"რუსეთი ცდილობს, ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს", - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელში წერს.
"არა, ეს სიცრუე და პროპაგანდაა. Reuters-ი მიზანმიმართულად ავრცელებს ამას მილიტარისტების ინტერესების მხარდასაჭერად, რომლებიც ცდილობენ ომის დასრულების მიზნით პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავ ძალისხმევას ხელი შეუშალონ“, - წერს გაბარდი X-ზე.
"სიმართლე ის არის, რომ აშშ-ის დაზვერვამ პოლიტიკოსებს აცნობა, რომ რუსეთი ცდილობს ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს. დაზვერვის შეფასებით, როგორც ამას ბოლო რამდენიმე წელი აჩვენებს, ბრძოლის ველზე რუსეთის შედეგები მიუთითებს, რომ რუსეთს ამ ეტაპზე უკრაინის სრულად დაპყრობისა და ოკუპაციის უნარი არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპაზე“, - აცხადებს გაბარდი.
მანამდე, Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება თვლის, ვლადიმერ პუტინის მიზანს კვლავ უკრაინის სრულად ოკუპაცია და ევროპის ნაწილის დაპყრობა წარმოადგენს.
"დაზვერვის მონაცემები ყოველთვის ის იყო, რომ პუტინს მეტი სურს. ამაში ევროპელები დარწმუნებულები არიან. პოლონელებს ეს აბსოლუტურად სჯერათ. ბალტიისპირეთის ქვეყნები ფიქრობენ, რომ პირველები ისინი იქნებიან“, - განუცხადა გამოცემას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის "დემოკრატმა“ წევრმა მაიკ ქუიგლიმ.