ავტორი:

“ხუთ დოკუმენტს ველით - მჯერა, რომ ძალიან ახლოს ვართ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებთან“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

“ხუთ დოკუმენტს ველით - მჯერა, რომ ძალიან ახლოს ვართ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებთან“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პოტენციურ შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად ხუთი დოკუმენტის მიღებას ელის, რომელთაგან ზოგიერთი იურიდიულად სავალდებულო იქნება, კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

  • უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„ხუთ დოკუმენტს ველით. მათი ნაწილი უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, იურიდიულად სავალდებულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხმა მისცა და დაამტკიცა შეერთებული შტატების კონგრესმა. სადაც მეხუთე შესწორება არსებობს, „როგორც ნატო-ში“. Article 5 mirror - ანუ, მეხუთე შესწორების სარკისებური ანარეკლი ალიანსის ყველა წევრისთვის. ამას კენჭს უყრის კონგრესი, ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები არსებობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების დეტალები სამხედროებთან განიხილეს.

„მჯერა, რომ ძალიან ახლოს ვართ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მეორე ბლოკია უკრაინის აღდგენა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენი დოკუმენტი მოიცავს ამ საკითხს.

„ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ფულზე და სპეციალური ფონდის შექმნაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს პირველად წამოჭრა ომის შედეგად სახლების დაკარგვის გამო იძულებით გადაადგილებული უკრაინელების დახმარების საკითხი.

„ეს დიდი თანხაა, ათობით მილიარდი დოლარი. ვფიქრობ, საბოლოოდ დაახლოებით 70-80 მილიარდი დოლარი იქნება. ჩვენ ეს საკითხი წამოვწიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელებმა ეს გაიგონ. საჭიროა შესაბამისი კომპენსაცია, რათა უკრაინელებს სურდეთ უკრაინაში ცხოვრება და ჰქონდეთ ეს შესაძლებლობები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ასევე ისაუბრა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის მიზნით თანხების მოზიდვის საკითხზე, რადგან ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტებზე მუშაობაში ჩართულია როგორც აშშ, ასევე ევროპა.

„ევროპელებთან ერთად დღეს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრეთ. ყველა ეს ნაბიჯი პირადად განვიხილეთ. ვფიქრობ, როდესაც დოკუმენტებზე მუშაობას დავასრულებთ ან საბოლოო ვერსიას მივუახლოვდებით, მას შევხვდებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეთანხმებებისკენ მიმავალი გზა ადვილი არ არის, რადგან ომი რთულია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ხანგრძლივი იქნება.

„ამერიკელებს სწრაფი დასრულება სურთ; ჩვენთვის ამ სისწრაფეში მნიშვნელოვანია ხარისხი. თუ სიჩქარე და ხარისხი ერთმანეთს დაემთხვევა, ორივე ხელის აწევით თანახმა ვართ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.