ავტორი:

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები"

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები"

ორგანიზატორი: თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

ადგილი: კონსერვატორიის დიდი დარბაზი

თარიღი: 2 - 23 დეკემბერი, 2025

17 დეკემბერს 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" მეოთხე კონცერტი გაიმართება.

კამერულ საღამოს წარმოგიდგენთ ფესტივალის მასპინძელი, სამხატვრო ხელმძღვანელი, კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე და ფესტივალის მორიგი საპატიო სტუმარი, იტალიელი ვიოლონჩელისტი მარიო ბრუნელო.

პროგრამაშია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და სერგეი რახმანინოვის შედევრალური დუეტები ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის.

დარბაზის ფოიეში წარმოდგენილია ფერმწერ უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრები.

გიორგი ვაჩნაძე - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, საერთაშორისო აღიარების ქართველი პიანისტი, ეწევა აქტიურ საშემსრულებლო და აკადემიურ საქმიანობას. წარმატებით მართავს კონცერტებს აშშ-ში, კანადაში, ნიდერლანდებში, ფინეთში, იტალიაში, იაპონიაში, გერმანიაში, ტაივანში,

არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში. მონაწილობა აქვს მიღებული საერთაშორისო ფესტივალებში:

ზალცბურგის ფესტივალი, მაისის სამუსიკო ფესტივალი („Maggio Musicale Festival“), სტრეზას ფესტივალი („Stresa Festival“), გილმორის საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალი („Gilmore Piano Festival“), რავენას ფესტივალი („Ravenna Festival“), ჰოლივუდის ფესტივალი („Hollywood Bowl Festival“), რავინიას ფესტივალი („Ravinia Festival“), როტერდამის ფილარმონიის ფესტივალი („Rotterdam Philarmonic Festival“), თეთრი ღამეების ფესტივალი („White Nights Festival“), მიქელის ფესტივალი („Mikkeli Festival“); ლონდონის

ვიგმორისა („London Wigmore Hall“) და კოვენტ გარდენის („Covent Garden“), სტრავინსკისა და შოსტაკოვიჩის სახელობის ფესტივალები („Stravisnky and Shostakovich Festivals“) ვაშინგტონში, ვუდსტოკის ფესტივალი („Woodstock Festival“) ნიუ-იორკში, სტენფორდის სტრავინსკის სახელობის ფესტივალი („Stanford Stravinsky Festival“), წყნარი ოკეანის სიმფონიური მუსიკის რახმანინოვის სახელობის ფესტივალი („Pacific Symphony Rachmaninoff Festival“), ტაივანის ხელოვნების ფესტივალი („SYArts Festival“), მარიინსკის საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალი („Mariinsky Piano Festival“).

გიორგი ვაჩნაძე თავდაპირველად სწავლობდა № 9 სამუსიკო სკოლაში (ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი). მისი პირველი პედაგოგი იყო ლარისა ბახტაძე. სწავლა გააგრძელა ზ. ფალიაშვილის სახ. „ნიჭიერთა ათწლედში“ და შემდგომ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ ვანდა შიუკაშვილის კლასში. 1990 წლიდან აკადემიური მოღვაწეობა განაგრძნო ნიუ-იორკის მანესის მუსიკალურ კოლეჯში (Mannes College of Music in New York), არკადი არანოვის სტუდიაში. 1992 წელს შეუერთდა ამერიკაში მცხოვრები დიდი ქართველი პიანისტის ალექსანდრე (ლექსო) თორაძის

ახლად დაარსებულ სტუდიას ინდიანას უნივერსიტეტში (Indiana University South Bend). ლექსო თორაძესთან პროფესიულმა თანამშრომლობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა გიორგი ვაჩნაძის საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობის გზაზე. იგი მრავალი საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის (Palm Beach Invitational Competition (1998), World Piano Competition (1997), Alabama Competition 1996, Gina Bachauer Competition (1994)) გამარჯვებული და მონაწილეა.

