ავტორი:

ამერიკამ "მწვანე ბარათის" გათამაშების პროგრამა შეაჩერა - რას უკავშირდება ტრამპის გადაწყვეტილება და რას გულისხმობს ალტერნატიული "ოქროს ბარათი"

ამერიკამ "მწვანე ბარათის" გათამაშების პროგრამა შეაჩერა - რას უკავშირდება ტრამპის გადაწყვეტილება და რას გულისხმობს ალტერნატიული "ოქროს ბარათი"

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა. გადაწყვეტილება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას უკავშირდება. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელი - წარმოშობით პორტუგალიელი ნევეშ ვალენტე - აშშ-ში სწორედ ამ პროგრამის საშუალებით შევიდა.

„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, დაუყოვნებლივ ვავალებ აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურს, შეაჩეროს პროგრამა DV1-ის მოქმედება. ეს კეთდება იმისთვის, რომ ამ დამღუპველი პროგრამის გამო ამერიკელებს საფრთხე აღარ შეექმნათ“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში შიდა უსაფრთხოების მინისტრმა, კრისტი ნოემმა.

მინისტრის თქმით, "ამ საშინელ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არასდროს უნდა ჰქონოდა“.

ტრაგედია უნივერსიტეტში

48 წლის პორტუგალიის მოქალაქე ნევეშ ვალენტე ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. სროლის შედეგად დაიღუპა ორი სტუდენტი, ცხრა კი დაიჭრა. მასვე ედება ბრალად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორის მკვლელობა. თავად ეჭვმიტანილი ხუთშაბათს, 18 დეკემბერს, გარდაცვლილი იპოვეს - სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აშშ-ის ხელისუფლების მონაცემებით, ვალენტე ქვეყანაში 2017 წელს DV1 პროგრამით შევიდა. თუმცა, ირკვევა, რომ ის ამერიკაში მანამდეც იმყოფებოდა - 2000 წელს იგი ბრაუნის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზით ჩავიდა. უცნობია, სად იმყოფებოდა ის სწავლის დასრულებიდან 2017 წლამდე, სანამ „გრინ კარტას“ მოიგებდა.

ტრამპის ბრძოლა "ლატარიის" წინააღმდეგ

დონალდ ტრამპი დიდი ხანია "გრინ კარტის" გათამაშების გაუქმებას ითხოვს. ჯერ კიდევ 2017 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, მან პროგრამის შეჩერება ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის შემდეგ სცადა. მაშინ თავდამსხმელი უზბეკეთის მოქალაქე საიფულო საიპოვი აღმოჩნდა, რომელიც აშშ-ში ასევე ამ გათამაშებით იყო ჩასული.

"გრინ კარტის“ გათამაშების პროგრამა აშშ-ში 1990 წლიდან მოქმედებს და მას სახელმწიფო დეპარტამენტი უწევს ორგანიზებას. ყოველწლიურად 55 000-მდე ვიზა გაიცემა იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, საიდანაც აშშ-ში იმიგრაციის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 2025 წელს გათამაშებაში 20 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

"გრინ კარტის" ალტერნატივა - ტრამპის "ოქროს ბარათი"

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა მკვეთრად გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა, რაც მასობრივ დეპორტაციასა და სამუშაო ვიზების გაძვირებას გულისხმობს. ამის პარალელურად, პრეზიდენტმა დაიწყო ახალი პროგრამა - „ტრამპის ოქროს ბარათი“ (The Trump Gold Card).

ეს პროგრამა გათვლილია მდიდარ და მაღალკვალიფიციურ უცხოელებზე. აშშ-ის ბინადრობის უფლების მისაღებად პირმა 1 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს, რაც იმის „მტკიცებულებაა, რომ ადამიანს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია“.

კრიტიკოსები და დემოკრატები მიიჩნევენ, რომ „ოქროს ბარათი“ სამართლიანობის პრინციპს არღვევს და უპირატესობას მხოლოდ შეძლებულ პირებს ანიჭებს, მაშინ როცა „გრინ კარტის“ ლატარია სხვადასხვა შემოსავლის მქონე ადამიანებს აძლევდა შანსს.