ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა ვარსკვლავთშორისი ობიექტი - 3I/ATLAS-ის ორი განსხვავებული რენტგენული გამოსახულება მიიღეს. აღმოჩნდა რომ კომეტა რენტგენულ დიაპაზონში ნათებას გამოყოფს, რომელიც კოსმოსში 250 000 მილის მანძილზე ვრცელდება.

დაკვირვება ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA), იაპონიის კოსმოსური სააგენტო JAXA-სა და NASA-ს პარტნიორობით ხორციელდება.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, კომეტები ხილულ სინათლეში მაშინ ანათებენ, როდესაც მზის სხივები მათ ყინულოვან ბირთვიდან გამომდინარე მტვრის ნაწილაკებსა და გაზზე აირეკლება, რენტგენული გამოსხივება კი სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს. ამ შემთხვევაში კოსმოსში მზიდან წამოსული სწრაფად მოძრავი დამუხტული ნაწილაკები, ე.წ. მზის ქარი, კომეტის ირგვლივ არსებულ გაზოვან ღრუბელთან ურთიერთქმედებისას რენტგენულ გამოსხივებას წარმოქმნიან. აღნიშნულ გამოსხივებას ოპტიკური ტელესკოპები ვერ ამჩნევს, მაგრამ ფიქსირდება რენტგენულ დიაპაზონში დაკვირვების დროს.

3I/ATLAS-ის პირველი რენტგენული დაკვირვება 26–28 ნოემბერს XRISM-ის რენტგენულმა ტელესკოპმა განახორციელა. უკვე 3 დეკემბერს, ESA-ს XMM-Newton-ის რენტგენულმა ობსერვატორიამ 3I/ATLAS დაახლოებით 20 საათის განმავლობაში შეისწავლა, რის დროსაც კომეტაზე მკაფიოდ გამოჩნდა რენტგენული ნათება (წითლად), რომელიც უფრო სუსტი გრადიენტებით იყო გარშემორტყმული.
ESA-ს განცხადებით, ეს ნიშნები იმ რეგიონებზე მიუთითებს, სადაც მზის ქარი კომეტიდან გამომავალ აირთან ურთიერთქმედებს.
“რენტგენული, ოპტიკური, ინფრაწითელი და რადიო დაკვირვებები ერთობლივად ახალ წარმოდგენას გვაძლევს 3I/ATLAS-ის შესახებ და გვეხმარება უკეთესად ჩავწვდეთ მისი მოგზაურობის ისტორიას, მაშ შორის ჩვენი მზის სისტემაში“ ,- აცხადებენ მეცნიერები.
კოსმოსურმა სხეულმა დედამიწას 19 დეკემბერს 167 მილიონი მილის (270 მილიონი კილომეტრის) რადიუსში ჩაუარა, თუმცა, როგორც მკვლევრები აცხადებდნენ, ის მზის მეორე მხარეს ჩაივლიდა და ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
იხილეთ ასევე: