პრინცი უილიამი ოჯახურ ტრადიციებს ინარჩუნებს.
43 წლის უელსის პრინცი ხშირად სტუმრობდა უსახლკაროთა საქველმოქმედო ორგანიზაცია "The Passage"-ს დედასთან, პრინცესა დიანასთან ერთად, სადაც მოხალისეობრივ საქმიანობაში იღებდნენ მონაწილეობას. ახლა კი, წლების შემდეგ, უილიამი თავის 12 წლის ვაჟთან, პრინც ჯორჯთან ერთად ეწვია საქველმოქმედო ორგანიზაციას.

პრინცი უილიამი 11 წლის იყო, როდესაც პრინცესა დიანამ ის და მისი ძმა, პრინცი ჰარი "The Passage"-ში მიიყვანა.

მამა-შვილი საქველმოქმედო ორგანიზაციას ესტუმრა, ერთად კექსები გამოაცხვეს და ჰუმანიტარული პაკეტები დაახარისხეს. მათ საშობაო ხის მორთვაშიც მიიღეს მონაწილეობა.

"უელსის პრინცისთვის მნიშვნელოვანი იყო პრინცი ჯორჯისთვის "The Passage"-ის საქმიანობის გაზიარება და გუნდთან ერთად მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა", - განაცხადა პრინცის პრესსპიკერმა. "ორივეს ძალიან მოეწონა პერსონალთან, მოხალისეებთან და შემწეობის მიმღებ ადამიანებთან შეხვედრა."

გასული წლის ნოემბერში, უილიამმა ბავშვობაში მოხალისეობრივი სამუშაოს შესრულების შესახებ დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა: "დედამ მე და ჰარი "პასაჟში" ერთად წაგვიყვანა. მაშინ 11 წლის ვიქნებოდი, შესაძლოა 10-ის. მანამდე ასეთ ადგილას ნამყოფი არ ვიყავი და წასვლამდე ძალიან ვნერვიულობდი.
პრინცის თქმით, პრინცესა დიანამ ცენტრში მისვლისთანავე ყველას კომფორტულად აგრძნობინა თავი და ჩვეული მანერით ხუმრობაც დაიწყო: "მახსოვს, ვფიქრობდი, ვისაც სახლი არ აქვს, ყველა ძალიან მოწყენილი იქნება-თქო, თუმცა გასაოცარი იყო, თუ რაოდენ ბედნიერი ატმოსფერო სუფევდა",- დასძინა მან.

People-ის ცნობით, პრინცმა ჯორჯმა "პასაჟის" სტუმრების წიგნში ხელი იმავე გვერდზე მოაწერა, რომელზეც პრინცესა დიანამ და პრინცმა უილიამმა მოაწერეს.

წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა