მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ სანამ ნ. იმნაძეს არ დააკავებენ არ მოისვენებს.
"ისწავლე წერა-კითხვა პროკურატურავ? ორი დღის წინ ხომ უთხარით ჩემს ადვოკატს გაიშიფრა ყველა SMS, მაგრამ ვერ ვიჭერთო ვერავისო, ახალი არაფერიაო, ამ წამს დაგვირეკეს. მე თქვენ გასწავლით წერა კითხვას. ნ. ი. -ს სანამ ციხეში არ ამოვალპობ არ მოვისვენებ, არც მე, არ მოგასვენებთ არც თქვენ...
მერიკო გაბაშვილი ჩამოათრიეთ, ალექსანდრე გაბაშვილის მამიდა, ისიც დაიჭირეთ შეუტყობინებლობაზე. მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ გგონია. მე თქვენ გენდეთ და გამაცურეთ! პროკურატურავ, როგორ გაბედე და ჩემი შვილის სიცოცხლის გაყიდვა როგორ დააპირე? ჩვენი დედა-შვილობა არ იყიდება! ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან არადა მე ავიღებ გიგა ავალიანის წილ სისხლს" - ამბობს მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე და შვილის საფლავიდან ვიდეოს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 1 ოქტომბერს, 22:15 საათზე, არასრულწლოვნები ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ ქ.თბილისში, ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრო-რაიონის მე-5 კვარტლის კორპუს N25-ში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს.
დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ 22:20 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილი მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გიორგი რიკაძე ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებისთვის ცნობილი იყო, მძიმე დანაშაულის მომზადების და ჩადენის შესახებ, მომხდარი დანაშაულის თაობაზე სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 20 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ორ პირი. ერთ პირს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა).
ხოლო მეორეს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული). ორივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.