ავტორი:

საფრანგეთში "დოქტორ სიკვდილს" სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს - ყოფილი ანესთეზიოლოგი მსჯავრდებულია ათობით პაციენტის მოწამვლაში: უმძიმესი საქმის დეტალები

საფრანგეთში "დოქტორ სიკვდილს" სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს - ყოფილი ანესთეზიოლოგი მსჯავრდებულია ათობით პაციენტის მოწამვლაში:  უმძიმესი საქმის დეტალები

აღმოსავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ბეზანსონში, სასამართლომ ყოფილი ანესთეზიოლოგი ფრედერიკ პეშე დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. დამტკიცებულია, რომ 53 წლის პეშე თითქმის 10 წლის განმავლობაში, პაციენტების გადასხმებში ამატებდა ნივთიერებებს, რომლებიც გულის გაჩერებასა და სისხლდენას იწვევდა. მან ამგვარად 30 ადამიანი მოწამლა, რომელთაგან 12 გარდაიცვალა. პეშეს ქმედებების შედეგად დაზარალებულთა შორის ყველაზე პატარა ოთხი წლის ბავშვი იყო, რომელსაც ოპერაციისას ორჯერ გაუჩერდა გული, ყველაზე ხანდაზმული მსხვერპლი 89 წლის იყო.

"თქვენ ხართ"დოქტორი სიკვდილი" , მკვლელი და მომწამვლელი. თქვენ შეარცხვინეთ ყველა ექიმი... თქვენ ეს კლინიკა სასაფლაოდ აქციეთ", - განაცხადეს პროკურორებმა გასულ კვირას. სასამართლო პროცესზე.

ფრედერიკ პეში გამოძიების ყურადღების ცენტრში პირველად რვა წლის წინ მოექცა, როდესაც ორ კლინიკაში პაციენტების მოწამვლის ეჭვი გაჩნდა.

პროკურორმა კრისტინ დე კიურეზმა პეში "სერიულ მკვლელად“ და "დამახინჯებული ბუნების ადამიანად“ მოიხსენია, რომელიც კოლეგების მიერ გაკეთებულ გადასხმებში ტკივილგამაყუჩებელთან ან ანესთეზიასთან ერთად წამლებს ამატებდა, რათა პაციენტებში გულის გაჩერება გამოეწვია.

პროკურორის თქმით, მისი მოტივები სხვადასხვა იყო. ზოგჯერ პეშე თავადვე "იხსნიდა“ მის მიერ მოწამლულ პაციენტებს, რათა შემდეგ გმირად გამოჩენილიყო.

მისი პირველი მსხვერპლი 36 წლის სანდრა სიმარი იყო, რომელსაც გეგმური ხერხემლის ოპერაციის დროს გული მოულოდნელად გაუჩერდა. პეშემ იგი გადაარჩინა, თუმცა ქალი კომაში ჩავარდა... სასამართლოში გამოსვლისას სიმარმა თქვა, რომ ოპერაციის შედეგები მას მთელი სიცოცხლე გაჰყვება.

"მთელი სხეული ისე მტკივა, თითქოს მოხუცის სხეულში ვცხოვრობ", - თქვა მან სასამართლოში, ხელჯოხზე დაყრდნობილმა. მისი თქმით, საღამოს მისი მდგომარეობა მძიმდება, ხოლო ზამთარში ტკივილი განსაკუთრებით აუტანელია.

"მაგრამ არ მინდა ვიწუწუნო, რადგან მაინც ცოცხალი დავრჩი", - დასძინა მან.

მისი გადასხმების ანალიზმა აჩვენა, რომ კალიუმის კონცენტრაცია ნორმას 100-ჯერ აღემატებოდა, რის შესახებაც ადგილობრივ პროკურატურას ეცნობა.

დაზარალებულთა რამდენიმე ოჯახის ადვოკატმა, მორგან რიშარმა, სასამართლოში განაცხადა, რომ პეშე პაციენტებს იარაღად“ იყენებდა იმისთვის, რათა დაეკნინებინა კოლეგები, რომლებიც თავიანთ პაციენტებში აუხსნელი გართულებებით შოკირებულნი იყვნენ.

პროკურორების თქმით, ამ გზით ბრალდებული ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა იმ ექიმებზე, ვისთანაც კონფლიქტი ჰქონდა, და "იკმაყოფილებდა ძალაუფლების წყურვილს“.

გამოძიების დროს პეში ამტკიცებდა, რომ მოწამვლის შემთხვევების უმეტესობა მისი კოლეგების "სამედიცინო შეცდომების“ შედეგი იყო. სასამართლოში კი განაცხადა, რომ იმ ორ კლინიკიდან ერთში, სადაც მუშაობდა, ნამდვილად იყო ადამიანი, რომელიც პაციენტებს წამლავდა, თუმცა, მისი თქმით, ეს თავად არ იყო.

"ეს ადრეც მითქვამს და ისევ გავიმეორებ: მე არ ვარ მომწამვლელი… მე ყოველთვის ვიცავდი ჰიპოკრატეს ფიცს", - განაცხადა ყოფილმა ანესთეზიოლოგმა.

2008–2017 წლებში პეშე ორ კერძო კლინიკაში მუშაობდა, სადაც დაბალი რისკის ოპერაციების დროს გულის გაჩერების შემთხვევები გახშირდა. 12 პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და ისინი გარდაიცვალნენ.

გამოძიების ფარგლებში გამომძიებლებმა შეისწავლეს 70-ზე მეტი ანგარიში "სერიოზული არასასურველი მოვლენების“ შესახებ - ეს სამედიცინო ტერმინია, რომელიც პაციენტებში მოულოდნელ გართულებებს ან სიკვდილს ნიშნავს.

პეშეს ყველაზე პატარა მსხვერპლი, ოთხი წლის ბიჭი სახელად ტედი, 2016 წელს, გლანდების გეგმური ოპერაციის დროს გულის გაჩერებას ორჯერ გადაურჩა.

"რაც ჩვენ დაგვემართა, კოშმარია. ჩვენ ექიმებს ვენდობოდით და თავს ნაღალატევად ვგრძნობთ", - განაცხადა სასამართლოში ტედის მამამ.

მისი თქმით, ბიჭმა ორი დღე კომაში გაატარა, ხოლო დედა ამ ხნის განმავლობაში მუხლმოდრეკილი ლოცულობდა მის საწოლთან.

ტედიმ, რომელიც ახლა 14 წლისაა, უარი თქვა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე და პეშეს სიახლოვეს ყოფნაზეც, თუმცა მამამ მისი წერილი წაიკითხა.

"ვხვდები, რომ როცა მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი, ვიღაცამ ჩემი სიცოცხლე სხვა ადამიანებისთვის პრობლემების შესაქმნელად გამოიყენა. წერაში ჩემს თანაკლასელებზე ათი წუთით მეტი დრო მჭირდება. მეშინია, რომ მოწამვლის შედეგები მთელი ცხოვრება გამყვება", - ეწერა ტედის წერილში.

პეშე, რომელიც მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში თავისუფლებაზე იყო, ციხეში, სულ ცოტა, 22 წელს გაატარებს, შემდგომ მისი საქმის გადახედვა შეიძლება მოხდეს.

მას აპელაციის შეტანისთვის 10 დღე აქვს. თუ აპელაცია შევა, ერთი წლის განმავლობაში ხელახალი სასამართლო პროცესი ჩატარდება.