ავტორი:

22 დეკემბერი - სოხუმის თეატრის გასტროლი ზუგდიდში

22 დეკემბერი - სოხუმის თეატრის გასტროლი ზუგდიდში

22 დეკემბერს, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრება. გასტროლის ფარგლებში, (მისამართზე ჯანაშიას ქ. N12), წარმოგიდგენთ მერაბ ყოლბაიას სპექტაკლს „იქ, ჩვენთან“ .

მერაბ ყოლბაია წარმოშობით აფხაზეთიდანაა, რომელიც სოხუმის თეატრში 1985 წლიდან მუშაობს. XX საუკუნის 90-იან წლებში ამ მხარეში დატრიალებული ტრაგედიისა და ცნობილი ისტორიული მოვლენების გამო, მას კოლეგებთან ერთად, მშობლიური კუთხის დატოვება მოუწია. მერაბ ყოლბაიას რეჟისორული ნამუშევრებია სპექტაკლები: „სხვა საქართველო სად არის?!“ , „ორეული“, „ვაჟიშვილი“. ხოლო „იქ, ჩვენთან“ მერაბ ყოლბაიას IV სპექტაკლია სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე.

აღნიშნული სპექტაკლი ერთმოქმედებიანი ფსიქოლოგიურ დრამაა. მოქმედება თანამედროვე დროს, აფხაზეთში ვითარდება. ერთ-ერთ შერეულ ოჯახს, სადაც ქმარი აფხაზია, ხოლო ცოლი - ქართველი, პატარა, საოჯახო სასტუმრო აქვს, რომელსაც არცთუ ისე ხშირად ჰყავს მდგმურები.

ენგურს მიღმა არსებულ სახლში, თავს იყრიან საოჯახო საქმეებით დაკავებული ინდივიდები, მდგმური, რუსულენოვანი მღვდელი და თბილისში ნასწავლი აფხაზი ექიმი. სპექტაკლის მსვლელობისას ამ ადამიანების ირგვლივ მოვლენები ძალიან საინტერესოდ, მძაფრად და მოულოდნელად ვითარდება, საიდანაც საბოლოო ჯამში, ნათლად იკვეთება თუ რა გარემოებების გამოა მოწყვეტილი ჩვენი ქვეყნისგან... აფხაზეთი.

რეჟისორი და ტექსტის ავტორი: მერაბ ყოლბაია

მხატვარი: ნინო ქუთელია

მუსიკალური გაფორმება: მერაბ ყოლბაია

რეჟისორის თანაშემწე: სვეტლანა გოგოხია

მონაწილეობენ: ნიკა ჭკადუა (საბი აჩბა), ედემი ხვიჩია (ნესტორ აჩბა), მარინა სოლომონია (ნინო), ჯულიეტა პაკელიანი (ანტისა), ლალიკო ღერკენაშვილი (ადელი), ლევან ლეჟავა (დაური), დავით ბერაძე (გარენი), მერაბ ყოლბაია (ეგორი).

დასაწყისი: 18:00 სთ.

ბილეთები იყიდება ონლაინ: https://tkt.ge/show/30959

R