არაფერი გრძელდება სამუდამოდ — ჩვენი სამყაროც კი. ერთ-ერთი ასეთი გამაფრთხილებელი ნიშანი დაბადებული ვარსკვლავების რაოდენობის შემცირებაა.
თანამედროვე სამეცნიერო კონსენსუსის თანახმად, სამყაროს ასაკი დაახლოებით 13,8 მილიარდი წელია. პირველი ვარსკვლავები დიდი აფეთქების შემდეგ მალევე ჩამოყალიბდა.გასულ წელს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენს გალაქტიკაში სამი ვარსკვლავი აღმოაჩინა, რომლებიც, სავარაუდოდ, 13 მილიარდ წელზე უფროსია.
ვარსკვლავი კოსმოსური მტვრისა და გაზის უზარმაზარ ღრუბლებში წარმოიქმნება, რაც ასტრონომიაში ტურბულენტობის სახელითაა ცნობილი. გრავიტაციის გავლენით, გაზის გროვები ერთმანეთს იზიდავს, თანდათან თბება და ახლადჩამოყალიბებულ ვარსკვლავად — პროტოვარსკვლავად — გარდაიქმნება. როდესაც ვარსკვლავის ბირთვი მილიონ გრადუსამდე თბება, მისი წყალბადის ატომები კოლაფსირდება და ჰელიუმს წარმოქმნის. ამ პროცესს ბირთვული სინთეზი ეწოდება.

ასტრონომები ვარაუდობენ, რომ მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები, მათ შორის მზე, სამყაროს ყველა ვარსკვლავის დაახლოებით 90%-ს შეადგენენ. მზის მსგავსი დაბალი მასის ვარსკვლავები მილიარდობით წლის განმავლობაში თანდათან ქრება. თუმცა, უფრო მასიურ ვარსკვლავებს, რომელთა მასა მზის მასაზე სულ მცირე რვაჯერ მეტია, გაცილებით დრამატული დასასრული აქვთ: ისინი ფეთქდებიან - ამ მოვლენას კი სუპერნოვა ეწოდება.
სამყაროს ქრონოლოგიური სქემის გათვალისწინებით, ვარსკვლავთწარმოქმნის პიკი დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ მოხდა, პერიოდი, რომელიც ცნობილია როგორც „კოსმიური შუადღე“.

"გალაქტიკები გაზს ვარსკვლავებად გარდაქმნიან, თუმცა ამას სულ უფრო ნელი ტემპით აკეთებენ“, - ამბობს პროფესორი დუგლას სკოტი.
მან და მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ერთდროულად 2.6 მილიონზე მეტი გალაქტიკის შესწავლა მოახერხეს. პროფესორ სკოტის თქმით, გუნდმა აღმოაჩინა, რომ გალაქტიკების ტემპერატურა თანდათან მცირდებოდა რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში.
„ვარსკვლავთწარმოქმნის პიკი უკვე დიდი ხანია გავიარეთ... ყოველი ახალი თაობა სულ უფრო და უფრო ნაკლებ ვარსკვლავს წარმოქმნის“, - ამბობს ის.