ავტორი:

"ერთმა გასროლამ დაარღვია ის, რასაც ოჯახი ჰქვია" - გივი ჩუგუაშვილი და პატარა მსახიობები გიორგი ოვაშვილის ახალ ფილმზე, რომლის პრემიერა ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა

"ერთმა გასროლამ დაარღვია ის, რასაც ოჯახი ჰქვია" - გივი ჩუგუაშვილი და პატარა მსახიობები გიორგი ოვაშვილის ახალ ფილმზე, რომლის პრემიერა ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა

ქართული კინოსთვის 2025 წელი წარმატებით დასრულდა, რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის, "მთვარე მამაა ჩემი" ("The Moon Is a Father of Mine“), მსოფლიო პრემიერა ტალინის "შავი ღამეების“(Tallinn Black Nights Film Festival - PÖFF) კინოფესტივალზე შედგა, რომელიც A კლასის საერთაშორისო ფესტივალია და ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული კინოკონკურსად მიიჩნევა. წელს "შავი ღამეების“ კინოფესტივალზე 80 ქვეყნის, 1900-ზე მეტი ფილმი იყო წარდგენილი, რომელთაგანაც ჟიურიმ მთავარ კონკურსში მხოლოდ 17 საუკეთესო შეარჩია, სწორედ მათ შორის მოხვდა გიორგი ოვაშვილის "The Moon Is a Father of Mine“.

პროგნოზების თანახმად, ფილმს დიდი წარმატება ელოდება, კრიტიკოსები კი მას მნიშვნელოვან სტილისტურ და სიღრმისეულ ნამუშევრად აფასებენ. "სიმინდის კუნძულის“, "გაღმა ნაპირის“ და "ხიბულას“ შემქმნელი, გიორგი ოვაშვილი, ახალ ფილმშიც საკუთარი ხელწერის ერთგული რჩება: დრამატული დუმილითა და მინიმალისტური დიალოგებით გადმოცემული განცდებით.

"The Moon Is a Father of Mine“ ჰყვება ამბავს მამობის, პასუხგაუცემლობისა და დანაკარგის შესახებ, სადაც მთვარე არა მხოლოდ ციური სხეული, არამედ დაკარგული ურთიერთობების, უხილავი ტკივილისა და ჩუმი სევდის სიმბოლოა. ეს არის ისტორია ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი ემოციებისა თუ წარსულის ფონზე, გადარჩენას და სიბნელეში სინათლის პოვნას ცდილობენ.

გიორგი ოვაშვილი ცნობილია მშვიდი, ზუსტი კინემატოგრაფიული ენით, რომელიც ხშირად ბავშვის თვალით დანახულ რეალობას ეყრდნობა. მისი ფილმები ემოციის, მოგონებებისა და დროის შერწყმაა, რაც ხანგრძლივ და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს.

ტალინში, ფილმის მსოფლიო პრემიერას თითქმის სრული სამსახიობო შემადგენლობა ესწრებოდა. ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი გივი ჩუგუაშვილი.

კრიტიკოსებმა მისი შესრულებას მაღალი შეფასება მისცეს და აღნიშნეს, რომ მისი პერსონაჟი ერთდროულად უხეში და ნაზია. მისი თქმით, რუს გამოც ფილმში თამაშს დათანხმდა რეჟისორი გიორგი ოვაშვილი და მისი შემოქმედება იყო.

გივი ჩუგუაშვილი:

- ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო რეჟისორია. მთავარი ის არის, რომ ყოველთვის იცის, რას აკეთებს.

- "ემოციურად ზუსტი მინიმალიზმი“ - ხშირად ასე აფასებენ გიორგი ოვაშვილის სტილს. რამდენად გრძნობდით მის ამ ხედვას გადასაღებ მოედანზე?

- ამ ფილმში ზუსტად ჩემი როლი, თამაშის მხრივ, ემოციურად მართლაც მინიმალიზმამდეა დაყვანილი. იმდენად, რომ ერთ-ერთმა ჟიურის წევრმა ამას ხაზგასმით დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.

- როგორ იქმნება ნდობა რეჟისორსა და მსახიობს შორის, როცა თითოეული სცენა სიღრმესაც მოითხოვს და ზომიერების შენარჩუნებასაც?

- ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემოქმედების მხრივ. თუ რეჟისორს და მსახიობს შორის ის უხილავი ძაფები ზუსტად არ აკავშირებთ ერთმანეთს, იქ ყველაფერი წყალში ჩაიყრება. გადაღების დაწყებამდე ერთმანეთთან საერთო ენის მოძებნაა საჭირო, რათა შემოქმედებით პროცესში სირთულეს აღარ წარმოადგენდეს ესა თუ ის ეპიზოდი. ამასთან ერთად, კინო ვერ იტანს გადაღების პროცესში ძალიან ბევრჯერ გამეორებას, რადგან როლი თუ ეპიზოდი უტრირებული არ გამოვიდეს.

- თქვენი პერსონაჟისთვის რთულია, ერთდროულად იყოს უხეში და ნაზი. როგორ იპოვეთ ბალანსი ამ ორ პოლუსს შორის?

- თუ მიყვები, როგორ ვითარდება ესა თუ ის ეპიზოდი და მყარი ლოგიკით გაქვს შენს გონებაში გამყარებული, მაშინ ყველაფერი თავისთავად მძივივით აეწყობა და ბალანსიც არ დაირღვევა.

