ქართველი საავიაციო კონსტრუქტორების: ალექსანდრე ქართველიშვილის, ალექსანდრე ნადირაძის, მიხეილ გრიგორაშვილის, გიორგი ბერიაშვილისა და სხვათა სახელებს ქართველი საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ამაში არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის "კვირის პალიტრასაც", რომლის ფურცლებზე 1996 წლიდან ვაქვეყნებთ სტატიებს საზღვარგარეთ მცხოვრებ და მოღვაწე ქართველ სამხედრო კონსტრუქტორებზე. ამ კოჰორტაში შედის კიდევ ერთი ქართველი კონსტრუქტორი, რომლის თაობაზეც ძალზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით იწარმოებოდა ის "რკინის გულები", რომლებმაც თვითმფრინავებს ზებგერითი ანუ 1 200 კმ/სთ მეტი სიჩქარის განვითარების საშუალება მისცა.ამჯერად სტატია ნიკოლოზ მეცხვარიშვილის ძალზე საინტერესო სამეცნიერო საქმიანობას ეხება.
1911 წელს ხარკოვში დაბადებულმა ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა 14 წლის ასაკში ტიფლისში დაიწყო მუშაობა მჭედლის თანაშემწედ, თუმცა მალევე მოსკოვში გადავიდა ხარატად, ხოლო 1936 წელს მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი დაამთავრა და მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავების შიდაწვის ძრავების გაუმჯობესებაზე მუშაობდა. მან ომის შემდეგ უფრო ისახელა თავი, წარმოებაში კლიმოვის პირველი საბჭოთა რეაქტიული ძრავის (რომელიც სინამდვილეში ბრიტანეთში შეძენილი "როლს-როისის" "ნინის" ტიპის ძრავის კლონი გახლდათ) წარმატებით დანერგვის გამო, რისთვისაც სტალინის სახელობის პრემიაც დაიმსახურა, მაგრამ სახელი მაინც პირველი საბჭოთა ფორსაჟკამერიანი ტურბორეაქტიული ძრავის (რომლის საქშენიც რეგულირდებოდა) Р11Ф-300 -ის შექმნითა და დახვეწით გაითქვა. ამ ძრავის შექმნა 1953 წელს კონსტრუქტორმა მიკულინმა წამოიწყო, მაგრამ არასახარბიელო შედეგების გამო ეს საქმე კონსტრუქტორ ტუმანსკის გადააბარეს და მისი სერიული წარმოება დაიწყეს მოსკოვთან, ტუშინოს ქარხანაში, სადაც მე-300 საცდელი საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი ჩვენი თანამემამულე ნიკოლოზ მეცხვარიშვილი გახლდათ.
ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა გამანადგურებლებს ზებგერითი სიჩქარით ფრენა "ასწავლა"... ის 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა ტურბორეაქტიული ძრავების შექმნა-დახვეწაში, რომელთა გარეშე ჰაერში ვერ აფრინდებოდა ვერც მიქოიანის МиГ-21, ვერც იაკოვლევის Як-28 და ვერც სუხოის Су-15, ანუ შექმნა სწორედ ის ზებგერითი რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებითაც "ცივი ომის" დროს კრემლმა სამხედრო პარიტეტი დაამყარა ამერიკულ სამხედრო ავიაციასთან.
სწორედ მეცხვარიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით მოხერხდა, რომ მოდიფიცირებულმა Р11Ф-300 ტიპის რეაქტიულმა ძრავამ ფორსაჟის რეჟიმში თითქმის 6 ათასი კგ გაწევის ძალა აჩვენა. ასეთი მძლავრი რეაქტიული ძრავის შედარებით მსუბუქ, მიქოიანის МиГ-21 ტიპის გამანადგურებელზე დაყენების შემდეგ ამ საბჭოთა გამანადგურებელმა ვიეტნამის ომში ამერიკულ "ფანტომებს" თანასწორი წინააღმდეგობა გაუწია.
მეცხვარიშვილის მოდერნიზებულ ფორსაჟკამერიან რეაქტიულ ძრავებს, მიქოიანის გარდა, კონსტრუქტორი იაკოვლევიც ამონტაჟებდა თავის საფრონტო ბომბდამშენ Як-28-ზე, არანაკლებ ცნობილი კონსტრუქტორი სუხოი კი - ზებგერით გამანადგურებელ გზაგადამჭრელ Су-15-ზე. გააგრძელეთ კითხვა