ყოფას კარგისკენ პირი არ უჩანს, მაპატიეთ და ამ მიმართულებით რეალისტი ვარ და ეს ურთიერთობები მგონია, კარგს არაფერს მოგვიტანს.

მკითხველი:

- როლი, რომელიც ყველზე მეტად გიყვართ და რატომ?

- გამოვყოფდი "ზაფხულის ღამის სიზმარს“ - ჰერმიას ვთამაშობდი. ეს იყო ალბათ 30 წლის წინ. მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლი გახლდათ და ჩემი პირველი სერიოზული როლი კინომსახიობთა თეატრში. ძალიან საინტერესო სპექტაკლი იყო, ნამდვილი ფეიერვერკი, თან კარგი როლი მქონდა. ჩემი პედაგოგის, მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლში თამაშიც ხომ მნიშვნელოვანი რამ იყო. საოცარი რეჟისორი და პედაგოგი გახლდათ და უდიდესი სიამოვნება მოჰქონდა მასთან მუშაობას, რეპეტიციას... მხოლოდ კარგი მოგონებები მაქვს. ამ სპექტაკლით გასტროლებზე მივდიოდით, ასევე ფესტივალებზე, იყო პრიზები. სულ ხალისიანი განწყობით ვთამაშობდით, ცუდ ხასიათზე ვერ ითამაშებდი. მართლა ზღაპარი იყო...

მეორე სპექტაკლსაც გამოვყოფ, რაზეც ბოლოს თემურთან ვიმუშავე. მისი ბოლო სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში "გრონჰოლმის მეთოდი“ იყო. დღემდე ვთამაშობთ. ყველა სხვა სპექტაკლისგან და პერსონაჟისგან, აბსოლუტურად, განსხვავებულია. ძალიან მიყვარს და სულ მაქვს შეგრძნება, რომ თემური სადღაც არის და უყურებს. ყოველთვის პარტერში იჯდა და უყურებდა - ყველა სპექტაკლს ესწრებოდა. რაღაცნაირად აკონტროლებდა, კამერტონი იყო, ზედმეტი არაფერი ყოფილიყო და არაფერი მოჰკლებოდა. მისთვის დეტალებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მსიამოვნებს, როცა ეს სპექტაკლი ინიშნება და ვთამაშობთ.

ზურა:

- ეკა ჩხეიძე ეკა ჩხეიძეს რას ეტყოდა და ურჩევდა?

- ცხოვრებაში ნაკლებ ზარმაცი რომ ვყოფილიყავი, უფრო მეტს მივაღწევდი, მეტს ვისწავლიდი. ჯერ კარგად ვისწავლიდი რამდენიმე უცხო ენას, რომელიც დღეს ძალიან მჭირდება. მერე მიმნდობი არ ვიქნებოდი... ყოველთვის ვენდობოდი ადამიანებს და მერე დიდი იყო იმედგაცრუება. ამიტომ ჯობია, თავიდანვე არ ენდო. მიამიტი არ ვყოფილვარ, მაგრამ რაღაც დონეზე ახლა უფრო ვისწავლე ჭკუა. ადამიანების მჯეროდა და გული ბევრისგან მეტკინა. ამისგან თავს თავიდანვე დავიცავდი - არ ვენდობოდი და მორჩა. ჩემს შვილებს სულ იმას ვასწავლი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. არ ვიცი, თუ დამიჯერებენ... ალბათ ადამიანი საკუთარ შეცდომებზე უფრო სწავლობს.

ეკას ვურჩევდი, რომ მარტო საკუთარი თავის იმედი ჰქონოდა და სხვა არავისი. რაღაც საქმეში რომ გგონია, ადამიანი გვერდით გიდგას, გგონია, შენიანია, მაგრამ... ყველა მაინც საკუთარი წარმატებისთვის, საკუთარი ინტერესის დასაცავად მოქმედებს. ამიტომ ალბათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი გკრავს ხელს. სამწუხაროდ მაინც ასეა.

ანა:

- რას მიიჩნევთ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდად?

