"ტვირთებს და იმ ობიექტებს, რომლებიც რკინიგზის სარგებლობაშია, სჭირდება ძალიან მაღალი ეფექტურობით დაცვა, შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს რკინიგზის დაცვა არა კერძო დაცვის კომპანიებმა, არამედ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა განახორციელოს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"საქართველოს რკინიგზა არის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად, ტვირთებს და იმ ობიექტებს, რომლებიც რკინიგზის სარგებლობაშია, სჭირდება ძალიან მაღალი ეფექტურობით დაცვა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არა კერძო დაცვის კომპანიების, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა განახორციელოს დაცვა, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ტვირთების, სარკინიგზო ობიექტების და იმ ინფრასტრუქტურის დაცვა, რაც რკინიგზას ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ კანონის დღევანდელ მოქმედ ჩანაწერში არის მითითებული, რომ ამ ფუნქციას ახორციელებს სატრანსპორტო პოლიცია. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო პოლიცია აღარ არსებობს.
შესაბამისად, დადგა საჭიროება იმისა, რომ კანონის დონეზე დარეგულირდეს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭოს აღნიშნული უფლებამოსილება. ასევე, ამ პაკეტში არის დამატებით "პოლიციის შესახებ კანონში" ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების დაცვაც შესაძლებელია განახორციელოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ობიექტების ნუსხას დაადგენს საქართველოს მთავრობა", - განაცხადა დარახველიძემ.