ავტორი:

16-საათიანი უმძიმესი მოლაპარაკებები და ევროკავშირის  გადაწყვეტილება: უკრაინისთვის 90 მილიარდი ევრო დამტკიცებულია, თუმცა გაყინულ რუსულ აქტივებზე შეთანხმება ვერ შედგა - რა გახდა ამის მიზეზი?

16-საათიანი უმძიმესი მოლაპარაკებები და ევროკავშირის  გადაწყვეტილება: უკრაინისთვის 90 მილიარდი ევრო დამტკიცებულია, თუმცა გაყინულ რუსულ აქტივებზე შეთანხმება ვერ შედგა - რა გახდა ამის მიზეზი?

ევროკავშირის ლიდერებმა 16-საათიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, ვერ შეძლეს შეთანხმება უკრაინის დაფინანსების სქემაზე გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, თუმცა უკრაინა ფინანსური კრიზისის წინაშე არ დადგება - ევროკავშირმა კიევისთვის 2026–2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტით უზრუნველყოფილი სესხის სახით გაიცემა.

"უკრაინისთვის 2026–2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის გაწევის გადაწყვეტილება დამტკიცებულია“, - დაწერა ევროკავშირის სამიტის თავმჯდომარემ ანტონიო კოსტამ სოციალურ ქსელში წუხელ, მრავალსაათიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

კოსტას არ დაუზუსტებია, საიდან იქნება მიღებული ეს თანხები, თუმცა სამიტის დასკვნითი დოკუმენტის პროექტში, რომელსაც სააგენტო Reuters-ი გაეცნო, აღნიშნულია, რომ თანხა კაპიტალის ბაზრებზე აღებული სესხით იქნება მოზიდული და ევროკავშირის ბიუჯეტით უზრუნველყოფილი.

ეს გადაწყვეტილება წინ უძღოდა ხანგრძლივ დისკუსიებს იმ სესხის ტექნიკურ დეტალებზე, რომელიც გაყინულ რუსულ აქტივებზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული, თუმცა საბოლოოდ ევროპელმა ლიდერებმა ვერ გაბედეს რუსეთის აქტივების გამოყენება. როგორც Reuters-ს ანონიმურმა დიპლომატებმა უთხრეს, ეს პოლიტიკურად მეტისმეტად რთული აღმოჩნდა.

"ჩვენ გადავედით უკრაინის გადარჩენიდან სახის შენარჩუნებაზე - სულ მცირე იმ ქვეყნების სახის, რომლებიც გაყინული აქტივების გამოყენებას მოითხოვდნენ“, - ციტირებს Reuters-ი ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატს.

საწყისი გეგმის მიხედვით, უკრაინის დაფინანსება რუსეთის სავალუტო რეზერვების ხარჯზე უნდა განხორციელებულიყო. იგეგმებოდა, რომ უკრაინა ამ თანხის ნაწილს სესხის სახით მიიღებდა და მის დაბრუნებას მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა ვალდებული, როცა რუსეთი შეჭრისთვის რეპარაციებს გადაიხდიდა - ზარალი, რომელიც უკვე ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული.

თუმცა თავიდანვე რამდენიმე ქვეყანა ამ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა. ჩეხეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ლიდერებთან ერთად, ეჭვები გამოთქვეს იტალიამ და განსაკუთრებით ბელგიამ, სადაც მდებარეობს დეპოზიტარი Euroclear -ი, რომელშიც ევროპაში გაყინული კრემლის 210 მილიარდი ევროდან 193 მილიარდი ინახება.

როგორც Financial Times წერს ინფორმირებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ბელგიამ მოითხოვა ფართომასშტაბიანი ფინანსური გარანტიები შესაძლო რისკების დასაფარად, რამაც სხვა ლიდერები აიძულა, ეს პირობები მიუღებლად ჩაეთვალათ.

საბოლოოდ მიღებულ იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც უკმაყოფილო ქვეყნებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. სამიტის გადაწყვეტილების პროექტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება არ შეეხება უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ფინანსურ ვალდებულებებს - ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინის დაფინანსებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ერთმა ევროპელმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადა, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გამარჯვებად.

"ორბანმა მიიღო ის, რაც სურდა: არანაირი რეპარაციული სესხი... ამასთანავე, ევროკავშირის მოქმედებები უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მონაწილეობის გარეშე“, - აღნიშნა მან.

ამავე დროს, დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები და ევროპარლამენტი გააგრძელებენ მუშაობას იმ სესხის შექმნაზე, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინულ აქტივებზე იქნება დაფუძნებული.

როგორც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განმარტა, 90 მილიარდი ევროს სესხი უპროცენტო იქნება და უკრაინას მისი დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რუსეთი კომპენსაციას გადაიხდის.

"როგორც იცით, ევროპამ უკვე გადაწყვიტა რუსული აქტივების გაყინვა და მათი შენარჩუნება მანამდე, ვიდრე რუსეთი ზარალს არ აანაზღაურებს“, - განაცხადა მერცმა.

ფრიდრიხ მერცმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი მთავარს - უკრაინამ უნდა მიიღოს დაფინანსება, ხოლო ფორმა მეორეხარისხოვანია.

უკრაინას უახლოესი ორი წლის განმავლობაში 135 მილიარდი ევრო სჭირდება. იმ პირობებში, როცა დონალდ ტრამპმა ამერიკული დახმარება შეაჩერა, ევროპა აგრესიის წინააღმდეგ წინააღმდეგობის ფაქტობრივად ერთადერთ სპონსორად რჩება. თუმცა ევროკავშირს ზედმეტი ფინანსური რესურსები არ გააჩნია, სამაგიეროდ აქვს 210 მილიარდი ევროს ოდენობის რუსეთის სავალუტო აქტივები, რომლებიც შეჭრის შემდეგ გაყინულია.

სწორედ ამ თანხების უზრუნველყოფით გეგმავდა ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხის გაცემას, ასევე 50 მილიარდი დოლარის ავანსის დაფარვას, რომელიც ერთი წლის წინ "დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გასცეს.

რუსეთი ევროკავშირის მხრიდან საკუთარი სავალუტო რეზერვების ჩამორთმევის ნებისმიერ მცდელობას მკაცრი პასუხით იმუქრებოდა. თუმცა მისი შესაძლებლობები შეზღუდულია: კრემლს შეუძლია ევროპული კერძო აქტივების კონფისკაცია საკუთარ ტერიტორიაზე, თუმცა ეს ქონება ისედაც „გაყინულია“ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით. ამ თანხების ევროკავშირში დაბრუნების პერსპექტივა ბუნდოვანია და ინვესტიციების უმეტესობა დიდი ხანია ჩამოწერილია. სახელმწიფოთაშორის დონეზე კი რუსეთს ევროკავშირის წინააღმდეგ სასამართლოში დავის წარმოების რეალური ბერკეტები არ გააჩნია.