- ყველაზე რთული ჩემთვის ის არის, რასაც ვერ მოერევი და რაც შენზე არ არის დამოკიდებული. ყველაფრის გადატანა, გადალახვა და მორევა შეიძლება, თუკი ამის ძალა შეგწევს, მაგრამ არის რაღაც, რაც სამწუხაროდ, ჯანმრთელობას ეხება. როდესაც ვერ ერევი და უძლური ხარ იმ პრობლემის წინაშე, ეს უმძიმესია... თემურმა პირველი ოპერაცია რომ გაიკეთა, მერე სასწრაფოდ მეორე ოპერაცია დასჭირდა, რომელიც სხვა საავადმყოფოში უნდა გადაგვეყვანა და იქ გაგვეკეთებინა... ყველას ესმოდა, რომ უიმედო იყო, მაგრამ მაინც ხავსს ეჭიდები. ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადაყვანის მომენტში როცა გამოიყვანეს და სასწრაფოს მანქანაში საკაცე შეაგორეს, - ეს კადრი არ მავიწყდება... მივხვდი, რომ ვერ გადარჩებოდა. არანაირ ოპერაციაზე აღარ იყო მისი გადარჩენა დამოკიდებული და ეს დავინახე... ჯობდა, ასეთი თემური არ მენახა და დამმახსოვრებოდა ისეთი, როგორიც იყო. სულ ეს მახსენდება... სიკვდილს რომ ებრძვი, მაგრამ შენს ხელთ არაფერია, ეს უმძიმესია, დანარჩენი - ყველაფერს ეშველება. ამიტომ ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას - მთავარი ეს არის.

ლია:

- მამის - თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შემდეგ როგორია თქვენი ცხოვრება?

- ცხოვრება გრძელდება, უბრალოდ რაღაცები გენანება. რაღაც არ ვუთხარი, რაღაც მოგვაკლდა, მით უმეტეს, მე, რომელსაც მამასთან არ მიცხოვრია... ერთად 7 წლამდე ვიყავით, მერე დედა და მამა ერთმანეთს დასცილდნენ. ხშირად ვერ ვნახულობდი. მერე მთელი 20 წელი პეტერბურგში ცხოვრობდა. იშვიათი კომუნიკაცია იყო, ძირითადად სატელეფონო... შემდეგ, როცა ადამიანი აღარ არის, ვერაფერს გამოასწორებ. ფიქრობ, ნეტავ, ის მეთქვა, ნეტავ, ისე მოვქცეულიყავი. მინდოდა, მასთან მეტი მემუშავა, ძალიან საინტერესო რეჟისორი იყო. მერიდება ამას რომ ვამბობ, მაგრამ ამაში ყველა დამეთანხმება, ვისაც მასთან უმუშავია. მსახიობები აღნიშნავენ, რომ ძალიან რბილი იყო, ისე შემოგთავაზებდა და შემოგაპარებდა იმ სამუშაოს, რომელიც თვითონ გონებაში უკვე დადგმული ჰქონდა. ზუსტად იცოდა, რა უნდა გაკეთებულიყო, რომელ სცენაში რა მიზანსცენა, როგორი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო. ნელ-ნელა ისე აკინძავდა, რომ თავის აზრამდე და გადაწყვეტილებამდე შენ მიგიყვანდა. მერე ყველა მსახიობს ეგონა, რომ თვითონ მოიფიქრა, თვითონ გააკეთა, თვითონ მიაღწია, თვითონ იპოვა პერსონაჟის ის სახე. არადა, მას მიჰყავდი, შეგაყენებდა იმ რელსებზე, რომელიც სჭირდებოდა, რომ ისეთი სპექტაკლი გამოსვლოდა, როგორიც ბოლოს გამოსდიოდა.

სულ თავიდან, სამუშაოს დაწყების წინ ისე იქცეოდა, თითქოს შენთან ერთად კითხულობდა პიესას. აბსოლუტურად, არ გაჩვენებდა, რომ შენზე მეტი იცოდა, ან ამ ყველაფერზე ნაფიქრი ჰონდა და ბევრჯერ გადახარშული იყო მის მიერ. ამის მიუხედავად პირველივე რეპეტიციიდან თავის უპირატესობას, რომ რეჟისორია, შენ - მსახიობი და უნდა შეუსრულო ის, რასაც გეტყვის, რეპეტიციაზე მსგავსი არასდროს არაფერი ჰქონია. პირიქით, დიდი სიფრთხილე, პატივისცემა ჰქონდა და სტუდენტების მიმართაც ასეთი იყო. ეს მასში ძალიან კარგი თვისება გახლდათ. თითქოს შენთან ერთად თხზავდა და ძერწავდა სპექტაკლს. თუ რამეს ისეთს შესთავაზებდი და მოეწონებოდა, რა თქმა უნდა, დატოვებდა. მასტერკლასი იყო ის ყველაფერი, შენც იზრდებოდი. სამჯერ მომიწია მასთან სპექტაკლზე მუშაობა და ახლა ეს მაკლია. გარდა მამაშვილური ურთიერთობისა, სცენაზეც დამაკლდა.

