თავდამსხმელი, რომელმაც ბრაუნის უნივერსიტეტის სტუდენტები იმსხვერპლა, კვლავ მიმალვაშია.
აშშ-ის შტატ როდ-აილენდის ხელისუფლებამ აღიარა, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი “ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს" და მისი შესაძლო მოტივზეც ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.
ოთხშაბათს ღამით გამართულ მორიგ ბრიფინგზე, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ “ძიების პროცესზე ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა იხარჯება და ეჭვმიტანილი, რომელსაც ორი სტუდენტის მკვლელობასა და ცხრა სტუდენტის დაჭრაში ადანაშაულებენ, აუცილებლად დააკავებენ“.
პროვიდენსის პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ოსკარ პერესმა, შაბათს მომხდარი მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილის ძებნას “ამჟამად ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ყველაზე ინტენსიური გამოძიების პროცესი“ უწოდა და დაამატა, რომ მის დასასრულებლად საზოგადოების აქტიური თანადგომაც იქნება საჭირო.

აივი ლიგის კამპუსში მომხდარი სასტიკი მკვლელობებიდან ხუთი დღე გავიდა და მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა, ერთადერთი რაც პოლიციას გააჩნია, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული რამდენიმე უხარისხო კადრია, რომელშიც სავარაუდო ეჭვმიტანილი პროვიდენსის ქუჩებში გადაადგილდება.

პროვიდენსის მერმის ბრეტ სმაილის განაცხადებით, დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, თუმცა ერთი დაზარალებული კვლავ მძიმე მდგომარეობაში რჩება, შედარებით სტაბილურია ხუთი სტუდენტის მდგომარეობა.
გავრცელებული ინფორმაციით ჰოლის შენობაში, სადაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, დაცვის თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ, გარდა ამისა კრიტიკის საგანი გახდა ისიც, რომ შენობის ამ ნაწილში უსაფრთხოების კამერები არ იყო დამონტაჟებული. მომხდარზე კითხვები თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც დასვა:
“რატომ ჰქონდა ბრაუნის უნივერსიტეტს ასე ცოტა უსაფრთხოების კამერა? ამას ვერანაირი გამართლება ვერ ექნება. თანამედროვე ეპოქაში ამაზე უარესად, უბრალოდ, ვერ მოიქცევი!“ - დაწერა მან Truth Social-ზე