ტრამპის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღების პაკეტის მიყიდვის შესახებ განაცხადა, რაც მოიცავს 82 ერთეულ საარტილერიო სარაკეტო სისტემას HIMARS - სა და 420 ერთეულ ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას ATACMS. მოცემულ სისტემებს ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე აწვდიდა უკრაინასაც და ქვეყნის არმია წარმატებით იყენებდა მათ აგრესორი რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. გარდა ამისა, პაკეტში შედის 60 თვითმავალი ჰაუბიცა და მათი ჭურვები, 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დრონები, Javelin-ისა და TOW-ის ტიპის რაკეტები და Harpoon - ის რაკეტების კომპლექტები.
“აღნიშნული გარიგება ხელს შეუწყობს ტაივანის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას და დაეხმარება რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობის, სამხედრო ბალანსისა და ეკონომიკური პროგრესის შენარჩუნებას“, - ნათქვამია აშშ - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ტაივანის პრეზიდენტ ლაი ცინგტეს მთავრობამ პირობა დადო, რომ მომავალ წლიდან თავდაცვის ხარჯებისთვის მშპ-ის სამ პროცენტზე მეტი იქნება გამოყოფილი, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი ხუთ პროცენტამდე ავა.
ასევე იგეგმება დაახლოებით 1 ტრილიონი ტაივანური დოლარის ოდენობის სპეციალური დაფინანსების მოძიება კუნძულის საჰაერო თავდაცვის სისტემების განახლების და საბრძოლო მასალის წარმოების მოცულობის გასაზრდელად.

ტაივანისთვის იარაღის მიწოდების ახალი შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განაცხადა, რომ აშშ - ის ქმედება პეკინსა და ვაშინგტონს შორის არსებულ დიპლომატიურ შეთანხმებებს დაარღვევს, შეარყევს რეგიონულ სტაბილურობას და სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩინეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“ეს ნაბიჯი ვერ გადაარჩენს “ტაივანის დამოუკიდებლობის“ განწირულ ბედს და მხოლოდ დააჩქარებს სამხედრო ესკალაციას ტაივანის სრუტეში, აშშ - ს ხელისუფლების მიერ იარაღით “ტაივანის დამოუკიდებლობის“ მხარდაჭერა საბოლოოდ თავად აშშ - სვე დაუბრუნდება პრობლემად. ტაივანის გამოყენებით ჩინეთის შეკავების პოლიტიკა კი წინასწარ უკვე განწირულია“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.