კატა:

- კატა ჯიქია - ეს როლი პოპულარულ სერიალში საოცრად ითამაშეთ. რა იყო ის თქვენს შემოქმედებაში. როგორ ფიქრობთ, "დაქალები“ აღარ დაბრუნდება ეთერში?

- "დაქალები“ ძალიან კარგი, საინტერესო ეტაპი იყო და საჭიროც. არაერთი სეზონი მომიწია მუშაობამ და ვთვლი, რომ ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. დაბრუნდება თუ არა ტელეეკრანზე, არ ვიცი, რადგან ეს გადამღებ ჯგუფზე არ არის დამოკიდებული. კარგი იქნება, თუ გაგრძელდება, ეს საინტერესო და ცხოვრებისეული სერიალი. კარგი გუნდი მუშაობდა... არ ვიცი მსახიობი, რომელსაც რაღაც პერიოდი "დაქალებში“ არ უთამაშია. მთელი ტალღა იყო, ყველა მოიცვა. ამდენი ხალხის ჩართულობა, ამდენი სხვადასხვა ჟანრისა და ტიპის მსახიობი მონაწილეობდა... სერიალების მოყვარული არ ვარ, ამ სერიალმა შემაყვარა, მუშაობის მანერაც სხვა იყო. სხარტ და სწრაფ მოქმედებას მოითხოვდა. ყოფილა შემთხვევა, რომ ხვალ სერია გადის და დღეს ვიღებთ, რასაც სწრაფი მობილიზება და სმარტი მუშაობის პრინციპს საჭიროებდა. ეს კიდევ სხვა რამეა, კინოსგანაც განსხვავდება და კარგად მახსოვს გადაღების პროცესი. ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა, პარტნიორებს, რეჟისორს, სცენარისტს და ყველას მოკითხვა აქედან. ვიმედოვნებ, რომ კიდევ მოგვიწევს ერთად მუშაობა.

კატა ჯიქიამ იცით, როგორი პოპულარობა მომიტანა?! მეორე დღესვე ხალხი ქუჩაში მაჩერებდა... განსაკუთრებული იყო ლიფტის სცენა, რაც მთელი სერია მიდიოდა - მე და ბახუტა - მხოლოდ ორი ადამიანი ვიყავით. მაგ სცენის მერე საოცრება ატყდა, ან რა მესიჯებს მიგზავნიდნენ, ან რა ხალხი მირეკავდა, საერთოდ თუ უყურებდნენ, არ ვიცოდი. ალბათ ტელევიზია პოპულარობისთვის მაინც სხვა გზაა.

მკითხველი:

- როგორი დედა ხართ - მოგვიყევით თქვენს ოჯახსა და შვილებზე?

- პთოლოგიური. რომ ამბობენ, ადამიანები არ იცვლებიანო, ტყუილია. დედობამ ძალიან შემცვალა. გავხდი პირველ რიგში დედა და მერე სხვა - დანარჩენი. პირადად ჩემთვის არაფერი მინატრია სურვილის დონეზეც კი. სხვა არაფერი მინდა შვილების ბედნიერებით გაბრწყინებული თვალების ყურების გარდა.

რის პროფესია და რა პირადი, ეს ყველაფრი არის "ც,“ დანამატი. ალბათ ყველა დედისთვის ასეა და ნორმალურია, რომ პირველ რიგში შვილებზე ფიქრობ და შვლების წარმატება გიხარია.

თუ რამე აწუხებთ, სტკივათ, ავად არიან, ჩვეულებრივი გიჟი ვარ, ყურში არაფერი აღარ მესმის და ვერაფერს ვხედავ. 1000-ჯერ მეტად ვნერვიულობ და განვიცდი, ვიდრე სხვა რამეზე. კი, მინდა მხოლოდ შვილების ბედნიერებით გაბრწყნებულ თვალებს ვუყურო.