პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შობის დღესასწაულამდე შეწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ის უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შობამდე შეწყვეტის პერსპექტივას, დონალდ ტუსკმა უპასუხა: „რუსები, ამ ეტაპზე, სავარაუდოდ დიდად არ არიან დაინტერესებულები სამშვიდობო მოლაპარაკებებით ან ცეცხლის შეწყვეტით“.
„ამიტომ, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ზეწოლა და იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ, დასავლეთი, არ დავუშვებთ ჩვენს დაყოფას. შემდეგ ამ მოლაპარაკებებმა შეიძლება კონკრეტული სახე მიიღოს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს შობამდე ნაკლებად სავარაუდოა“, - აღნიშნა ტუსკმა.
„ამერიკელი მომლაპარაკებლებისგან პირველად მესმის და სტივ უიტკოფმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ამერიკა ვალდებულია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს ისე, რუსებს ეჭვი არ შეეპაროთ, რომ ამერიკის პასუხი სამხედრო იქნება, თუ ისინი კვლავ დაესხმებიან თავს უკრაინას. ასე რომ, გარკვეული გაგებით, ეს მე-5 მუხლს ჰგავს, მაგრამ მე პირდაპირ მე-5 მუხლს არ მივუთითებდი, რადგან ეს მხოლოდ გაართულებდა შემდგომ მოლაპარაკებებს. თუმცა, დღეს მოსმენილი დეკლარაცია ნამდვილად შორსმიმავალი იყო“, - განაცხადა ტუსკმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთის ომის დასრულების, ან სულ მცირე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სერიოზული მოლაპარაკებების დაწყების ერთადერთი რეალური შანსი მთელი დასავლეთის გაერთიანებაა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ამერიკელებთან და უკრაინელებთან ერთად, ვიმოქმედოთ ისე, როგორც მოკავშირეებმა, რათა რუსებმა და პუტინმა დაინახონ, რომ ამ სამ მხარეს შორის განხეთქილების ჩამოგდება შეუძლებელია“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
მისი თქმით, ამერიკელები დარწმუნებულები არიან, რომ ევროპელებთან ერთად უკრაინისთვის უსაფრთხოების სერიოზული გარანტიების შექმნა შეუძლიათ.