ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებენ ჯორჯინას ადვოკატები - "ბიზნესვუმენმა აირჩია გზა, რომ..."

რა განცხადებას ავრცელებენ ჯორჯინას ადვოკატები - "ბიზნესვუმენმა აირჩია გზა, რომ..."

მსოფლიო სპორტის ყურადღების ცენტრში UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია და მისი მეუღლე, ბიზნესვუმენი ჯორჯინა უზკატეგუი მოექცნენ. წყვილი, რომელიც წლების განმავლობაში იდეალური ურთიერთობის მაგალითად ითვლებოდა, მწვავე სამართლებრივ დაპირისპირებაშია. ესპანური მედია და Yahoo Sports-ი სენსაციურ დეტალებს ავრცელებენ, რომლებიც შანტაჟს, ძალადობის ბრალდებასა და სასამართლო დავას მოიცავს.

ჯორჯინას ადვოკატების ოფიციალური პოზიცია: "ეს არის ცილისწამება“

მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ საჯაროდ მიანიშნა შანტაჟის მცდელობაზე, ჯორჯინა უზკატეგუიმ დუმილი დაარღვია. გამოცემა La Otra Crónica-სთვის გაგზავნილ ოფიციალურ განცხადებაში, ადვოკატები მოითხოვენ, მათი სიტყვები ზუსტად ისე იქნას გაგებული, როგორც წერია და არ მოხდეს მათი ინტერპრეტაცია.

"იმ ინფორმაციების გათვალისწინებით, რომლებიც ბოლო დროს ვრცელდება და რომლებსაც აქვთ ცილისმწამებლური ხასიათი, მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შემდეგი განმარტების გაკეთება:

ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელიც არის მკაცრად პირადი და ოჯახური ხასიათის და რომელიც პირდაპირ ეხება არასრულწლოვანს. სწორედ ამ მიზეზით - ჩვენს კლიენტსა და ილია თოფურიას საერთო შვილზე ზრუნვის გამო - ბიზნესვუმენმა აირჩია გზა, რომ არ გააკეთოს არანაირი საჯარო განცხადება. ჩვენ მივმართავთ ყველა მედიასაშუალებას, რათა თავი აარიდონ სპეკულაციებს ან პარალელური სასამართლოების მოწყობას და გამოიჩინონ პატივისცემა მიმდინარე სამართლებრივი პროცესის მიმართ.“

ჯორჯინა უზკატეგუის ადვოკატების განცხადებაში რამდენიმე მკაფიო გზავნილი იკითხება:

პირველ რიგში, დაცვის მხარე თოფურიას მიერ გავრცელებულ ბრალდებებს შანტაჟის შესახებ პირდაპირ უწოდებს „ცილისმწამებლურს“ და სიმართლესთან შეუსაბამოს; ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჯორჯინას დუმილი არა არგუმენტების ნაკლებობას, არამედ მხოლოდ მცირეწლოვანი შვილის ინტერესების დაცვას ემსახურება; საბოლოოდ კი, ადვოკატები მედიას მიანიშნებენ, რომ ისინი სიმართლის დამტკიცებას არა საჯარო სივრცეში, არამედ მხოლოდ სასამართლო დარბაზში, სამართლებრივი გზით აპირებენ.

ბრალდება სასტიკ მოპყრობაზე: რას წერს Yahoo Sports?

Yahoo Sports-ი, ჟურნალისტ ისაბელ რაბაგოზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაპირისპირება გაცილებით შორს წავიდა. მათი ცნობით, მას შემდეგ, რაც თოფურიამ ოქტომბერში განქორწინებისა და ფინანსური პირობების შესახებ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა, ჯორჯინამ მას სასტიკი მოპყრობის ბრალდებით უპასუხა.

ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ ესპანური კანონმდებლობით, მსგავს ბრალდებას მყისიერი რეაგირება მოჰყვება ხოლმე, თუმცა ამ ეტაპზე თოფურიას მიმართ არც დაკავების ორდერი გაცემულა და არც მიახლოების აკრძალვა დაწესებულა.

ოთხთვიანი კრიზისი და „ტოქსიკური ურთიერთობა“

წყვილის განშორების პროცესი, როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ისინი ბედნიერებას ასხივებდნენ, კულისებში ფინანსური და პერსონალური დავა მიმდინარეობდა.

კრიზისის პირველი ნიშნები მაშინ გაჩნდა, როცა ვენესუელელმა ბიზნესვუმენმა თოფურიას "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა, მათთან ერთად გადაღებული ფოტოები წაშალა და დაიწყო პოსტების გამოქვეყნება "ქალთა გაძლიერებასა" და "ტოქსიკური ურთიერთობების დასრულებაზე".

ილია თოფურიას პოზიცია

თოფურიამ თავის ბოლო განცხადებაში აღნიშნა, რომ მას ყველაფერი „იდეალურად აქვს დოკუმენტირებული“ და დუმილს მხოლოდ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე ინარჩუნებს. წყვილს საერთო 2 წლის გოგონა ჰყავს, ილია კი ასევე ზრდის 8 წლის ვაჟს წინა ურთიერთობიდან.

ამ დროისთვის, დავა სასამართლო დარბაზში გრძელდება და როგორც ჯორჯინას მხარე აცხადებს, ისინი არ აპირებენ დეტალების საჯაროდ განხილვას, რათა არასრულწლოვანის ინტერესები არ დაზიანდეს.

წაიკითხეთ ასევე: