UFC-ის ორგზის ჩემპიონის, ილია თოფურიას გარშემო ატეხილ სკანდალს, რის გამოც სპორტსმენმა 2026 წლის პირველ კვარტალში ჩანიშნული ტიტულის დაცვის ბრძოლა გააუქმა, მისი ოჯახის წევრები ეხმაურებიან. მას შემდეგ, რაც თოფურიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას ამცნო, რომ ის შანტაჟისა და გამოძალვის მსხვერპლია, პირველი საჯარო მხარდაჭერა მას დედამ, ინგა თოფურიამ გამოუცხადა.
ინგა თოფურიას კომენტარმა, რომელიც მან შვილის პოსტის ქვეშ დატოვა, სოციალური ქსელის მომხმარებლები ააღელვა. ის ხაზს უსვამს ილიას ჰუმანურობას და აღნიშნავს, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს:
"ყველაზე საუკეთესო შვილი, ყველაზე ჰუმანური ადამიანი, ვისაც ვიცნობ. მხოლოდ უფალმა იცის, თუ რამდენი ადამიანის ბედია შენზე დამოკიდებული და რამდენს შრომობ ამისთვის. ყველაფერი კარგად იქნება და რაც მთავარია შენ ვერავინ წაგართმევს სიმშვიდეს. უფალმა დაგლოცოს შვილო...“
დედის ემოციურ მიმართვას მალევე მოჰყვა გულშემატკივრების გამოხმაურება. კომენტარებში ადამიანები აღფრთოვანებას გამოხატავენ თოფურიების ოჯახის ერთიანობით:
"მთლიანად მაგარი ოჯახი ხართ, შენ გაგიმარჯოს ასეთი შვილის აღზრდისთვის! უდიდესი პატივისცემა თქვენ".
"დედის დალოცვაზე ტკბილი არაფერია. დალოცვილი იყოს თქვენი დიდი ოჯახი".
"უფალი არ დაუშვებს უსამართლობას, მჯერა, რომ თქვენი ღირსეული ოჯახი გაიმარჯვებს, როგორც ყოველთვის".
მხარდაჭერას უცხადებენ ესპანელი გულშემატკივრებიც: "ჩვენ შენთან ვართ, ილია! მუქარა და ამ თემებით თამაში დაუშვებელია. სიმართლე ყოველთვის იპოვის გზას,“ - წერენ გამომწერები.
შეგახსენებთ, რომ საქმე შეეხება ინფორმაციას, ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ, რომელიც ორი თვის წინ გავრცელდა.
უამრავი სპეკულაციისა და სკანდალური ჭორების ფონზე, თოფურიამ ოფიციალური განცხადება მხოლოდ ორი დღის წინ გამოაქვეყნა. სპორტსმენის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ფინანსურ გამოძალვას ოჯახურ ძალადობაზე ცრუ ბრალდებების გავრცელების მუქარით. ჩემპიონმა განმარტა, რომ მას აქვს ყველა მტკიცებულება - აუდიო ჩანაწერები, ვიდეო მასალა და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გადასცა სამართალდამცავ ორგანოებს.
თოფურიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქამდე დუმდა მხოლოდ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ახლა გადაწყვიტა სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლოს, რათა დაამტკიცოს, რომ შანტაჟსა და მანიპულაციას არავინ უნდა შეეგუოს.
იხილეთ ასევე: