ავტორი:

"ტოროლადან" რეკლამაში და საინტერესო გატაცება: რას საქმიანობენ 2000-იანები წლების პოპულარული წყვილი ნიკა ლომიძე და თეა გობეჯიშვილი - "შვილი ამერიკაში "გავაგდეთ"

"ტოროლადან" რეკლამაში და საინტერესო გატაცება: რას საქმიანობენ 2000-იანები წლების პოპულარული წყვილი ნიკა ლომიძე და თეა გობეჯიშვილი - "შვილი ამერიკაში "გავაგდეთ"

არქიტექტორობა უნდოდა. ჩააბარა კიდეც არქიტექტურის ფაკულტეტზე, მაგრამ მერე შემთხვევით ტელევიზიაში მოხვდა და ყველაფერი შეიცვალა. ტელევიზია მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა... ნიკა ლომიძე ცნობილი ტელეწამყვანი, რეჟისორი და სარეკლამო სააგენტოს დამფუძნებელი საკუთარ განვლილ გზასა და გამოცდილებაზე გვიყვება...

- არქიტექტურის ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული. როცა იქ სწავლობდი, წარმოიდგენდი, რომ ტელევიზია იქნებოდა შენი მომავალი საქმიანობის სფერო?

- ვერაფრით წარმოვიდგენდი, რადგან ბავშვობაში როდესაც „პიონერფილმში“ გრიშა ჩიგოგიძესთან დავდიოდი, მან ერთხელ ტელევიზიაში და რადიოში წაგვიყვანა... იმ დღიდან ვინც იქ ვიყავით, მართლა ვოცნებობდით, რომ იმ შენობაში რა სტატუსითაც არ უნდა გვემუშავა, რა მაგარი იქნებოდა... ვერც წარმოვიდგენდი, თუ შესაძლებელი იყო, ეს მომხდარიყო. ძალიან ოცნების სფეროდ მიმაჩნდა. არაფრით დამიშვია, რომ იქ ოდესმე მოვხდებოდი, არც ნაცნობი არავინ მყავდა, რომ ვთქვათ, ამაში დამხმარებოდა... გავიდა დრო და იქ შემთხვევით მოვხვდი...

- თავიდან „პიონერფილმში“ კინოს სიყვარულმა მიგიყვანა?

- კინო, მულტიპლიკაცია ძალიან მიყვარდა, მაგრამ იქ რომ აღმოვჩნდი, ეს საერთოდ ჩემი მშობლების დამსახურება, რაც ძალიან კარგი იყო. ის წლები საუკეთესოდ და საინტერესოდ გავატარე, - უამრავი პერფორმანსი გვქონდა და საღამოებს ვაწყობდით.

- და არქიტექტორობა რატომ გადაწყვიტე?

- არავინ იცის... დედა ფიზიკოსი მყავს, მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში ასწავლიდა, პედაგოგია. მისი დამსახურებით, ბავშვობაში სულ ფიზიკა მესმოდა, დედას მოწაფეები ჰყავდა, თან სულ უნივერსიტეტში ვიყავი. სკოლაც ფიზიკა-მათემატიკური განხრით დავამთავრე. ყველას ეგონა, რომ მაგ მიმართულებით წავიდოდი, მაგრამ უცბად გამოვაცხადე, რომ არქიტექტურა მინდა, რადგან მომწონს-მეთქი. და არქიტექტურისთვის პირდაპირ მზადება დავიწყე. ისე, მანამდე სულ ვხატავდი, ეგ საქმეც მიყვარდა. ჩემები საერთოდ ისე იყვნენ, რომ არასდროს მეწინააღმდეგებოდნენ, არც იმაში გაუწევიათ წინააღმდეგობა, არქიტექტორობის სურვილი რომ გამიჩნდა. ჩემს გადაწყვეტილებას, არჩევანს ყოველთვის პატივს სცემდნენ. წავედი და ჩავაბარე. პირველ კურსზე ვიყავი, რომ შემთხვევით ტელევიზიაში მოვხვდი და დავრჩი..

- და იმ შენობაში და საოცნებო ტელევიზიაში, რომლითაც ბავშვობაში სტუმრობისას მოიხიბლე?

- საოცნებო შენობაში, ოღონდ, "მეორე არხზე“... აი, მანდ უკვე მოხდა სერიოზული გატაცება და იმის მერე იმ ტელევიზიიდან დიდი ხნის განმავლობაში არც გამოვსულვარ, იქამდე, სანამ რეკლამამ არ გამიტაცა.

- პოპულარობის გარდა ტელევიზიამ კიდევ რა მოგიტანა?

- ჩემთვის პოპულარობა მეათეხარისხოვანია, სხვა დანარჩენი - უფრო საინტერესო. ესაა ურთიერთობა, მეგობრები, ძალიან საინტერესო ადამიანების გაცნობა, გამოცდილება, ბევრი რამ. ასევე ბევრი ცუდის გარჩევაც მასწავლა.

