Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ ერთ-ერთი სტუმარი ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი გიორგი ასანიძე იყო. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა და შემოგთავაზეთ კიდეც ამ ინტერვიუდან გარკვეული ეპიზოდები. თუმცა გიორგი ასანიძის აღნიშნული ინტერვიუდან კვლავ გვინდა გაგიზიაროთ დარჩენილი და ასევე საინტერესო მომენტები.
დიმიტრი:
- საჩხერეში დაბადებული პატარა ბიჭი იფიქრებდა, რომ ცხოვრებაში ასეთი წარმატებული ადამიანი იქნებოდით?
- დაბადებიდან ვერ ვიფიქრებთ და არ ვიცით ის, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი, რა გველოდება ხვალ. ასეთია ცხოვრების პრინციპი. მერე ყველაფერი მოდის ეტაპობრივად, ასაკობრივად, ირჩევ კერპებს. ბევრი ნიუანსია, რომელიც მიზნისკენ სწრაფვას გიადვილებს. რაც წამოვიზარდე და მნიშვნელობა შევძინე ჩემი სპორტის სახეობას, მინდოდა, ძალიან კარგი სპორტსმენი გამოვსულიყავი. მინდოდა, სხვაზე მეტი ამეწია. ეს მიზანი და სურვილი გამყვა მანამ, სანამ 2004 წლის აგვისტოში, ეს სურვილი არ ავისრულე, რადგან ჩემი მიზანი იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი. ჩემპიონობაზე ფიქრი კი 17-18 წლის ასაკში გამიჩნდა.

ქეთო:
- რაში ვლინდებოდა თქვენი სპორტულობა და ვინ შეუწყო ხელი თქვენში ამ უნარების განვითარებას?
- საჩხერეში ძალიან განვითარებული იყო ძალოსნობის სექცია, რომელსაც დიდი ისტორია ჰქონდა. ვარჯიში იქ ჩემს პირველ მწვრთნელთან - გოგი თოდაძესთან დავიწყე, ვისთანაც 6 წელი ვივარჯიშე. მნიშვნელოვანი წლები გავიარე, რამაც ყველა საჭირო თვისება გამომიმუშავა, რაც ძალოსნობისთვის საჭირო იყო. იმდენად დიდსულოვანია ჩემი პირველი მწვრთნელი, რომ მირჩია, გზა თბილისისკენ გამეგრძელებინა. ვანო გრიქუროვთან, ჩემი აწგარდაცვლილ მწვრთნელთან მოხვედრა მირჩია. სწორედ ეგ გზა ავირჩიე, მაგ გზაზე ვიარე. ჩემს პირველ მწვრთნელს რაც არ უნდა დიდი წვლილი ჰქონდეს და ნამდვილად აქვს, რომელსაც იმ დამსახურებისთვის, იმ შედეგებისთვის, რასაც მივაღწიე, დიდ პატივს ვცემ, მე მაინც ვანო გრიქუროვთან გავიარე სერიოზული გზა. სწორედ ეს იყო ჩემთვის დიდი ჯილდო, რომ ამ ადამიანთან მოვხვდი.
უცნობი:
- პირველ დიდ წარმატებად რას მიიჩნევთ?
- წარმატება დროში, ეტაპობრივად, ასაკის ზრდასთან ერთად მოდის. ჩემს ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი წარმატება იყო, თუმცა ვერ დავაკნინებ, რაც ყველაზე მთარი გამარჯვებაა - ოლიმპიური ოქრო. ამან ჩემი სპორტული ბიოგრაფია მნიშვნელოვნად შეცვალა და ამისრულა სურვილი, რისთვისაც სპორტულ კარიერაში მინდოდა მიმეღწია... პირველი წარმატება კი იყო 1986 წელს, მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, 10-11 წლის და საქართველოს ჩემპიონი გავხდი. თუმცა ამის მერე ჩემს სპორტულ ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, მათ შორის, იყო ტრავმაც, ხელის მოტეხილობა, მაგრამ როდესაც დავბრუნდი, ეს საერთაშორისო დონეზე დაბრუნება იყო - ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვე.

