ბევრს ის პატარა გოგონა ახსოვს, რომელიც წლების წინ ნათია გოგიტიძისა და რუსა მორჩილაძის საკულტო კლიპში „ნუ შეგაშინებს დრო“ თავისი დის ბავშვობას თამაშობდა. თუმცა, დღეს ია გოგიტიძე სრულიად სხვა ამპლუაში დაგვიბრუნდა - ის წარმატებული სენიორ ინჟინერია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ტიკტოკზე ათიათასობით ადამიანს თავის ყოველდღიურობას უზიარებს.
ამერიკული ოცნება, მაღალანაზღაურებადი IT კარიერა და ემიგრაციული "მარათონი" - ერთი შეხედვით, იას ცხოვრება იდეალურად გამოიყურება, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა რთული შინაგანი ბრძოლა, დეპრესიასთან გამკლავება და "შინაგანი ბავშვისთვის" დაცული სივრცის ძიება დგას. რატომ არ ავსებს მას ტექნოლოგიური სფერო, სად გაუჩინარდა მისი და, ნათია გოგიტიძე და რას ნიშნავს, როცა საკუთარი თავისგან გაქცევის ნაცვლად, საკუთარი ხმის პოვნას ცდილობ - წაიკითხეთ ექსკლუზიურ ინტერვიუში
- ია, როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როდესაც პატარამ თქვენი დის, ნათია გოგიტიძის კლიპში (რუსა მორჩილაძესთან ერთად) გადაგიღეს?
- დიდი სიყვარულითა და ხალისით მახსენდება ბავშვობის ეგ პერიოდი. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. მახსოვს დედაჩემი გვატარებდა სხვადასხვა კონკურსებზე და სულ გვიწევდა ხოლმე სცენაზე ყოფნა, რამაც ამ გადმოსახედიდან ძალიან დამეხმარა ცხოვრებაში.

- თქვენი და, ნათია გოგიტიძე, ერთი სიმღერის შემდეგ თითქოს გაუჩინარდა ქართული სცენიდან. შეგიძლიათ გვითხრათ, სად არის ის ახლა და რას საქმიანობს?
- ჩემი დაც ამერიკაშია, IT სისტემების განხრით მაგისტრატურა დაამთავრა დაფინანსებით და დღეს Tech Lead გახლავთ. ვერ ვიტყვი რომ გაქრა, დღესაც მგონია რომ საქართველოში შოუ ბიზნესში ყოფნა შემოქმედებით რეალიზებაზე მეტად უფრო თავგანწირვის დიდი აქტია, თან მაშინ მითუმეტეს - რისთვისაც ნათია მზად არ იყო. სხვათა შორის გვაქვს საუბრები საერთო შემოქმედებით პროექტებზე და დიდი იმედი მაქვს, რომ დროს გამოვნახავთ მათი რეალიზებისთვის.

- როგორ დაიწყო თქვენი ტიკტოკ-მოგზაურობა? რა იყო ის პირველი ვიდეო ("მე იცით, რომელი გოგონა ვარ", მე ამ ვიდეოთი შეგხვდით)?
- “მე იცით, რომელი გოგონა ვარ” იყო ერთ-ერთი, რომელიც “გავარდა”, პირველი ვიდეო კი ამერიკაში სწავლაზე ჩავწერე. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხებოდა ამერიკაში სასწავლებლად ჩამოსვლის გზებზე ამას ჩემი ტიკ ტოკზე აქტიურობის სურვილიც დაემატა, ჩემმა დამაც წამაქეზა და ასე დავიწყე ვიდეოების ჩაწერა.
- რამ შთაგაგონათ, რომ შეგექმნათ ვიდეოები ამერიკაში ცხოვრების, ფასებისა თუ შენაძენების შესახებ? რა გამოხმაურება მიიღეთ ქართველი გამომწერებისგან?
- ბევრი მწერდა აქაური ცხოვრების სტანდარტების შესახებ კითხვებს, შესაბამისად ვიფიქრე, რომ ჩემი ვლოგის ერთ-ერთი მნიშვნელობანი ნაწილიც ეს იქნებოდა. გამოხმაურებას რაც შეეხება, იმ ვიდეოებს, სადაც ფასებზე ვლაპარაკობ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვები აქვს, ამიტომ ვფიქრობ ეს ცხელი თემაა და ისიც შევამჩნიე, რომ ამ ვიდეოების შემდეგ ბევრი ემიგრანტი გამოჩნდა მსგავსი კონტენტით.
<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@iacho.0/video/7434383014605507871" data-video-id="7434383014605507871" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@iacho.0" href="https://www.tiktok.com/@iacho.0?refer=embed">@iacho.0</a> აბა ვის გახსოვთ? @natia.gogitize <a title="foryoupage" target="_blank" href="https://www.tiktok.com/tag/foryoupage?refer=embed">#foryoupage</a> <a title="greenscreenvideo" target="_blank" href="https://www.tiktok.com/tag/greenscreenvideo?refer=embed">#greenscreenvideo</a> <a target="_blank" title="♬ original sound - iacho.0" href="https://www.tiktok.com/music/original-sound-7434382971148897055?refer=embed">♬ original sound - iacho.0</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>
- სამი წელი ამერიკაში - როგორ შეაჯამებდით ამ პერიოდს? რა არის ის ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი სიკეთე, რაც ამ ქვეყანამ მოგიტანათ?
- ეს იყო ზრდის ინტენსიური პერიოდი, არ დავწვრილმანდები მაგრამ ბევრი გამოწვევაა დასაწყისში, რაც უმოკლეს ვადებში თუ არ მოაგვარე მერე ძალიან გაგიჭირდება აქ ყოფნა. ყველაზე დიდი სიკეთეა თვით რეალიზებისთვის დიდი პლატფორმა. მარცხის დადებითი ასპექტით მიღების კულტურა, სწავლა და ისევ ყველაფრის თავიდან გაგრძელება.

