ავტორი:

"ომის ჩრდილი უკვე აკაკუნებს ევროპის კარზე და ის შეიძლება, უფრო ფართომასშტაბიანი იყოს... მზად იყავით, რომ თქვენს შვილებს ომში გაგზავნიან" - ბრიტანელი მაღალჩინოსნები

"ომის ჩრდილი უკვე აკაკუნებს ევროპის კარზე და ის შეიძლება, უფრო ფართომასშტაბიანი იყოს... მზად იყავით, რომ თქვენს შვილებს ომში გაგზავნიან" - ბრიტანელი მაღალჩინოსნები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსის, ავიაციის მთავარი მარშალის სერ რიჩარდ ნაითონის თქმით, ქვეყნის დასაცავად იარაღის ხელში აღებისთვის “მეტი ადამიანი“ უნდა იყოს მზად.

  • ნაითონის განმარტებით "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე პირდაპირი თავდასხმის ალბათობა ამ ეტაპზე მცირეა, ეს “ნულის ტოლ შანსს არ ნიშნავს".

სერ რიჩარდმა სკოლებს მოუწოდა, ბავშვები იარაღის წარმოებისა და თავდაცვის ინდუსტრიაში დასაქმებისკენ წაახალისონ და აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო მეტმა ბრიტანულმა ოჯახმა "გაიგოს, თუ რას ნიშნავს ჩვენი ერისთვის მსხვერპლის გაღება".

"ყოველდღიურად დიდი ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან კიბერშეტევების ქარიშხალს განიცდის და ვიცით, რომ რუსი აგენტები ცდილობენ საბოტაჟი განახორციელონ ჩვენს მიწაზე, იქ სადაც მათ უკვე მკვლელობებიც ჩაიდინეს. ამასთან ერთად სწრაფად იზრდება რუსეთის სამხედრო ძალაც, გაზრდილი თავდაცვითი ხარჯებისა და უკრაინაში მიღებული გამოცდილების შედეგად, მას მასშტაბური, სულ უფრო ტექნიკურად დახვეწილი და მაღალი საბრძოლო გამოცდილების მქონე არმია ჰყავს, ამიტომ ევროპაში მზარდად სახიფათო ვითარებაზე პასუხის გასაცემად საჭიროა მთელი საზოგადოების ჩართულობა, რაც პირველ რიგში ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი უნდა იყოს მზად საკუთარი ქვეყნისთვის საბრძოლველად" - განაცხადა სერ რიჩარდ ნაითონმა ორშაბათს ვესტმინსტერში გამოსვლისას და დაამატა, რომ აღნიშნული მოწოდება მხოლოდ რეგულარულ ჯარებს არ ეხებოდა და საჭირო იყო რეზერვისტებისა და კადეტების რაოდენობის ზრდა, ასევე თავდაცვის ინდუსტრიაში კერძო ინვესტიციების პროცესის დაჩქარება, რისი ტემპიც მისი თქმით, ნელა მიმდინარეობს.

  • რიჩარდ ნაითონმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ იწინასწარმეტყველა, რომ ვლადიმირ პუტინის შემდეგი სამიზნე ევროპა იქნებოდა.

რუტემ ნატოს წევრ ქვეყნებს, მათ შორის ბრიტანეთს, მოუწოდა "საომარ რეჟიმის აზროვნებაზე" გადასულიყვნენ და გააფრთხილა დასავლეთი, რომ ამჟამად ძალიან ბევრი ქვეყანა "ჩუმ თვითკმაყოფილებაშია ჩაფლული".

ამავე დროს კიდევ ერთი საგანგაშო განცხადება ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ალ კარლსენმაც გააკეთა, მისი თქმით "ომის ჩრდილი უკვე აკაკუნებს ევროპის კარზე და ის შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი და სისხლიანი კონფლიქტი იყოს, ვიდრე ყველაფერი ის, რაც ბოლო წლებში დასავლეთს ჰქონია".

სერ რიჩარდ ნაითონის განცხადება MI6-ის ახალი ხელმძღვანელის მსგავს გაფრთხილებას დაემთხვა. ბლეიზ მეტრეველის თქმით, "ბრიტანეთი გაურკვევლობის ეპოქაში იმყოფება, რადგან "ექსპანსიონისტური" რუსეთი ახალი ტიპის ომს აწარმოებს და ცდილობს "ქაოსი“ ექსპორტზე გაიტანოს.

MI6-ის შტაბ-ბინაში გამოსვლისას, MI6-ის ისტორიაში პირველმა ქალმა ხელმძღვანელმა რუსეთის ლიდერს უკრაინაში ომთან დაკავშირებული მოლაპარაკებების “განზრახ გაჭიანურებაში“ დასდო ბრალი.

ეს გაფრთხილება იმ დიპლომატიური შეხვედრების ფონზე გაკეთდა, რომლებიც რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმით დაწყებული თითქმის ოთხწლიან ომს დასრულებას ისახავს მიზნად.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: