მოსკოვის ოლქში, ოდინცოვოს რაიონის სოფელ გორკი-2-ში მდებარე სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 15 წლის მოზარდმა, რომელიც ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა, შენობაში წიწაკის სპრეი გააფრქვია, რის შემდეგაც დანით დაჭრა დაცვის თანამშრომელი და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 10 წლის მოსწავლეს.

რა მოხდა სკოლაში?
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა სამშაბათს, დილის 09:00 საათზე, გაკვეთილების დაწყებისთანავე მოხდა. მოზარდი, სახელად ტიმოფეი, სკოლის შენობაში ცივი იარაღითა და წიწაკის სპრეით შევიდა.
თავდამსხმელმა თავდაპირველად სპრეი დაცვის თანამშრომლის წინააღმდეგ გამოიყენა, შემდეგ კი დანით დაჭრა. ამასობაში, მეოთხე კლასის მოსწავლე, რომელიც თავის კლასს ჩამორჩა, პანიკამ მოიცვა და კიბეებზე გაიქცა. თავდამსხმელი მას დაედევნა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ტრაგედიას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ დაღუპული ბავშვის დედა ამავე სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. მან შვილის ცხედარი უკვე ამოიცნო. ბავშვი სკოლაში ტყუპისცალ ძმასთან ერთად სწავლობდა.
პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა. მოზარდი დანაშაულს აღიარებს.
შემზარავი კადრები და ნამდვილი სამიზნე
გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოზარდი მომხდარს ტელეფონით თავადვე იღებდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ის ბავშვების ჯგუფს და ეკითხება მათ ეროვნებას.
კიდევ ერთ ვიდეოში ის კონკრეტულ მასწავლებელს ეძებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი მთავარი სამიზნე მათემატიკის 29 წლის მასწავლებელი იყო, რომელიც მას დაბალი ნიშნებისა და ცუდი ყოფაქცევის გამო ხშირად საყვედურობდა. სწორედ ამიტომ ეძებდა ის პედაგოგს დაწყებითი კლასების ფრთაში. სკოლის თანამშრომლის მცდელობაზე, შეეჩერებინა ის, მოზარდი პასუხობს: "სულერთია, მაინც სამუდამო პატიმრობა მელოდება".

ვინ არის თავდამსხმელი?
დაკავებისას 15 წლის ტიმოფეის სამედიცინო ნიღაბი ეკეთა და ეცვა მაისური წარწერით: "No lives matter" (არცერთი სიცოცხლე არ არის მნიშვნელოვანი).
თანაკლასელების თქმით, ბოლო რამდენიმე კვირა ის სკოლაში არ დადიოდა.
გატაცებული იყო იარაღითა და სამხედრო თემატიკით, ხშირად "ხუმრობდა ნაცისტებზე". ირკვევა, რომ ის თავდასხმას რამდენიმე დღე გეგმავდა და კლასის საერთო ჩატში მუქარის შემცველ შეტყობინებებსაც აგზავნიდა, თუმცა თანატოლები ამას სერიოზულად არ აღიქვამდნენ და დასცინოდნენ.
დაკითხვაზე იმყოფება მოზარდის მამაც, რომელიც აცხადებს, რომ შვილის გეგმების შესახებ არაფერი იცოდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა სკოლაში
სამართალდამცავებმა მოზარდის სამალავში აღმოაჩინეს ნივთი, რომელიც ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას ჰგავს. ამ დროისთვის სკოლის შენობაში გამნაღმველები მუშაობენ. მოსწავლეების ნაწილი ევაკუირებულია და ახლომდებარე ახალგაზრდობის ცენტრში იმყოფება.