- თქვენ სენიორ ინჟინერი ხართ და IT სფეროში მუშაობთ. რა გზა გაიარეთ ამ დონის მისაღწევად და რა არის თქვენი სამუშაო რუტინა, მით უმეტეს, რომ სახლიდან მუშაობთ?
- საქართველოში რაღაც პერიოდი IT რეკრუტერად ვმუშაობდი ამიტომ ამ სფეროსთან შეხება მანამდეც მქონდა. ამას ჩემი დის გავლენაც დაემატა. თავიდან ამერიკაში თავის დამკვიდრებისთვის იდეალურ ვარიანტად მესახებოდა: მინდოდა მაღალანაზღაურებადი სამსახური თავისუფალი გრაფიკით და ეს იყო მთავარი ბიძგი რომ ITის მიმართულებით მეც მაგისტრატურა დამემთავრებინა და ამის შემდეგ ასე რომ ვთქვათ “შევსულიყავი მარკეტზე”. ჩემი გრაფიკია გუნდელებთან სისტემატური შეხვედრები და საქმის დასრულების დედლაინები. სხვა საკითხში არავინ ერევა ჩემს სამუშაო ს-ვრცეში, რაც ძალიან კომფორტულია პირადად ჩემთვის.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ IT სფერო ფინანსურად გეხმარებათ, მაგრამ შინაგანად არ გავსებთ...
- არ ვიცი რამდენად ხშირია ეს მაგრამ ჩემს შემთხვევაში, როგორც აღვნიშნე, IT-იმ მომცა ფინანსური თავისუფლება და ერთგვარი ავტონომია და სწორედ ეს გახლდათ ჩემი აქ ჩამოსვლის გეგმის პირველი პუნქტი. არავისზე არ მინდოდა ვყოფილიყავი დამოკიდებული. ახლა კიდევ სხვა ეტაპი მაქვს - “მოვუსმინო ჩემს შინაგან ბავშვს”. როგორც ზრდასრულმა, მე მას სტაბილური, დაცული სივრცე შევუქმენი და ახლა მისი სურვილების ახდენაზე უნდა ვიზრუნო. P.s სოციალური აქტივობაც ჩემი შინაგანი ბავშვის ერთ-ერთი სურვილი იყო ამიტომ სწორ გზაზე ვართ.
- აღნიშნეთ, რომ ვერ შეძელით ნამდვილი მეგობრების შეძენა. ამერიკული ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, რამდენად რთულია ემიგრანტისთვის გულწრფელი კავშირების დამყარება?
- რთულია, რადგან ყველა თავის მარათონშია. ან დრო არ გიწყობს ხელს, ან გეოგრაფია. (სხვადასხვა შტატებშია შენთვის საინტერესო ადამიანები). გარდა ამისა დღეს ქვეცნობიერად უფრო სელექციური ვარ ვიდრე ადრე. ცუდად არ გამიგოთ მაგრამ აღარ მინდა ნეგატიურ, ზარმაც ან უმადურ ადამიანებთან კონტაქტი. კიდევ იმასაც ვიაზრებ რომ ახლა ვაშენებთ მომავალს და ადამიანებს უბრალოდ არ გვცალია და ენერგია არ გვყოფნის სოციალურ ინტერაქციაზე.
- თქვენი ოცნებაა, იყოთ შემოქმედი ადამიანი. კონკრეტულად რა სფერო გიზიდავთ ყველაზე მეტად და რატომ?
- ძალიან მაინტერესებს ფროდაქშენი, კინო, სიმღერაც მომწონს. ყველაფერი მინდა რომ ვცადო.
- თქვენ ახსენეთ, რომ განსჯის შიში გაჩერებთ. კონკრეტულად ვისგან ან რისგან გეშინიათ განსჯის? როგორ ცდილობთ ამ შიშის დაძლევას?
- ზოგადად შეცდომის დაშვება მაშინებს ან საქმის დაბალ სტანდარტზე გაკეთება, რაც ძალიან ცუდია. ამაზე აქტიურად ვმუშაობ რომ ადეკვატურად მივიღო ჩემი არც ისე კარგად დაწყებული საქმე. საკუთარ თავს ვუთხრა: “არა უშავს, კიდევ სცადე და უკეთ გამოგივა”. ბევრს ვკითხულობ ეს რომ გადავლახო. ამ ლიტერატურაზე ჩემს ვლოგებშიც ვსაუბრობ.

