ავტორი:

ვინ არის 28 წლის ნინო კახნიაშვილი, რომელზეც რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა - რას ედავება ოკუპანტი ქვეყანა ქართველ მებრძოლს?

ვინ არის 28 წლის ნინო კახნიაშვილი, რომელზეც რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა - რას ედავება ოკუპანტი ქვეყანა ქართველ მებრძოლს?

ოკუპანტი რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ და ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, 28 წლის ნინო კახნიაშვილი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. ოკუპანტი ქვეყანა ქართველ მოხალისეს "შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობას“ ედავება.

  • რას წერს რუსული პროპაგანდა?

რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნინო კახნიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლით აღიძრა.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით:

  • ნინო კახნიაშვილი უკრაინაში 2022 წლის აპრილში ჩავიდა და "ქართულ ეროვნულ ლეგიონს" შეუერთდა.
  • მან გაიარა სპეციალური სამხედრო მომზადება და 2022 წლის სექტემბრამდე დონეცკის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.
  • რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინულმა სარდლობამ ქართველი მებრძოლების წინა ხაზზე აქტიურად გამოყენება გადაწყვიტა, კახნიაშვილმა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა 2023 წლის გაზაფხულზე ისევ ფრონტზე დაბრუნდა.
  • ბრალდებები და "სასჯელი"

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ქართველმა მებრძოლმა "დაქირავებული საქმიანობისთვის“ გასამრჯელოს სახით 2 მილიონ რუბლზე მეტი მიიღო. მათივე განცხადებით, კახნიაშვილი 2025 წლის ივნისამდე აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში.

ამ დროისთვის, ოკუპირებულ დონეცკში ქართველ მებრძოლს დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა და საქმე "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში" გადაიგზავნა არსებითად განსახილველად.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინის მხარეს მებრძოლ ყველა უცხოელ მოხალისეს, მათ შორის ქართველებს, „დაქირავებულ მებრძოლებად“ მოიხსენიებს, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა, რადგან მოხალისეები უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური სტრუქტურების შემადგენლობაში იბრძვიან.

ნინო კახნიაშვილი ერთ-ერთია იმ მრავალ ქართველს შორის, რომელთა წინააღმდეგაც აგრესორმა რუსეთმა ბოლო პერიოდში სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და ძებნა გამოაცხადა.