სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა ჩვენ გვაქვს უმკაცრესი პოლიტიკა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან - ვისაც ამნისტიის საფუძველზე ეპატიათ, ისინი სრულად არ თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეჩერებული მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.
"სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა ჩვენ გვაქვს უმკაცრესი პოლიტიკა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან და ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ის ცვლილებები, რომელიც ამავე აქტშია. ამ ცვლილებებით უქმდება ყველანაირი საშეღავათო სისტემა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭე ალკოჰოლური ზემოქმედების დროს მართა. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა მოლოდინი, რომ მაგალითად, 3 თვის გასვლის შემდეგ მოითხოვდა და აღიდგენდა მართვის მოწმობას - ეს მექანიზმი აღარ იარსებებს. ასევე, ვისაც ამნისტიის საფუძველზე ეპატიათ, ისინი სრულად არ თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან. კერძოდ, ჯარიმა თუ აქვთ დაკისრებული, გადასახდელი ექნებათ. ასევე, ითვლებიან სახდელ დადებულებად და ერთი წლის განმავლობაში თუ განმეორებით ჩაიდენენ იმავე ქმედებას, დაკვალიფიცირდება როგორც განმეორება და არა როგორც პირველად ჩადენილი ქმედება. განმეორების შემთხვევაში უფრო მკაცრი სახდელებია.
სახელმწიფოს მკაცრი მიდგომა აქვს, მაგრამ ერთი მხრივ, დამატებითი შანსი მიეცათ ამ ადამიანებს, თუმცა თუ გაიმეორებენ, უმკაცრესი იქნება სახელმწიფო. თუ ამ ქმედებას მეორედ ჩაიდენენ, ისინი დაისჯებიან განმეორებითი ჩადენისთვის და აღარ შეეხებათ, ბოლომდე მოუწევთ კანონით გათვალისწინებული სახდელის მოხდა”, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
წაიკითხეთ ასევე: