"დაუმარცხებელი ჩემპიონი კარიერის უმძიმეს, დელიკატურ პერიოდს გადის. თოფურიამ დუმილი დაარღვია და პირადად განმარტა ოქტაგონზე არყოფნის მიზეზი, რომელმაც UFC-ის სამყარო შეძრა", - ამ სიტყვებით ეხმაურება უცხოური მედია გუშინ, ილია თოფურიას მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას,
ილია თოფურიამ, UFC-ის უძლეველმა ორმაგმა ჩემპიონმა ჯერ კიდევ მაშინ გააოცა MMA სამყარო, როცა განაცხადა, რომ ის 2026 წლის პირველ კვარტალში ტიტულს არ დაიცავდა.
საზოგადოება მის არყოფნას თავიდან გრაფიკს ან ფიზიკურ პრობლემებს უკავშირებდა. მაგრამ, როგორც კი თოფურიამ საჯარო განცხადება გაავრცელა, გაირკვა, რომ მისი გადაწყვეტილება გაცილებით მტკივნეულ, პირად მიზეზებს ეხებოდა.

ჩემპიონის თქმით, UFC-მ გაგებით მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა მისი არყოფნის გამო, დივიზიონში დროებითი ტიტულისთვის ბრძოლა მაინც გაიმართება.
მედია უკვე რამდენიმე თვეა წერს ილია თოფურიასა და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგის დაშორების შესახებ. თოფურიას განცხადებით კი ცნობილი ხდება, რომ მათ შორის დავა სასამართლომდე მივიდა.
"ბოლო თვეებში ვიღებდი მძიმე და მიუღებელ ზეწოლას, მათ შორის მუქარას, რომ ფინანსური მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებები. ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა", - წერს თოფურია.

მისივე თქმით, სასამართლოს აქვს ყველაფერი - აუდიოჩანაწერები, შეტყობინებები და ვიდეოები.
ჩემპიონმა ხაზი გაუსვა: საჯაროდ საუბარი არ იყო ემოციური გადაწყვეტილება, არამედ აუცილებელი ნაბიჯი იმ საფრთხის შესაჩერებლად, რომელიც მის სიმშვიდეს, რეპუტაციასა და ოჯახს ემუქრებოდა.
თოფურიამ განმარტა, რომ დუმილს თავიდან შვილების დაცვის მიზნით ინარჩუნებდა, თუმცა, აღიარა, რომ დადგა მომენტი, როდესაც სიჩუმემ ზიანი მიაყენა და არასწორ ინფორმაციას გავრცელების საშუალება მისცა.

განცხადების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მონაკვეთში ჩემპიონმა უარყო ძალადობის ნებისმიერი ბრალდება. მან დაადასტურა, რომ მისი ღირებულებები პატივისცემაზე, დისციპლინასა და პატიოსნებაზეა დაფუძნებული. თოფურიამ მოუწოდა ყველას, ვინც მსგავს სიტუაციაშია, არ დანებდეს ზეწოლას, მანიპულაციას ან შიშს.
ილია თოფურიას გადაწყვეტილება UFC-სთვის სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ის სპორტს თავს არ ანებებს, ეს არის აუცილებელი პაუზა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც კონკურენციაზე მნიშვნელოვანია.
ნახეთ ასევე: