ინგლისში, 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მოზარდი დააკავა. არია ტორპი, საკუთარ სახლში, დანით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. პოლიცია ვესტონ-სუპერ-მერში მდებარე სახლში ორშაბათს, საღამოს 6 საათის შემდეგ გამოიძახეს.
დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, ვორლის რკინიგზის სადგურთან, შემთხვევის ადგილიდან ნახევარ მილზე ნაკლებ მანძილზე, მოზარდი ბიჭი დააკავეს. იგი ამჟამად პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
მიმდინარეობს გამოძიება, ჩატარდება გვამის ექსპერტიზა.

ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ მომხდარით "შოკირებულები“ და „შეშინებულები“ არიან.

"ამდენი პოლიციელი ერთად არასდროს მინახავს, სასწრაფო დახმარების მანქანები და შეიარაღებული პოლიციელები. იმის წარმოდგენაც კი, რომ ეს ჩვენს კართანაა... საშინელებაა, საშინელება, აბსოლუტური საშინელება" - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მედიასთან საუბრისას.

"არია საყვარელი პატარა გოგონა იყო. ის და ჩემი ქალიშვილი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ყოველთვის ერთად თამაშობდნენ. მოლიმ იცოდა, რომ გუშინ ღამით არიას სახლში რაღაც მოხდა, ამიტომ ბებიასთან გავგზავნეთ. როგორ უნდა უთხრა რვა წლის გოგონას, რომ მისი საუკეთესო მეგობარი მოკლეს?“- ამბობს 40 წლის ტამარა ტეილორი.