პიანისტის დებიუტი შედგა 1997 წელს ედინბურგის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე სენსაციური გამოხმაურებებით და მიიღო გაზეთ „შოტლანდიის მაცნეს“ (Scottish Herald) მიერ დაწესებული „მაცნე ანგელოზის ჯილდო“ (Herald Angel Award). 1999 წელს გიორგი ვაჩნაძის გამოსვლას ნიუ-იორკში ლინკოლნ

ცენტრის Alice Tully Hall-ში კრიტიკოსი და მწერალი ფაუბიონ ბაუერსი ასე გამოეხმაურა: „ვაჩნაძე არის სრულყოფილი ხელოვანი, რომელიც ახლა საკუთარი ინტელექტუალური და მუსიკალური პოტენციალის მწვერვალშია. მისი შესაძლებლობები ფორტეპიანოსთან მიმართებით განუსაზღვრელია. მისი კონტროლის ქვეშ არის როგორც დელიკატური პიანიზიმი, ასევე ფართო დიაპაზონი… „

გიორგი ვაჩნაძეს შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებდა და აკავშირებს ცნობილ დირიჟორებთან: ჯანსუღ კახიძე, პაავო იარვი, ნორიჩიკა იმორი, ჯანანდრეა ნოზედა, ვალერი გერგიევი, ვლადიმერ ფედოსეევი, და სხვები.

აკადემიურ-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა დეპოლის (DePaul University), (2011-2024), მიჩიგანისა (Michigan State University), (2004-2011) და ინდიანას (Indiana University, (2002-2005) უნივერსიტეტებში.

ამჟამად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია. ატარებს მასტერკლასებს მსოფლიომასშტაბით სხვადასხვა სამუსიკო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ფესტივალებზე. იგი არის იტალიის „ლესას ვილლა სანდრას საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემიის“ (Villa Sandra International Piano Academy in Lesa (Lago Maggiore) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მის სტუდენტებს მოპოვებული აქვთ უმაღლესი ჯილდოები და პრიზები სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე მსოფლიოს მასშტაბით.

მარიო ბრუნელო, მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და მოთხოვნადი არტისტია. სოლისტი, კამერული მუსიკის შემსრულებელი და დირიჟორი, ჩელო პიკოლოს “პიონერია”. იგი პირველი ევროპელია, რომელმაც ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა (1986 წ.) უზადო მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მუსიკოსის მდიდარი რეპერტუარი მოიცავს, როგორც ადრეული ეპოქის მუსიკას, ისე თანამედროვე ნაწარმოებებს. უაღრესად ემოციური და მკვეთრად ინდივიდუალური საშემსრულებლო სტილის მქონე შემსრულებელი სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა ისეთ უდიდეს დირიჟორებთან, როგორებიცაა: ანტონიო პაპანო, მიონგ-ვუნ ჩუნგი, იური ტემირკანოვი, ზუბინ მეტა, ტონ კუპმანი, მანფრედ ჰონეკი, რიკარდო მუტი, დანიელე გატი, სეიჯი ოძავა, რიკარდო ჩაილი და კლაუდიო აბადო. იგი სისტემატურად მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ორკესტრთან; მათ შორისაა: ლონდონის სიმფონიური ორკესტრი, ლონდონის ფილარმონიული ორკესტრი, ლივერპულის ფილარმონიული ორკესტრი, ფილადელფიის ორკესტრი, სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრი, ტოკიოს NHK სიმფონიური ორკესტრი, სანტა ჩეჩილიას აკადემიის ორკესტრი, საფრანგეთის რადიოს ფილარმონიული ორკესტრი, მონტე-კარლოს ფილარმონიული ორკესტრი, ლა სკალას ფილარმონიული ორკესტრი, მიუნხენის ფილარმონიული ორკესტრი, ვენეციის ბაროკოს ორკესტრი და ა.შ.