- ღიად ისაუბრეთ დეპრესიასთან ბრძოლაზე და "ორ ადამიანად გაყოფილ" მე-ზე. რამდენად რთულია ამერიკაში, სადაც წარმატების კულტია, ღიად საუბარი მენტალურ ჯანმრთელობაზე?
- ემიგრაციაში ეს და მსგავსი “insecurities” უფრო მეტად იჩენს თავს რადგან უცხო გარემო და ბუნდოვანი მომავალი შენს ყველაზე ღრმა შიშებს იწვევს. ვცდილობ ვიფიქრო, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება. ნეგატიურ ფიქრებს ვახშობ. ვკითხულობ შესაბამის ლიტერატურას, პატარა რიტუალები მაქვს: ვწერ, ფაზლებს ვაწყობ, ვვარჯიშობ. ერთი პერიოდი ფსიქოლოგი მყავდა. არ მიშველა მოკლედ, ყველა ეტაპზე სხვადასხვა შიშები მაწუხებს და ყოველ ჯერზე მათთან შერკინების ახალ აზრებსა და გზებს ვპოულობ.
- თქვენი ვიდეო, სადაც ამ გამოწვევებზე საუბრობთ, სრულდება მესიჯით: "თუ შენც იმავეს გადიხარ, მინდა იცოდე, რომ მარტო არ ხარ."
- მიუხედავად ცუდად ყოფნისა ახალი დღე ისევ გათენდება, ყველაფერი ისევ თავიდან - საათის მექანიზმივით ამუშავდება. ჩვენი არჩევანია რას დავუთმობთ ამ დროს. მე ყოველ დღე ვირჩევ: სამსახურში “წასვლას”, ვარჯიშს, ვლოგის ჩაწერას, ერთ დადებით აზრს მაინც და კი, ნამდვილად არ მეხალისება ამის კეთება, მაგრამ იმ დღის საღამოს ძილის წინ მადლობას ვეტყვი თავს რომ რაღაც მაინც გავაკეთე და ეს კარგად იმოქმედებს ჩემზე. რეალურად ესაა რთული და სწორი გადაწყვეტილებაც და ამის მაგალითიც საჭიროა.
- როგორია თქვენი ხედვა მომავალზე? გეგმავთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას, თუ ამერიკაში დარჩენას შემოქმედებითი საქმიანობისთვის?
- ჯერ-ჯერობით ვფიქრობ ამერიკაა, ის სადაც უნდა ვიყო. დღეს საქმე ისიც მიადვილებს რომ ჩვენი ოჯახის სრულად ემიგრაციაც წარმატებით მიმდინარეობს ამიტომ რაღაც პერიოდი აქ ვიქნები: ვცდი ყველაფერს რისი გაკეთებაც მინდა და ამის შემდეგ შეიძლება განვიხილო ისევ საქართველოში დაბრუნება.

- რა რჩევას მისცემდით იმ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ IT სფეროში წასვლაზე ან ემიგრაციაზე, მაგრამ შინაგანი მოწოდება სხვა მიმართულებით აქვთ?
- ნებისმიერი საქმე ან აქტივობა რაც კომფორტის ზონიდან გამოგიყვანთ არის ის რაც უნდა გააკეთოთ. სხვაგვარად არ ხდება პიროვნული ზრდა და არ მოდის ის თავდაჯერებულობა რაც სხვა უკეთესი საქმის გასაკეთებლად გჭირდებათ - ეს ერთი. მეორე: ხშირად მესმის: “უნდა აკეთო ის რაც იცი” უკვე გაიცვითა ეს იდეოლოგია. ყველაფერი უნდა სცადო და გააკეთო. ისეთ დროში ვცხოვრობთ ერთ საქმეს 30-40 წელი აღარავინ აკეთებს. იქნებ ის რაც გულით გინდათ საერთოდ არ შეგავსებთ და პირიქით, პროცესში ის იპოვოთ რაც მართლა მოგეწონებათ. მთავარი წინაპირობაა დაიწყოთ მოქმედება.
თქვენს კითხვაზე: ემიგრაციაშიც უნდა წავიდეს ადამიანი რომ საკუთარი თავი გამოცადოს. სულ შეძლებთ უკან დაბრუნებას. რა პრობლემაა. IT-ც სცადეთ ( ხელოვნური ინტელექტის დროში ვცხოვრობთ)! თავს ლიმიტებს ნუ უწესებ, იყავი მზად ცვლილებებისთვის. არავინ დგას კატეგორიული არჩევანის წინაშე ან ერთი ან მეორე. ორივე სცადე და პროცესში გაიგებ მართლა რა გინდა.