ავტორი:

ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული გარდაცვლილი იპოვეს: ვინ იყო კლაუდიო ნევეშ ვალენტე, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია MIT-ის პროფესორის მკვლელობაში?

ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული გარდაცვლილი იპოვეს:  ვინ იყო კლაუდიო ნევეშ ვალენტე, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია MIT-ის პროფესორის მკვლელობაში?

ამერიკელი სამართალდამცავების განცხადებით, გასულ კვირას ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული გარდაცვლილი იპოვეს - ის ბრაუნის უნივერსიტეტის 48 წლის ყოფილი სტუდენტი და პორტუგალიის მოქალაქე კლაუდიო ნევეშ ვალენტეა.

ოფიციალური პირების თქმით, მან თავი მოიკლა. მისი ცხედარი ნიუ-ჰემფშირის საწყობში აღმოაჩინეს. ის ასევე ეჭვმიტანილია ბრუკლაინში, მასაჩუსეტსის ინსტიტუტის პროფესორის მკვლელობაში. ოფიციალური პირების თქმით, როგორც ჩანს, მამაკაცები ერთსა და იმავე უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ხელისუფლების ცნობით, ვალენტემ, რომელიც აშშ-ში 2000 წელს სტუდენტური ვიზით ჩავიდა, კანონიერი მუდმივი ბინადრობის ნებართვა 2017 წლის აპრილში მიიღო.

მას ამჟამად უნივერსიტეტთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, თუმცა 2000 - 2001 წლებში ბრაუნის უნივერსიტეტში დოქტორანტურის პროგრამაზე სწავლობდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვალენტეს კრიმინალური წარსული არ ჰქონია.

შეგახსენებთ, აშშ-ის შტატ როდ-აილენდში მდებარე ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ორი სტუდენტი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა, რა დროსაც სტუდენტებს გამოცდები ჰქონდათ. ბრაუნის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ასობით შენობაა, მათ შორის ლაბორატორიები და საერთო საცხოვრებლები. უნივერსიტეტში 11 000 სტუდენტი სწავლობს.

აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების მინისტრის, კრისტი ნოემის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამის შეჩერება ბრძანა, - ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

მისი განმარტებით, სწორედ ამ პროგრამამ მისცა აშშ-ში ჩასვლის საშუალება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლასა და MIT-ის პროფესორის მკვლელობაში ეჭვმიტანილს.

როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსის პოლიციის უფროსის, ოსკარ პერესის თქმით, ეჭვმიტანილი, პორტუგალიის მოქალაქე კლაუდიო ნევეშ ვალენტე თავდაპირველად აშშ-ში სტუდენტური ვიზით 2000 წელს შევიდა, ხოლო 2017 წელს მუდმივი რეზიდენტი გახდა. ვალენტე ხუთშაბათს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს.

ნოემის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მას უთხრა, „დაუყოვნებლივ“ მიემართა აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურისთვის, შეეჩერებინათ „კატასტროფული“ პროგრამა, რათა მისი საშუალებით მეტი ამერიკელი არ დაზარალდეს.

"ეს საზიზღარი ადამიანი არასდროს უნდა შემოეშვათ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ნოემმა ეჭვმიტანილის შესახებ.