ბრუნელო აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა, როგორც იტალიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; სისტემატურად იღებს მონაწილეობას მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ ფესტივალებში და უკრავს, პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მისი, უკანასკნელი დროის საკონცერტო ანგაჟემენტები მოიცავს კონცერტებს ლონდონში, ლისაბონში, ბარსელონაში, ამსტერდამში, ტოკიოში, ეინდჰოვენში, უტრეხტში, მილანში, ტურინსა და რომში. ბრუნელო უკრავს მე-17 საუკუნის დასაწყისში დამზადებულ ისტორიულ ინსტრუმენტზე (Maggini), რომელსაც, ბოლო წლებში, ოთხსიმიანი პიკოლო ჩელოც შეჰმატა. ეს უკანასკნელი ფართოდ გამოიყენებოდა ბაროკოს ეპოქაში, განსაკუთრებით კი იოჰან სებასტიან ბახის შემოქმედებაში - დაახლოებით ათ კანტატაშია გამოყენებული. ბრუნელოს ინსტრუმენტი შექმნილია ამატის მოდელის შთაგონებით და მისი ორიგინალი კრემონაში ინახება. მას აქვს ვიოლინოს ტიპური წყობა (E, A, D, G), თუმცა ერთი ოქტავით ქვევით, რაც მას უნარჩუნებს ჩელოსათვის დამახასიათებელ ღრმა, ხავერდოვან და მსუყე ჟღერადობას. მსგავსმა თავისებურებებმა ბრუნელო მონუსხა და ბიძგი მისცა რომ სიღრმისეულად შეესწავლა და დაინტერესებულიყო ბახის, ვივალდის, ტარტინისა და მათი თანამედროვეების სავიოლინო რეპერტუარის შედევრებით. ბრუნელოს ფართო და მრავალფეროვანი დისკოგრაფიიდან, ალბომების სრული უმრავლესობა საერთაშორისო კრიტიკოსების მაღალი შეფასებით სარგებლობს; ჩანაწერებს შორისაა: იოჰან სებასტიან ბახის სონატებისა და პარტიტების სრული ციკლი ჩელო პიკოლოსთვის, ბახის ექვსი სონატა ჩემბალოსა და ვიოლინოსთვის, ვაინბერგის ოთხი სონატა სოლო ჩელოსთვის და მრავალი სხვა. ნიშანდობლივია ბრუნელოს მჭიდრო თანამშრომლობა Kremerata Baltica-სა და გიდონ კრემერთან. სწორედ ამ კოლაბორაციის შედეგია ორი უნიკალური ჩანაწერი: ჯონ ტავენერის “The Protecting Veil”, რომელიც ჩაიწერა Lockenhaus ფესტივალზე და ალბომი Searching for Ludwig, რომელიც ეძღვნება ბეთჰოვენს და შეიქმნა 2020 წლის ნოემბერში. ეს ალბომი აერთიანებს კომპოზიტორის ორ კვარტეტს (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის) და ლეო ფერესა და ჯოვანი სოლიმას ბეთჰოვენის შთაგონებით შექმნილ ორ თანამედროვე ნაწარმოებს. მარიო ბრუნელო არის ფესტივალების Arte Sella და I Suoni delle Dolomiti სამხატვრო ხელმძღვანელი. აგრეთვე, 2020 წლიდან, იგი აგრძელებს ჯანანდრეა ნოზედას შემოქმედებით საქმიანობას და ხელმძღვანელობს ფესტივალს Stresa Festival.

მხარდამჭერები:

  • საქართველოს კულტურის სამინისტრო - მუდმივი მხარდამჭერი
  • ესპანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში;
  • იტალიის საელჩო საქართველოში;
  • სასტუმრო თბილისი მარიოტი
  • თიბისი ბანკი
  • მედია პარტნიორები:
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო ფორტუნა, რადიო პალიტრა, ამბები.ჯი, ბილბორდ ჯორჯია, yolo.ge.

R