"მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში "ხურდა ფული“ არ გახდება", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთი "საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის.
კერძოდ, კალუგინის თქმით, საქართველო არ შეუერთდა "ანტირუსული სანქციების კოალიციას“ და უარყო რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან ახვევდნენ თავს“.
"ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომელსაც ხელშესახებ სარგებელი მოაქვს“, - განაცხადა კალუგინმა.