სალონიკში, ამპელოკიპის რაიონში მომხდარი ოჯახური ძალადობის საქმეზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე ფიგურირებს, ბერძნული მედია შოკისმომგვრელ დეტალებს ავრცელებს. 44 წლის ქართველ მამაკაცს ბრალად ედება 34 წლის უკრაინელი პარტნიორი ქალის მკვლელობის მცდელობა, რომელიც მხოლოდ მსხვერპლის სპორტული მომზადების წყალობით არ დასრულდა ფატალურად.
გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ინციდენტი 14 დეკემბერს, ღამით, ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე ჯერ კიდევ ტელეფონით დაიწყო, სახლში დაბრუნებული კაცის აგრესია ფიზიკურ თავდასხმაში გადაიზარდა.
როგორც ირკვევა, ბრალდებულმა ქალის მოსაკლავად ორი სხვადასხვა თასმა გამოიყენა:
ჯერ საკუთარი სპორტული შარვლის თასმით სცადა ქალის დახრჩობა, შემდეგ კი ქალის ჰუდის თასმა გამოიყენა და მისი მოგუდვა განმეორებით სცადა.
34 წლის უკრაინელი ქალი, რომელიც საბრძოლო ხელოვნებით იყო დაკავებული, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მან ჩვენებაში განაცხადა, რომ თავდაცვის ილეთის წყალობით მოასწრო ხელის ჩაყოლება თასმასა და კისერს შორის, რითაც სასუნთქი გზების სრული ბლოკირება მოახერხა.
პოლიციამ ქალის სხეულზე, კერძოდ კი ყელისა და ხელის არეში, თასმით მიყენებული დაზიანების კვალი დააფიქსირა, რაც მის ჩვენებას ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს ორივე - ქალიც და მამაკაციც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
საქართველოს მოქალაქეს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ოჯახში ძალადობაში. საქმეს განსაკუთრებულ სიმძიმეს მატებს ის გარემოება, რომ თავდასხმა არასრულწლოვანის თანდასწრებით მოხდა - შინ იმყოფებოდა ქალის 14 წლის შვილი.
საქმის სხვა დეტალები:
პოლიციამ დაზარალებულ ქალს ტელეფონში სპეციალური "განგაშის ღილაკი" (Panic Button) დაუმონტაჟა, რათა საფრთხის შემთხვევაში დახმარება მომენტალურად გამოიძახოს. ქალმა და მისმა ვაჟმა უარი თქვეს სპეციალიზებულ თავშესაფარში გადასვლაზე და საკუთარ სახლში დარჩნენ.
44 წლის ქართველმა მამაკაცმა ადვოკატის მეშვეობით დრო ითხოვა დაცვის მოსამზადებლად, ის ამჟამად პატიმრობაში რჩება.
ბერძნული მართლმსაჯულებამ "ოჯახში ძალადობისა" და "ფემიციდის მცდელობის" მუხლები ბოლო წლებში მაქსიმალურად გაამკაცრა, დანაშაული განსაკუთრებით მძიმედ მიიჩნევა, როდესაც ის ბავშვის თვალწინ ხდება.