- ვინ იყვნენ შენს ცხოვრებაში მშობლების გარდა ის ადამიანები, ვინც ერთგვარი ორიენტირები აღმოჩნდნენ, ვისგანაც თუნდაც რაღაცები ისწავლე?

- ბავშვობაში იყო გრიშა ჩიგოგიძე, მერე მამუკა ღლონტი, ხოლო ვინც პირველად ეკრანზე გამომაჩინა, გიორგი კიკალეიშვილი აღმოჩნდა, ასევე გიორგი ებრალიძე. ეს ადამიანები იყვნენ, ვისგანაც ტელევიზიაში რაღაცები ვისწავლე. მერე იყო საშა კაცმანი, რომელმაც რეკლამას პირველად მაზიარა.

- როგორი იყო პირველი ეთერი?

- არ ვიცი, გიორგიმ ეთერში ისე შემაგდო, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. თავისი დახატული ლამაზი ფონი გაშალა და მითხრა, - შენ ახლა მიგყავს მუსიკალური ათეული. შოკში ვიყავი, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, უნდა წამეყვანა.

- "ტოროლობა“ შენს კარიერაში მგონი, მნიშვნელოვანი პერიოდი და ეტაპი იყო, ხომ?

- კი, რომელიც არ დამთავრებულა, დღემდე გრძელდება... ასე მოვარდა და დარჩა... ზუსტად მაგ ასაკში ვარ ჩარჩენილი... ეს იყო რაღაც კარგი ექსპერიმენტი, განსხვავებული რაღაც, სიახლე, პირდაპირ ეთერში მუშაობა და აბსოლუტური იმპროვიზაცია. მამუკა თემას გვეტყოდა, რასაც იქვე ვშლიდით.

- გამორჩეული სატელევიზიო წყვილი იყავით შენ და ნანიკო ხაზარაძე...

- სატელევიზიო ამბავში ნანიკო ჩემთვის განუყოფელი ნაწილია. სასწაული მეწყვილეა - უსიტყვოდ ესმის ყველაფერი და მხარს გიბამს. სატელევიზიო პარტნიორს დიდი მნიშვნელობა აქვს, - არაფერი გიშველის თუ არ გყავს კარგი პარტნიორი.

- გარდა ტელეწამყვანობისა, გრანდიოზული კონცერტების, სხვადასხვა სივრცეში, ქუჩაში წაყვანაც გიწევდა... ეს კიდევ რაღაც სხვა უნარია და ამას როგორ ახერხებდი?

- ყველაფრის რეცეპტი, ჩემი აზრით, ბუნებრიობაა. რაც უფრო შენ ხარ და არ თამაშობ, ამას მაყურებელი კარგად ხვდება. როცა შენ ხარ, რაღაცებს არ იგონებ, არ მეტიჩრობ, გიღებს. რაც ვარ ცხოვრებაში, ის ვარ ეკრანზე და ყველგან... ეს არის ჩემთვის მთავარი - არ ვიცი თამაში, რაღაცების გამოგონება. როგორც ვთქვი, ამას მაყურებელი გრძნობს და იღებს ისე, როგორც უნდა მიიღოს.

- რეკლამა, როგორც თქვი, ასევე ახალი ამბავი იყო ჩემთვისო... რით მიგიზიდა?

- რეკლამა ძალიან საინტერესო სფეროა, ძალიან შემოქმედებითი. მაგ სფეროში მუშაობა მომწონს. ამ ეტაპზე ტელევიზიასთან პარალელურად ამ საქმით ვარ დაკავებული. დიდი დოზით უფრო რეკლამაში ვარ, ჩემს კომპანიაში ვსაქმიანობ. პირველად საშასთან დავიწყე მუშაობა სარეკლამო კომპანია „სარკეში“. ეს იყო რეკლამაში ჩემი პირველი სამსახური. ძალიან საინტერესო და დიდი გამოცდილება მივიღე. თუმცა მანდ ტელევიზიის გამოცდილებაც გამომადგა. რა თქმა უნდა, ეგ რომ არა, ამას ვერ გავაკეთებდი. კი, ტელევიზიიდან ამ სფეროში მომყვა გარკვეული გამოცდილება, მაგრამ რეკლამა მაინც სხვა რამ აღმოჩნდა.

- ვიცი, რომ საინტერესო გატაცება გაქვს - ორიგინალურ სანათურებს აკეთებ... ნამუშევრები იყიდება?

- სანათურების გაკეთება ჩემი ნერვების დასაწყნარებელი და დასამშვიდებელი რამ არის. მეკითხებიან იყიდებაო? ყველას ვეუბნები, რომ - არა. რამდენადაც შემოქმედებაში შემილია თავისუფლად გავცურო, თავი კარგად ვიგრძნო, იმდენად არ შემილია ვიყო კომერციაში. ჩემი მეგობრები მოდიან, ჩემს ნამუშევრებს ათვალიერებენ და გვიხარია. უკვე იმდენი დამიგროვდა, მართლა სად წავიღო, აღარ ვიცი... თუ გაყიდვაზე მიდგება საქმე, ვიღაც მჭირდება, რომ ხელი მოკიდოს ამ საქმეს და მიხედოს.

