სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს.
ცნობისთვის, ბრალდებულებს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. კერძოდ, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის, იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების - როინ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგრეს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას - 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს - გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.