გუშინ, სოციალურ ქსელში, „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის“ გვერდზე გავრცელებულმა კადრებმა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება მცირეწლოვანი ბავშვი ველოსიპედით, რომელზეც თოკით ძაღლია მიბმული, საზოგადოების მკვეთრი პროტესტი გამოიწვია. ვიდეო თავდაპირველად ბავშვის დედამ "იუმორით" გამოაქვეყნა, თუმცა კრიტიკის ტალღის შემდეგ მან პოსტი წაშალა და სოციალურ ქსელში ვინაობა დამალა.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართა „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის“ წარმომადგენელმა, თიკო კვალიაშვილმა. Ambebi.ge თიკო კვალიაშვილს ესაუბრა:
- თიკო, კადრები, რომლებიც ვიხილეთ, მართლაც მძიმეა. როგორ აღმოაჩინეთ ეს ვიდეო?
- ეს კადრები სრულიად შემთხვევით, ბავშვის დედის პირად პროფილზე იპოვეს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სანამ ჩვენს გვერდზე არ გავავრცელეთ ინფორმაცია ცხოველზე ძალადობის შესახებ, კომენტარებში მას არავინ აკრიტიკებდა. როგორც კი საზოგადოებამ სიმართლე დაინახა, დედამ ფეისბუქზე სახელი და გვარი შეიცვალა, კედელი ჩაკეტა და ვიდეოები დამალა.
- თუ გქონდათ მასთან კომუნიკაციის მცდელობა?
- არა, მას კონტაქტზე გამოსვლის მცდელობა არ ჰქონია. მე გუშინ უკვე ვიყავი პოლიციაში და დავწერე საჩივარი ამ ოჯახის წინააღმდეგ. როგორც გავარკვიეთ, ოჯახი ოზურგეთიდან არის.
- რა იყო თქვენი მთავარი მოთხოვნა პოლიციაში და როგორ შეხვდნენ თქვენს საჩივარს?
- პოლიციას პირველ რიგში ვუთხარი, რომ ჩემი მიზანი ბავშვის უსაფრთხოებაა. ასეთ გარემოში მოზარდის აღზრდა საფრთხის შემცველია. როდესაც არასრულწლოვანს ძალადობას აჩვევ და ეუბნები, რომ სუსტის დაჩაგვრა ნორმაა, ეს თავად ბავშვზე განხორციელებული ძალადობაა. ვითხოვ, მშობლებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა ძალადობის წახალისებაზე, ჩაერთოს სოციალური სამსახური და ოჯახს განარიდონ ცხოველი.
- ცხოველის მდგომარეობაზე თუ გაქვთ ინფორმაცია?
- ადამიანმა, რომელმაც ეს კადრები მომაწოდა, ოჯახს იცნობს, თუმცა მის ვინაობას უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ. დღემდე არ ვიცით, ეს ძაღლი ცოცხალია თუ არა, ამის გარკვევას ამ წუთამდე ვცდილობთ.
- იყო თუ არა მცდელობა მომხდარის გამართლების?
- კი, იყვნენ ადამიანები, რომლებიც პოსტზე "შემოვარდნენ" და გვამუნათებდნენ - თურმე ეს ქალი გმირია, რადგან ქვეყანას სამი ვაჟი აჩუქა და ჩვენ ტყუილად გამოვხატავთ აგრესიას. ჩემი ინფორმაციით, ოჯახში სამი შვილია: 16, 9 და 4 წლის ვაჟები. ზუსტად არ ვიცით, რომელი მათგანი იჯდა ველოსიპედზე.
- რა ეტაპზეა ახლა საქმის წარმოება?
მითხრეს, რომ საჩივარს ოზურგეთის პოლიციას გადაუგზავნიდნენ. ჯერჯერობით სხვა სიახლე არ მაქვს.
ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება უკვე მიმდინარეობს.