კიევი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ახლა კი, არსებითად, ისინი უარს ამბობენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე“, - აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთი გარკვეული სიგნალების შესახებ ინფორმირებულია, მათ შორის კიევიდან, რომ უკრაინა მზადაა რაიმე სახის დიალოგში ჩაერთოს.
"იცით, ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ და ვიცით გარკვეული სიგნალების შესახებ, მათ შორის კიევის რეჟიმიდან, რომ ისინი მზად არიან რაიმე სახის დიალოგში ჩაერთონ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი მტკიცებით, რუსეთი მზადაა და სურს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დაასრულოს მისი "ძირეული მიზეზების“ მოგვარებით.
"მზად ვართ და გვინდა, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დავასრულოთ იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც გასული წლის ივნისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოვთქვი და იმ ძირეული მიზეზების მოგვარებით, რამაც ეს კრიზისი გამოიწვია“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსული ჯარები მთელი შეხების ხაზის გასწვრივ წინ მიიწევენ, მოწინააღმდეგე კი უკან იხევს.
"ჩვენი ჯარები მთელი შეხების ხაზის გასწვრივ მიიწევენ წინ, ზოგ ადგილას უფრო სწრაფად, ზოგ ადგილას - უფრო ნელა, მაგრამ მტერი ყველა მიმართულებით უკან იხევს“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, კურსკის ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის განდევნის შემდეგ ფრონტზე სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში გადავიდა.
"მას შემდეგ, რაც ჩვენმა ჯარებმა მტერი კურსკის მიწიდან განდევნეს, ინიციატივა, სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში გადავიდა“, - აღნიშნა პუტინმა.
მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნიჭიერი მსახიობი უწოდა, როდესაც კუპიანსკში მისი ვიზიტის დროს ჩაწერილი ვიდეოს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
"ის მსახიობია და თანაც ნიჭიერი. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. ეს მისი წარსულში გადაღებული ფილმებიდან ვიცით“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
მისი თქმით, აბრა, სადაც ვიდეოა ჩაწერილი, ქალაქიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
" აბრა ქალაქიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ზღურბლზე რატომ დგახართ? შინ შემოდით“, - განაცხადა პუტინმა.