2011 წელს მოზარდმა ბიჭებმა სკოლის ეზოს კედელზე წარწერა–გაფრთხილება გააკეთეს “შენი ჯერია, ექიმო.“ ეს გრაფიტი აშკარა მინიშნება იყო იმაზე, რომ ლონდონში განათლებამიღებული ოფთალმოლოგი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, შეიძლება არაბული გაზაფხულის დროს ჩამოგდებული დიქტატორების რიგში შემდეგი გამხდარიყო - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" წერს და ბაშარ ალ ასადის მოსკოვური ცხოვრების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

"დანაპირების შესრულებას 14 წელი დასჭირდა, ამ ხნის განმავლობაში 620 ათასი ადამიანი დაიღუპა და თითქმის 14 მილიონი ლტოლვილად იქცა, თუმცა საბოლოოდ ექიმის რიგიც დადგა - ასადი ჩამოაგდეს და ღამის სიჩუმეში ის მოსკოვში გაიქცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასადი ისევ სამედიცინო განათლებას დაუბრუნდა, ახლო აღმოსავლეთის უკანასკნელი ბაასისტური რეჟიმის ყოფილი ლიდერი ახლა აუდიტორიაში ზის და ოფთალმოლოგიის კურსებს გადის", - წერს "გარდიანი".

სირიაში რეჟიმის დამხობიდან ერთი წლის შემდეგ, ასადების ოჯახი მოსკოვსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იზოლირებულად, სიმშვიდეში და ფუფუნებაში ცხოვრობს. ორი ინფორმირებული წყაროს თქმით, ოჯახს სავარაუდოდ მოსკოვის ელიტარულ დახურულ დასახლებაში, "რუბლიოვკაში" აქვს სახლი, მათი მეზობლები შეიძლება ისეთი ფიგურებიც იყვნენ, როგორიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩია, რომელმაც კიევიდან 2014 წელს გაქცევის შემდეგ, სავარაუდოდ, სწორედ ამ რაიონში დაიდო ბინა.
ფუფუნებაში ცხოვრების მიუხედავად, ოჯახი მოწყვეტილია იმ სირიულ და რუსულ ელიტარულ წრეებს, რომელთა ნაწილსაც ოდესღაც წარმოადგენდნენ. რუსი კურატორები ასადს მაღალი რანგის ყოფილ ჩინოვნიკებთანაც უზღუდავენ კონტაქტს.
"ძალიან მშვიდი ცხოვრება აქვს. მას თითქმის არ აქვს კავშირი გარე სამყაროსთან. მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან ურთიერთობს, ვინც სასახლეში მუშაობდა, მაგალითად მანსურ აზამთან (სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მინისტრი) და იასარ იბრაჰიმთან (ასადის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
კრემლთან დაახლოებული წყაროს თქმით, ასადი პუტინისა და რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის დიდწილად “უმნიშვნელო“ ფიგურას წარმოადგენს.
“პუტინს ნაკლები თმენა აქვს იმ ლიდერების მიმართ, რომლებმაც ძალაუფლება დაკარგეს, ასადი აღარ აღიქმება გავლენიან ფიგურად ან თუნდაც საინტერესო სტუმრად, ვისაც ვახშამზე დაპატიჟებ", - განაცხადა წყარომ.
დიქტატორს მოსალოდნელი კოლაფსის შესახებ არც ოჯახი და არც ახლო მოკავშირეები არ გაუფრთხილებია და ისინი საკუთარი თავის იმედზე დატოვა.
როგორც ჩანს, რუსეთმა ასადს საჯარო გამოსვლები აუკრძალა. ნოემბერში, იმ იშვიათ ინტერვიუში, რომელიც ასადის მოსკოვურ ცხოვრებას შეეხებოდა, ერაყში რუსეთის ელჩმა ელბრუს კუტრაშევმა დაადასტურა, რომ ჩამოგდებულ დიქტატორს ნებისმიერი საჯარო აქტივობა ეკრძალება.
“ასადს შეუძლია აქ ცხოვრება, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა არ შეუძლია… მას არ აქვს უფლება არც მედია და არც პოლიტიკური აქტივობა აწარმოოს. გსმენიათ რამე მისგან? არა, იმიტომ რომ არ შეუძლია - თუმცა ის ცოცხალია და სრულიად უსაფრთხოდაა“, - განაცხადა კუტრაშევმა.

МГИМО - ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ფოტოზე 22 წლის ზეინი სხვა კურსდამთავრებულებთან ერთად დგას.
ჰაფეზი, რომელიც ერთ დროს ბაშარის სავარაუდო მემკვიდრედ ითვლებოდა, საჯარო სივრციდან მას შემდეგ თითქმის მთლიანად გაქრა, რაც თებერვალში Telegram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დამასკოდან ოჯახის გაქცევის შესახებ საკუთარი ვერსია წარმოადგინა, უარყო მოკავშირეების მიტოვება და განაცხადა, რომ სირიის დატოვება მოსკოვმა უბრძანა.

ოჯახთან დაახლოებული წყაროს თქმით, ასადის შვილები და მათი დედა დროის დიდ ნაწილს შოპინგს უთმობენ და უამრავ ძვირადღირებულ ნივთს ყიდულობენ.

ასადის შვილები ხშირად სტუმრობენ არაბთა გაერთიანებულ საემიროებსაც, ხოლო ერთ-ერთი მოგზაურობისას მათ ასმაც შეუერთდა.