აშშ-სა და ჩვენ ტერიტორიებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვაქვს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ტერიტორიებთან დაკავშირებით საკმარისი დიალოგი გვქონდა და ვფიქრობ, კვლავ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. თუმცა, ვფიქრობ, კოლეგებმა ჩემი პირადი პოზიცია მოისმინეს. მაგრამ, ყველა მზად არის, რომ ისეთი გადაწყვეტის მოსაძებნად იმუშაოს, რომელიც უკრაინას პატივს სცემს და ომის დასრულებასთან დაგვაახლოებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"უსაფრთხოების გარანტიების პროექტი კარგად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტიებს ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსად აღიქვამს. ვმუშაობთ, რომ ახლა ეს წერილობით განისაზღვროს. ამ მხრივ პროგრესიც გვაქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.