- არსებობენ ადამიანები, რომელთა დანახვაზე კარგი განწყობა მოდის, შენ, ბევრის თქმით, მაგ კატეგორიას მიეკუთვნები. შესაბამისად ეღიმებათ კიდეც. აუდიტორია ბევრჯერ გაგიცინებია. თვითონ რაზე გეცინება?

- რა დავარქვა, არ ვიცი, მაგრამ კარგ იუმორზე ძალიან მეცინება. მდარე იუმორზე, წელს ქვემოთ იუმორზე არ მეცინება... მაგალითად, „კაცებზე“ ვიცინი, ეგენი ჩემთვის კარგი იუმორისტები არიან.

- რაზე ბრაზდები?

- ყველაზე მეტად უსამართლობაზე. სამწუხაროდ ხშირად ხდება ეს ამბავი. მერე ხან როგორია გამოხატვის ფორმა, ხან - როგორი, რასაც იმ მომენტში ის გაბრაზება წამოიღებს...

თეა გობეჯიშვილი და ნიტა ლომიძე

- მეუღლე ცნობილი მოცეკვავე თეა გობეჯიშვილია. თეამ რა მოიტანა შენს ცხოვრებაში?

- ბევრი რამ - საოჯახო გამოცდილება, იდილია, სითბო, ნიტა, რაც ყველაზე მთავარია და პირველ რიგში - მეგობრობა... თეა ისევ ცეკვაშია, ისევ თავისი სტუდია აქვს, რომელიც ამ ბოლო დროს მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ სტუდიად აღიარეს. საერთაშორისო კონკურსებზე მისი ბავშვები ისეთებს აკეთებენ, გაოცდებით. საქართველოს ბევრი ოქრო ჩამოუტანეს, მაგრამ ისაა, რომ აქ არავის აინტერესებს... ახლახან იტალიაში იყვნენ, მსოფლიო სამეჯლისო ცეკვებში ჩემპიონატი ტარდებოდა და 61 ოქროს მედალი ჩამოიტანეს. ასეთი ისტორიას არ ახსოვს, რომ ერთ ქვეყანას ამდენი ოქრო წაეღოს...

- მართლა სასიხარულოა... ნიტა თქვენი ნიჭიერი გოგონა და მოცეკვავე ისევ ამერიკაში სწავლობს?

- ჰოო, ასე „გავაგდეთ“ და იქ არის. სასწავლებლად კიდევ 2 წელი დარჩა. სკოლა იქ დაამთავრა, მერე თვითონ აირჩია უნივერსიტეტი, უნდოდა, პროფესია ჰქონოდა. ფსიქოლოგია გადაწყვიტა, უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ ნახევარ წელიწადში მიხვდა, რომ სხვაგან არის... მოკლედ, ცეკვავს, ესაა ის, რაც უზომოდ უყვარს.

- იქ ხომ არ აპირებს დარჩენას?

- ჯერ არ იცის. საქართველო ძალიან უყვარს, მაგრამ მაგის პროფესიაში პერსპექტივები აქ ძალიან რთულად წარმოსადგენია. ამ ეტაპზე უნდა, რომ დასებში იყოს. ახლა აქ არის, 2 დღეა, რაც ჩამოვიდა.

- ახალი წელი გვიახლოვდება, როგორია შენი წინასაახალწლო განწყობა? როგორ აფასებ 2025 წელს და რა მოლოდინი გაქვს 2026-ში?

- 2025 წელს უმძიმესად ვაფასებ და ძალიან იმედის თვალით ვუყურებ 2026 წელს. ძალიან მინდა, რომ დავიძინებ, ოდესმე ძალიან კარგ საქართველოში გავიღვიძო. ისეთ საქართველოში, რაზეც ჩვენი მშობლები ოცნებობდნენ და ამ სურვილში ჩვენი შვილიც შემოგვემატა.

- ოჯახი საახალწლოდ როგორ ემზადებით?

- ნიტა რომ ჩამოდიოდა, ვეუბნებოდი, ნაძვს ხე ხომ გვაქვს და ისევ ის გავმართოთ, მართალია, 15 წლის ნაძვის ხეა, ცოტა მოძველდა, მაგრამ რა უშავს, იყოს-მეთქი. არ ვარგა, არაო. წელს კატეგორიულად ახალი ნაძვის ხე მოუნდა. გუშინ უკვე მივიტანეთ, ერთად გავშალეთ, დავდგით, ავაწყეთ. ახლა ლამაზი სათამაშოები უნდა ვუყიდოთ, რომ მოვრთოთ და ამ პროცესში ვართ. წლების წინ ახალ წელს არასდროს სახლში არ ვიყავით, სულ ვმუშაობდით, მაგრამ უკანასკნელი 13 წელია, სახლში ვართ. ერთი კარგი საქმე გაგვიკეთეს, რომ ახალ წელს სახლში ვრჩებით...ყველას ვულოცავ დამდეგ 2026 წელს. ბედნიერება და სიხარული მოეტანოს...