აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა BBC-ის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელი შეიტანა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
საჩივარი მაუწყებლის მიერ ტრამპის 2021 წელს წარმოთქმული სიტყვის რედაქტირებას ეხება, როდესაც მისმა მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმის შენობა შტურმით აიღეს.
აშშ-ის პრეზიდენტი ცილისწამების შესახებ სარჩელის ფარგლებში მინიმუმ 5 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.
მან ასევე 5 მილიარდი დოლარის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევისთვის.
ორივე სარჩელი ფლორიდის სასამართლოშია შეტანილი.
"მალე იხილავთ, როგორ ვუჩივლებ BBC-ის ჩემთვის “სიტყვების ჩადების გამო”. პირდაპირი მნიშვნელობით - მათ "სიტყვები ჩამიდეს“, მათქმევინეს ისეთი რამ, რაც არასდროს მითქვამს“, - აღნიშნა ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ BBC-ის დოკუმენტურმა ფილმმა Panorama-მ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის რედაქტირებით მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. დონალდ ტრამპს კორპორაციის სახელით ბოდიში მოუხადა BBC-ის ხელმძღვანელმა, სამირ შაჰმა.
მანამდე, გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა BBC-ის შიდა მემორანდუმის დეტალები, რომელშიც ნათქვამია, რომ Panorama-ს პროგრამამ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად დაამონტაჟა, რათა ისე წარმოჩენილიყო, რომ მან 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე მომხდარი არეულობა წაახალისა.