ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის უსაფრთხოებისა და მძღოლებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს შეზღუდვები ახალი არ არის, განსაზღვრულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მოქმედებს 2013 წლიდან. ახალი საგზაო ნიშნების განთავსება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მძღოლებმა აღნიშნული წესების შესახებ ინფორმაცია მიიღონ წინასწარ, თვალსაჩინოდ და გასაგებად.
ამასთან, მძღოლებს ვაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას.
გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ საგზაო ნიშნებს და გაითვალისწინოთ მოქმედი წესები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.