- ფილმში თქვენი პერსონაჟის ფსიქოლოგიური დატვირთვა მძიმეა. როგორ ინარჩუნებდით ემოციურ დისტანციას გმირსა და თქვენს შორის, ხომ არ მოახდინა "მამის“ ტკივილმა თქვენს ყოველდღიურობაზე ზეგავლენა?

- არის ზოგჯერ გმირსა და რეალურ პიროვნებას (მსახიობს) შორის საერთო პრობლემა, მაგრამ ამ საერთო პრობლემამ შეიძლება მსახიობს ხელიც კი შეუშალოს. ამიტომ აქ ძალიან სიფრთხილეა საჭირო, უტრირებული არ გამოვიდეს და ზომიერება არ დაიკარგოს.

- რა მნიშვნელობა აქვს ამ ფილმის გზავნილს თანამედროვე სამყაროში?

- თანამედროვე სამყარო დღესდღეობით ძალიან გართულდა და სამყაროსთან ერთად ოჯახში ურთიერთობებიც. ამ ფილმშიც, ერთმა შემთხვევითმა გასროლამ დაარღვია ის, რასაც ოჯახი ჰქვია. მსხვერპლის არასწორმა საქციელმა ყველაფერი გაანადგურა.

- გვიამბეთ PÖFF-ის ფესტივალზე, რა ხდებოდა ტალინის სცენასა და კულისებში?

- PÖFF-ი იყო დიდი ზეიმი, ეს მსოფლიო მნიშვნელობის ფესტივალია. ბევრი ღიმილი, ბევრი სიხარული, თბილი ურთიერთობა და რაც მთავარია, თავისუფლება ყოველგვარი კომპლექსის გარეშე. გრძნობ, რომ გიხარია, რა? არ იცი რა, უბრალოდ გიხარია და ხვდები, რომ სწორედ ეს არის ევროპა - ბ ე ვ რ ი ს ი ხ ა რ უ ლ ი !!!

  • ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, თომას როლის შემსრულებელი, 12 წლის გიორგი გიგაური ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანიდანაა. მისი გზა დიდი კინოსკენ რეჟისორის წყალობით დაიწყო, რომელიც ლოკაციებს არჩევდა.

გიორგი გიგაური:

- ბატონი გიორგი ოვაშვილი ფილმისთვის ლოკაციებს არჩევდა და ჩვენს სოფელშიც ჩამოვიდა. იქ მნახა და ჩემს ოჯახს სთხოვა, თბილისში კასტინგზე ჩავსულიყავი. როცა მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი მომენტი იყო.

- რადგან ეს თქვენი პირველი კინოროლია, რა იყო ყველაზე რთული?

- გადასაღებ მოედანზე ყველაფერი ახალი იყო, ძალიან ვნერვიულობდი და თავიდან არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ჩემი გმირი, თომა, უშიშარია და სიყვარულისთვის იბრძვის. მისი ემოციების გადმოცემა, ჟანრიდან გამომდინარე, საკმაოდ გამიჭირდა. არის ერთი სცენა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება - მომენტი, როდესაც ვიგებ, რომ შემთხვევით მამა (გივი ჩუგუაშვილი პერსონაჟი) მოვკალი. ეს ჩემთვის ყველაზე რთული ეპიზოდი იყო. თუმცა ბატონი გიორგი ოვაშვილი გადაღებების პროცესში ძალიან მეხმარებოდა, მუდმივად მაძლევდა სტიმულს და მიმართულებას.

- როგორი იყო მუშაობა გივი ჩუგუაშვილთან?

- ფილმში მონაწილეობა ბატონ გივისთან ერთად ძალიან მომეწონა. საოცრად კეთილი ადამიანი და შესანიშნავი მსახიობია. გადაღებებზე ყოველთვის მამაშვილურ რჩევებს მაძლევდა, რომ როლი კარგად მომერგო საკუთარ თავზე.

- რას გეგმავთ მომავალში?

ეს პროექტი ჩემთვის უზარმაზარი გამოცდილება იყო. ძალიან მინდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სამსახიობო კარიერა გავაგრძელო. მსახიობობა ჩემი ოცნება გახდა.

  • ფილმის კიდევ ერთი პატარა მონაწილეა, 10 წლის მარიამ ჩაგუნავა, რომელიც თომას თანაკლასელ ანანას როლს ასრულებს. მარიამი მართალია მსახიობობაზე არ ოცნებობდა, მაგრამ მისი სახე გიორგი ოვაშვილის ბოლო ეკრანიზაციის ნამდვილი მარგალიტი გახდა.

მარიამ ჩაგუნავა:

- კასტინგის შესახებ მეგობრისგან გავიგე, ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა ფილმების გადაღების პროცესი, ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ იქ ბევრი ბავშვი დამხვდა და ძალიან ვიხალისეთ.

- გვიამბეთ თქვენს გმირზე, ანანაზე...

- ჩემს გმირს ფილმში ანანა ჰქვია. ეს პერსონაჟი ბევრ ეპიზოდში არ არის, მაგრამ ანანაზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მშვიდი და ჩაკეტილია. გადაღებების შემდეგ ყველა ერთად ვმხიარულობდით და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა მსახიობობას, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო მოგზაურობა ქალაქ ტალინში და PÖFF-ის საერთაშორისო ფესტივალზე ყოფნა.

  • "The Moon Is a Father of Mine“ ქართული პრემიერა ჯერ არ შემდგარა. ფილმი 2026 წელს დაგეგმილ კინო ფესტივალებზეც წარდგება.

ავტორი: ანა კობაიძე