მკითხველი:
- უდიდესი ფიზიკური მომზადება, წვრთნა და კიდევ რა არის საჭირო დიდი წონის ასაწევად?
- კომპლექსურია, ამ ყველაფრისთვის არ არსებობს ერთი ფორმულა, შედეგები შრომაში მოდის, შრომაში იბადება ის ტალანტიც. მნიშვნელოვანია გარემო, ინფრასტრუქტურა, მედიცინაც, რომელიც თანამედროვე სპორტში ძალიან აუცილებელია. თუმცა ადრე ეს ყველაფერი არ იყო. იმ წლების შემდეგ კი ბევრი ჩემპიონი, ახალი სპორტსმენი დაიბადა. ამიტომ პირობები ერთ-ერთი აუცილებელი რამ არის, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რა მიზანი გაქვს და რისთვის იბრძვი. რამდენად გინდა, ეს ყველაფერი სპორტული შედეგებით დაგიბრუნდეს. აქ მნიშვნელოვანია პირველი წესი, რომ არასდროს დანებდე და წესი მეორე - არ დაგვავიწყდეს პირველი წესი.
ნინო:
- არის რაიმე, რაც სპორტის კუთხით ვერ აისრულეთ და სურვილად დარჩა?
- აწმყოსა და მომავალზე ვფიქრობ. ის, რაც წარსულში იყო, იყო, მათ შორის პირადი თუ სპორტული მინუსები. მომავალში ყველაფრის შეცვლა შეიძლება, ამიტომ ის წარსული იყოს ისე, როგორც არის. ჩემთვის კატალიზატორი იქნება, რომ ხვალ საქმე უკეთესად გავაკეთო, ან შეცდომები გამოვასწორო, რომელიც მანამდე დავუშვი.

ცნობისმოყვარე:
- წარმატებული სპორტსმენი ყოველთვის არ არის წარმატებული მწვრთნელი, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა. ამას როგორ მიაღწიეთ?
- ბევრი შრომით, იმ ცოდნის მიღებით, რასაც ძალოსნობა ჰქვია, ისეთი მასწავლებლით, რომელსაც ვანო გრიქუროვი ერქვა. კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს უსაყვარლეს პიროვნებას, მან მოახდინა ჩემი ტრანსფორმაცია, შეუძლებელია, ეს არ აღვნიშნო. ყველა ის კომპონენტი, რაც მწვრთნელის ფუნქციაში იყო, გადმომცა. მიუხედავად მისი ახალგაზრდობისა, სულ რაღაცას ჩქარობდა, გული მწყდება, რომ ის ჩვენს გვერდით აღარ არის. მინდა იმიერში მივულოცო 75 წლის იუბილე, რომელიც ცოტა ხნის წინ შეუსრულდა.

ნანა:
- "ხეზე ასვლას ყველას ვასწავლიო,“ - ამას ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ. მართლა ასეა? სამწვრთნელო საქმიანობისას რა არის თქვენთვის მთავარი?
- იმქვეყნად არავის არაფერი წაუღია, თუ ძალით არ ჩაუტანებიათ. ამიტომ ჩემი ვალდებულებაა, გავცე ყველა ის ცოდნა, რომელიც ქართულ ძალოსნობას გამოადგება. ერთი, რასაც ვერ გავცემ, გრძნობა და სიყვარულია, რაც ადამიანს ინდივიდუალურად უნდა ჰქონდეს. თუ ეს ყველაფერი ჩემს მეგობრებს აქვთ და იმედი მაქვს, უნდა ჰქონდეთ, დანარჩენ შემთხვევაში, პრაქტიკულ ცოდნას არავის დავაყვედრებ, პირიქით, ეს ჩემთვის რაღაც ჯილდოც არის.
ციცი:
- რა გაბრაზებთ?
- ტყუილს მირჩევნია, მწარე სიმართლეზე ემოციურად დავიხარჯო და თუ ამის საჭიროებაა, ჩემი შეფასებები გავაკეთო. დანარჩენ შემთხვევაში, ტყუილი უფრო სიმკაცრისკენ მიბიძგებს. ვერავის დავკარგავ, რაც არ უნდა ტრაგიკულად იყვნენ ისინი თავიანთი საქციელით ჩემთან მიმართებაში დაკავშირებული. ჩვენ ხომ მართლმადიდებლები ვართ?! ამიტომ, არავის დაკარგვა არ არის სწორი.
ამო:
- ცხოვრებაში დაგიკარგავთ ადამიანები?
- გული ბევრმა ადამიანმა დამწყვიტა და გამიცრუა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ამპარტავნებით, ზოგმა უცოდინარობით, ზოგმა ღალატით, ზოგმა შურით დამწყვიტა გული, ვერავის დავკარგავ. თუ რატომ მოხდა ასე, რატომ გადადგეს ასეთი ნაბიჯები, ამის მიზეზები არ ვიცი, ვერ ავხსენი.
ნატა:
- 4 შვილი გყავთ - ორი გოგონა და ორი ბიჭი. ბიჭებმა მამის სპორტული გზა აირჩიეს... რას იტყვით შვილებზე და შვილების სპორტულ მიღწევებზე?
- გოგონებმა სწავლა აირჩიეს, ძალიან მნიშვნელოვანია განათლება არა მარტო გოგონებისთვის, საერთოდ, ადამიანისთვის. დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი. ერთი მუშაობს, მეორე სწორედ ახლა აპირებს მუშაობის დაწყებას. ბიჭები, მოგეხსენებათ, ძალოსნები არიან. საბამ ახლახან გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. კახიც, მოგეხსენებათ, ევროპის ვიცე ჩემპიონია, ასაკობრივში - ევროპის ჩემპიონია.

დიმა:
- "დოპინგ-სკანდალზე“ რას იტყვით?
- ბოლო 2 წელია, ის სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც "დოპინგ-სკანდალს“ უკავშირდება. ვინც როგორც უნდა ისე გაიგოს, მაგრამ ჩვენი სპორტსმენები სწორედ საბოტაჟის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. სწორედ ამ ქეისში არიან გამოყენებული და უსამართლოდ არიან დასჯილები. დაისაჯნენ იმ გადაცდომების გამო, რომელიც ქართულ სპორტში მოხდა.
კიდევ ერთხელ მოგვიწევს სამართლებრივი გზების პოვნა და ამ ბიჭების გამართლება. ქართულმა სასამართლომ ის ფაქტი ვერ უარყო და დაადასტურა, გამოძიებამ თავის შედეგები დადო, რომ ჩვენ მიმართ ჩადენილი იყო საბოტაჟი, ვანდალიზმი. მაგრამ ტექნიკური ხარვეზების გამო ეს ყველაფერი სისრულეში ვერ მოვიდა. ვიმეორებ, რომ ქართველი ძალოსნები გამოყენებული იყვნენ ქართული სპორტის კრახისთვის, სხვას ვერაფერს დავარქმევ. ვინც ეს ქნა, მოღალატეები არიან. აქ დანაშაული ჩაიდინეს, რამაც ამ სპორტსმენების და კახის სპორტიდან ჩამოცილება გამოიწვია. ადრე თუ გვიან სამართალს ვიპოვით და ყველა, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ამ დანაშაულზე პასუხების გაცემა მოუწევს.
დეა:
- ქალები თუ ავლენენ ინტერესს ძალოსნობის მიმართ?
- რა თქმა უნდა, ძალოსნობის განვითარება ერთ კონკრეტულ დროში არ მომხდარა, ეს იყო დროში გაწერილი დიდი და ვრცელი გეგმა, რომ გარკვეულ შედეგებამდე ნაბიჯ-ნაბიჯ გვევლო. თუმცა ამ ყველაფრის განვითარებას ხელი შეუწყო ისეთი ტალანტის გამოჩენამ, როგორიც ლაშა ტალახაძე აღმოჩნდა. თუ ადრეულ წლებში 100-მდე ძალოსანი იყო, ლაშას წარმატებებმა, ტრიუმფმა სულ მაღალ საფეხურზე დგომამ, გარკვეული გეოგრაფიული ცვლილებები გამოიწვია. 100-დან გავიზარდეთ და დღეს 800-მდე სპორტსმენია, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ამან მოგვცა საშუალება, სხვადასხვა რაიონის დარბაზში პატარა ბიჭები გვეპოვა, რომლებიც გარკვეულ იმედებს გააჩენდნენ და სწორედ ამან გამოიწვია გოგოებშიც ამ სურვილის გაჩენა.

ჩვენ გვყავს ძალიან კარგი და ღირსეული გოგოები. ასაკით ჯერ პატარები არიან, მაგრამ წელს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს. ამ წარმატება ყველას ვულოცავ. იმედიანად ვუყურებთ ამ გოგონებს და ასევე გვყავს 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი - ანასტასია გოტფრიდი, ის ასევე ევროპის ჩემპიონია. ამ სპორტსმენმა ჩვენი სპორტის პოტენციალი გაასმაგა. მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე შევეცდებით, ორ გოგონას სალიცენზიო კატეგორიაში მივცეთ შანსი, ვნახოთ, როგორ გამოგვივა, რადგან შეიცვალა მონაწილეთა რაოდენობები (შეგვიმცირეს) როგორც ბიჭებში, ასევე - გოგონებში. გაიზარდა კონკურენცია. მოკლედ, ვეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ლიცენზიების მოპოვებაში.
ნებისმიერ შემთხვევაში იმაზე ბევრი უნდა ვიშრომოთ, ვიდრე შეგიძლია. ყველას ვუსურვებ ბევრ შრომას, მიზნამდე მისვლას.