ავტორი:

რას ნიშნავს იქცე მსოფლიო ბულინგის მსხვერპლად - კრისტინ კებოტი Coldplay-ს კონცერტზე მომხდარი სკანდალის შემდეგ დუმილს არღვევს: "დამცინოდნენ და მოკვლით მემუქრებოდნენ..."

რას ნიშნავს იქცე მსოფლიო ბულინგის მსხვერპლად - კრისტინ კებოტი Coldplay-ს კონცერტზე მომხდარი სკანდალის შემდეგ დუმილს არღვევს: "დამცინოდნენ და მოკვლით მემუქრებოდნენ..."

კრისტინ კებოტი მიხვდა, რომ დუმილი მას აღარ შველის. თავიდან ეს ლოგიკური ჩანდა, რადგან მას შემდეგ, რაც 2025 წლის 16 ივლისს, Coldplay-ს კონცერტზე, გიგანტურ ეკრანზე საკუთარი უფროსის მკლავებში გამოჩნდა, მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ვიდეომ TikTok-ზე რამდენიმე დღეში 100 მილიონი ნახვა დააგროვა.

კებოტი გაუჩინარდა. ის ცდილობდა ურთიერთობა დაელაგებინა მათთან, ვინც ყველაზე მეტად ადარდებდა: ორ თინეიჯერ შვილთან, დამსაქმებელთან და მეუღლესთან, რომელთანაც განქორწინების პროცესში იყო. "მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი: ღმერთო, მე ვატკინე ადამიანებს. კარგ ადამიანებს ვატკინე", - იხსენებს ის nytimes-თან.

  • დამცირების ობიექტი მთელი მსოფლიოსთვის

კონცერტიდან ხუთი თვის შემდეგ, კრისტინი პირველად ჰყვება, რას ნიშნავს, იყო მთელი მსოფლიოს დაცინვის ობიექტი. ინტერნეტში მას "ოჯახის დამანგრეველს", "ოქროს მაძიებელსა" და სხვა შეურაცხმყოფელ სახელებს უწოდებდნენ. მისი გარეგნობა მიკროსკოპის ქვეშ მოაქციეს. მსოფლიო ვარსკვლავებმაც კი, როგორებიც არიან ვუპი გოლდბერგი და გვინეტ პელტროუ, მისი დამცირება თავიანთი შოუების მასალად აქციეს.

მისი პირადი მონაცემები გასაჯაროვდა. კვირების განმავლობაში დღეში 500-600 ზარს იღებდა. პაპარაცები მის სახლთან ცხოვრობდნენ, მანქანები კი მისი ქუჩის ბოლოს ნელა მოძრაობდნენ, "როგორც აღლუმზე". მან 60-მდე სიკვდილის მუქარა მიიღო.

  • "თქვენ ჰაერით სუნთქვასაც არ იმსახურებთ"

მიუხედავად იმისა, რომ სკანდალმა გადაიარა, კრისტინი ამით ყოველდღე ცხოვრობს. შვილებს მასთან ერთად საჯაროდ გამოჩენა რცხვენიათ. მადლიერების დღის წინ, ბენზინგასამართ სადგურზე ერთმა ქალმა იცნო და უთხრა: "მოღალატეები ადამიანის ყველაზე დაბალი ფორმაა. თქვენ იმ ჰაერით სუნთქვასაც არ იმსახურებთ, რომლითაც მე ვსუნთქავ".

  • რა მოხდა რეალურად იმ ღამეს?

კრისტინი ამტკიცებს, რომ უფროსთან სექსუალური ურთიერთობა არ ჰქონია და იმ ღამემდე მათ ერთმანეთისთვის არც კი უკოცნიათ.

"მივიღე ცუდი გადაწყვეტილება, დავლიე რამდენიმე კოქტეილი და ჩემს უფროსთან შეუფერებლად ვიქცეოდი. ეს არ არის არაფერი, მე ავიღე პასუხისმგებლობა და ამას ჩემი კარიერა შევწირე. მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამის გამო სიკვდილით არავინ უნდა გემუქრებოდეს".

კრისტინმა თავის უფროსს, ენდი ბაირონს, კონცერტზე წასვლა თავად შესთავაზა. ორივე მათგანი მეუღლეებთან დაშორების პროცესში იყვნენ. კონცერტზე, VIP აივანზე, ატმოსფერო ინტიმური ჩანდა. რამდენიმე ტეკილას შემდეგ, ისინი წყვილივით იქცეოდნენ. სწორედ მაშინ დააფიქსირა ისინი კამერამ.

"მყისიერად, სიხარული ტერორმა შეცვალა", - ამბობს კრისტინი. მისი პირველი ფიქრი იყო მეუღლე, რომელიც იმავე სტადიონზე იმყოფებოდა და მისი საჯაროდ დამცირება არ სურდა. მეორე კი ფიქრი იმაზე: "ენდი ჩემი უფროსია, მე კი HR-ის ხელმძღვანელი. ეს ისეთი კლიშეა და ისეთი ცუდია".

  • კარიერის დასასრული და საზოგადოებრივი იზოლაცია

სკანდალის შემდეგ ენდი ბაირონი გადადგა. კრისტინს კომპანიამ დაბრუნება შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა - ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ყოფილიყო HR-ის ხელმძღვანელი მას შემდეგ, რაც დაცინვის ობიექტად იქცა.

კრისტინი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ქალებისგან წამოსულმა აგრესიამ გააოცა: "ბოლო თვეების გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ქალების მთავარი მტერი ისევ ქალები ვართ - ჩვენივე ხელით ვუმზადებთ ერთმანეთს ჯოჯოხეთს“.

განსაკუთრებით მტკივნეული გვინეტ პელტროუს რეაქცია აღმოჩნდა, რომელმაც ამ სკანდალზე იხუმრა. კებოტს უკვირს, როგორ შეძლო ქალმა, რომელიც "ჰარმონიული განქორწინების" იდეას ქადაგებს, სხვისი პირადი ცხოვრების კოლაფსით ეხუმრა.

დღეს კრისტინი ცდილობს ცხოვრება აღადგინოს. მისი მეუღლე, ენდრიუ, "ნამდვილი ჯენტლმენივით" მოიქცა და საჯაროდ დაუჭირა მხარი. თუმცა, კრისტინისთვის ყველაზე რთული მაინც ყოფილი კოლეგების დუმილია - ადამიანების, რომლებსაც წლების განმავლობაში ეხმარებოდა და რომლებმაც სკანდალის შემდეგ, მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტეს.

წაიკითხეთ ასევე: