ავტორი:

“რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ, წინაპირობაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება“ - პაპუაშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე

“რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ, წინაპირობაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება“ - პაპუაშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე

“რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ. ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე, არის თუ არა ხელისუფლების სურვილი, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს.

პაპუაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციისთვის ქართული ხელისუფლების წინაპირობა ცნობილია.

„ჩვენ ვთქვით, რა არის საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები აღდგება იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღიარებული, ნორმალიზების გზა ეს არის. რუსეთის ფედერაციამ და ხელისუფლებამ კარგად იცის, ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობა რა არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ, ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

  • "მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში "ხურდა ფული“ არ გახდება", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ მედიას განუცხადა.

"რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მთავარია, რომ საქართველო ანტირუსულ თამაშებში "ხურდა ფული“ არ გახდეს“, - განაცხადა კალუგინმა.მისი თქმით, რუსეთი "საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის.

"თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და საგარეო საქმეებში მრავალვექტორიანი მიდგომისკენ მიდრეკილებას ავლენს“, - დასძინა მან. კერძოდ, კალუგინის თქმით, საქართველო არ შეუერთდა "ანტირუსული სანქციების კოალიციას“ და უარყო რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან ახვევდნენ თავს“.

"ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომელსაც ხელშესახებ სარგებელი მოაქვს“, - განაცხადა კალუგინმა.