თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები დემონსტრაციების, პროტესტების, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია. 9,4%-იანი ზრდა - მაჩვენეთ ევროპაში ქვეყანა, რომელსაც ასეთი ზრდა აქვს, - ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩიმ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ძვირფასო მეგობარო, პატივცემულო მიხეილ, ჩემთვის დიდი პატივია მივიღო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მინდა ვთქვა, რომ როგორც სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქე და პრეზიდენტი, მე ვგრძნობ ძალიან დიდი ბედნიერებას, იმიტომ, რომ პირველად ჩვენს ისტორიაში გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს. აღვნიშნეთ 30 წლისთავი დიპლომატიური ურთიერთობის და ეს გახლავთ პირველი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის სერბეთში. სერბეთს და საქართველოს აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ წარსულში ამ ურთიერთობის გაღრმავებაზე საკმარისად არ გვიმუშავია. ეს სიახლოვე სერბ და ქართველ ხალხს შორის გახლავთ ისეთი, რომ როგორც პრეზიდენტ ყაველაშვილს ვუთხარი, ბელგრადში და სერბეთში ის ვერ იპოვის ვერც ერთ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია, ცუდი რამე თქვას საქართველოზე. აქ ყველას უყვარს საქართველო და ის შეძლებს ნახოს და შეიგრძნოს ეს, შეიგრძნოს სერბული სტუმარ-მასპინძლობა, სადაც არ უნდა წავიდეს.
ისტორიის განმავლობაში ჩვენ კონკრეტული ფორმა მივეცით ყველაფერს, რასაც ვგრძნობდით ერთმანეთთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენები თბილისი - ბელგრადი, ეს არის ეკონომიკური და სხვა ურთიერთობების ნაყოფი, მალე გავხსნით თბილისში საელჩოს, რომელიც იქნება ადგილი იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ბიზნეს ინიციატივა წარმოიშვას და რა თქმა უნდა, ეს იქნება თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა. დღეს ჩვენ განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დაწყებული მსოფლიო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სიტუაციით, განვიხილეთ სიტუაცია კავკასიის რეგიონსა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ გაეროს ქარტიის მოთხოვნების დაცვა, გაეროს რეზოლუციების მოთხოვნების დაცვა უმთავრესია ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. მე მადლიერი ვარ საქართველოსი, რომ ის პატივს სცემს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც სერბეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს მოცემულობა არასდროს არ შეიცვლება არც ერთი მხრიდან. ჩვენ ვართ შედარებით მცირე და საშუალო ზომის ქვეყნების წარმომადგენლები და ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და ამას მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავ“,- განაცხადა ვუჩიჩმა.
მისივე თქმით, სერბეთში მალე დაიწყება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების სტრატეგიული განხილვა.
"ჩვენ განვიხილეთ კონკრეტული ფორმები როგორ მივცეთ ჩვენს თანამშრომლობას, ჩვენ მალე გვექნება შერეული კომიტეტის სხდომა და მალე დავიწყებთ სტრატეგიულ განხილვებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით სერბეთსა და საქართველოს შორის და ეს იქნება სასარგებლო ორივე ქვეყნისთვის. საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, მათთვის, ვინც ეს არ იცის, ის გადის შავ ზღვაზე, მას აქვს საზღვარი, რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო უმნიშვნელოვანესი ადგილია მსოფლიოში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებთან, ჩვენც იმავეს განვიცდით და გვესმის საქართველოს პოზიციის.
დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში შევა შემდეგ წელს, იმიტომ, რომ ღრმა დისკუსიები მიმდინარეობს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ ხელშეკრულების შედეგად მივიღებთ უფრო იაფად პროდუქტებს საქართველოდან, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან და პირიქით, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესისთვის, მეწარმეებისთვის, რომ ნახონ გასაღების ბაზარი საქართველოში. ასევე, განვიხილეთ თანამშრომლობის გაუმჯობესება სოფლის მეურნეობის სფეროში, ხელოვნურ ინტელექტში და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ პროგრესს მივაღწევთ მომავალში ამ სფეროებში. ჩვენ დამატებით ვაუმჯობესებთ ჩვენს ურთიერთობებს და შევძლებთ განვიხილოთ თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, სამხედრო მრეწველობის ობიექტებს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ძალიან კარგი ინფორმაცია ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენ ხშირ პოლიტიკურ კონსულტაციებს ვატარებთ, ერთმანეთს მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ გაეროს, არამედ სხვა ინსტიტუტების დონეზე და მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებში შეუძლია სერბეთის მხარდაჭერისა და ხმის იმედი ჰქონდეს და პირიქით, სერბეთს შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ საქართველო მას მხარს დაუჭერს. ჩვენ სერბეთის მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს.
მე მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტ ყაველაშვილს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. მათ ქვეყანას აქვს უზარმაზარი ზრდის მაჩვენებელი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები დემონსტრაციების, პროტესტების, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია. 9,4%-იანი ზრდა - მაჩვენეთ ევროპაში ქვეყანა, რომელსაც ასეთი ზრდა აქვს და მინდა მივულოცო საქართველოს, საქართველოს ხალხს და სახელმწიფოს ასეთი შედეგისთვის, თქვენ იქნებით როლური მოდელი მომავალი წლისთვის რეგიონში“, - განაცხადა ვუჩიჩმა.