ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ტრაგედია დატრიალდა - საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია დედა-შვილი.

"ხანძარს, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა დედა-შვილი. დედა - ნანი (ჟოზია) საჯაია 90 წელს მიღწეული ქალბატონია, შვილი - როზა შენგელია, 60 წლის.

მათ ორი სახლი აქვთ გვერდიგვერდ, ესენი ოდაში იწვნენ. ამბობენ, რომ ელექტროენერგია გახდა ხანძრის მიზეზი, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს.
სახანძრო-სამაშველოში გამოძახება სადღაც 7:25 წუთზე იყო.

მაშველები როცა მივიდნენ, სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული. მათ მეორე სახლის გადარჩენა მოახერხეს, ადვილი შესაძლებელი იყო, მასაც გადასდებოდა ცეცხლი. იმ სახლში რძალი და ბავშვი იყო, ჟოზიას ვაჟი - ბორისი სახლში არ იმყოფებოდა, თბილისშია სამკურნალოდ წამოსული. საბედნიეროდ, ისინი მაინც გადარჩნენ. საშინელი ტრაგედიაა სოფელში", - ამბობს ნესტან ქარჩავა.