ავტორი:

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი - "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები"

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი - "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები"

ორგანიზატორი: თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

ადგილი: კონსერვატორიის დიდი დარბაზი

თარიღი: 2 - 23 დეკემბერი, 2025

20 დეკემბერს 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები"

მეხუთე კონცერტი გაიმართება.

კამერულi მუსიკის კიდევ ერთ დაუვიწყარ საღამოს წარმოგიდგენთ ფესტივალის სტუმარი, იტალიელი ვიოლონჩელისტი მარიო ბრუნელო. რომელიც ასევე დირიჟორობას გაუწევს თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს - „საქართველოს სინფონიეტას“.

პროგრამაშია: ფრანც შუბერტი - უვერტიურა D8, დო მინორი (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის) და სონატა ლა მინორში “Arpeggione” (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის)

ასევე პოლონური წარმოშობის მე-20 საუკუნის კომპოზიტორის მიჩესლავ ვაინბერგის ნაწარმოებები: კონცერტინო ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, თხზ.43bis და სინფონიეტა N2, თხზ.74 სიმებიანი ორკესტრისა და ტიმპანისათვის.

დარბაზის ფოიეში წარმოდგენილია ფერმწერ უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრები.

მარიო ბრუნელო, მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და მოთხოვნადი არტისტია. სოლისტი, კამერული მუსიკის შემსრულებელი და დირიჟორი, ჩელო პიკოლოს “პიონერია”. იგი პირველი ევროპელია, რომელმაც ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა (1986 წ.) უზადო მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მუსიკოსის მდიდარი რეპერტუარი მოიცავს, როგორც ადრეული ეპოქის მუსიკას, ისე თანამედროვე ნაწარმოებებს. უაღრესად ემოციური და მკვეთრად ინდივიდუალური საშემსრულებლო სტილის მქონე შემსრულებელი სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა ისეთ უდიდეს დირიჟორებთან, როგორებიცაა: ანტონიო პაპანო, მიონგ-ვუნ ჩუნგი, იური ტემირკანოვი, ზუბინ მეტა, ტონ კუპმანი, მანფრედ ჰონეკი, რიკარდო მუტი, დანიელე გატი, სეიჯი ოძავა, რიკარდო ჩაილი და კლაუდიო აბადო. იგი სისტემატურად მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ორკესტრთან; მათ შორისაა: ლონდონის სიმფონიური ორკესტრი, ლონდონის ფილარმონიული ორკესტრი, ლივერპულის ფილარმონიული ორკესტრი, ფილადელფიის ორკესტრი, სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრი, ტოკიოს NHK სიმფონიური ორკესტრი, სანტა ჩეჩილიას აკადემიის ორკესტრი, საფრანგეთის რადიოს ფილარმონიული ორკესტრი, მონტე-კარლოს ფილარმონიული ორკესტრი, ლა სკალას ფილარმონიული ორკესტრი, მიუნხენის ფილარმონიული ორკესტრი, ვენეციის ბაროკოს ორკესტრი და ა.შ.

ბრუნელო აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა, როგორც იტალიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; სისტემატურად იღებს მონაწილეობას მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ ფესტივალებში და უკრავს, პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მისი, უკანასკნელი დროის საკონცერტო ანგაჟემენტები მოიცავს კონცერტებს ლონდონში, ლისაბონში, ბარსელონაში, ამსტერდამში, ტოკიოში, ეინდჰოვენში, უტრეხტში, მილანში, ტურინსა და რომში. ბრუნელო უკრავს მე-17 საუკუნის დასაწყისში დამზადებულ ისტორიულ ინსტრუმენტზე (Maggini), რომელსაც, ბოლო წლებში, ოთხსიმიანი პიკოლო ჩელოც შეჰმატა. ეს უკანასკნელი ფართოდ გამოიყენებოდა ბაროკოს ეპოქაში, განსაკუთრებით კი იოჰან სებასტიან ბახის შემოქმედებაში - დაახლოებით ათ კანტატაშია გამოყენებული. ბრუნელოს ინსტრუმენტი შექმნილია ამატის მოდელის შთაგონებით და მისი ორიგინალი კრემონაში ინახება. მას აქვს ვიოლინოს ტიპური წყობა (E, A, D, G), თუმცა ერთი ოქტავით ქვევით, რაც მას უნარჩუნებს ჩელოსათვის დამახასიათებელ ღრმა, ხავერდოვან და მსუყე ჟღერადობას. მსგავსმა თავისებურებებმა ბრუნელო მონუსხა და ბიძგი მისცა რომ სიღრმისეულად შეესწავლა და დაინტერესებულიყო ბახის, ვივალდის, ტარტინისა და მათი თანამედროვეების სავიოლინო რეპერტუარის შედევრებით. ბრუნელოს ფართო და მრავალფეროვანი დისკოგრაფიიდან, ალბომების სრული უმრავლესობა საერთაშორისო კრიტიკოსების მაღალი შეფასებით სარგებლობს; ჩანაწერებს შორისაა: იოჰან სებასტიან ბახის სონატებისა და პარტიტების სრული ციკლი ჩელო პიკოლოსთვის, ბახის ექვსი სონატა ჩემბალოსა და ვიოლინოსთვის, ვაინბერგის ოთხი სონატა სოლო ჩელოსთვის და მრავალი სხვა. ნიშანდობლივია ბრუნელოს მჭიდრო თანამშრომლობა Kremerata Baltica-სა და გიდონ კრემერთან. სწორედ ამ კოლაბორაციის შედეგია ორი უნიკალური ჩანაწერი: ჯონ ტავენერის “The Protecting Veil”, რომელიც ჩაიწერა Lockenhaus ფესტივალზე და ალბომი Searching for Ludwig, რომელიც ეძღვნება ბეთჰოვენს და შეიქმნა 2020 წლის ნოემბერში. ეს ალბომი აერთიანებს კომპოზიტორის ორ კვარტეტს (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის) და ლეო ფერესა და ჯოვანი სოლიმას ბეთჰოვენის შთაგონებით შექმნილ ორ თანამედროვე ნაწარმოებს. მარიო ბრუნელო არის ფესტივალების Arte Sella და I Suoni delle Dolomiti სამხატვრო ხელმძღვანელი. აგრეთვე, 2020 წლიდან, იგი აგრძელებს ჯანანდრეა ნოზედას შემოქმედებით საქმიანობას და ხელმძღვანელობს ფესტივალს Stresa Festival.

„საქართველოს სინფონიეტა“

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ 2008 წელს დაარსდა. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს. 2012 წელს ორკესტრმა შეიძინა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები და გახდა პირველი ბაროკოს ორკესტრი კავკასიაში. 2015 წელს დააფუძნა ყოველწლიური „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, რომელიც ქართული მუსიკალური სივრცის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა. თბილისის საკონცერტო დარბაზების გარდა „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შესანიშნავ წამყვან დარბაზებში. ორკესტრი სისტემატურად თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებთან - სოლისტებთან თუ დირიჟორებთან და ანსამბლებთან. „საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტები სხვადასხვა დროს გადაიცემოდა ტელეარხებზე: „MEZZO”, „ARTE” და სხვა.

მხარდამჭერები:

საქართველოს კულტურის სამინისტრო - მუდმივი მხარდამჭერი

• ესპანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში;

• იტალიის საელჩო საქართველოში;

• სასტუმრო თბილისი მარიოტი

• თიბისი ბანკი

• მედია პარტნიორები:

• საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო ფორტუნა, რადიო პალიტრა, ამბები.ჯი, ბილბორდ ჯორჯია, yolo.ge.

R