ავტორი:

3 გენიალური ქართული ფილმი, რომელმაც დროს გაუძლო

3 გენიალური ქართული ფილმი, რომელმაც დროს გაუძლო

ძველი ქართული ფილმები მაყურებელს ძალიან უყვარს. ისეც ხდება, რომ ფილმის სხვადასხვა ფრაზას ყოველდღიურ მეტყველებაშიც იყენებენ. განსაკუთრებით უყვართ კომედიური ჟანრის ფილმები, სადაც სხარტ და ენაკვიმატ გამოთქმებში კარგად ჩანს ქართული ხასიათი. მოკლედ, ბევრი კარგი ფილმია, მათი შერჩევა ჭირს, თუმცა ამჯერად 3 ფილმი შევარჩიეთ.

  • „არაჩვეულებრივი გამოფენა“

გადაღებულია 1968 წელს, რეჟისორი - ელდარ შენგელაია. სცენარი რევაზ გაბრიაძეს ეკუთვნის.

მოქანდაკე აგული ერისთავი მასწავლებლის ნაჩუქარი მარმარილოს ქვისგან არაჩვეულებრივი მონუმენტის შექმნაზე ოცნებობს, მაგრამ აგული მხოლოდ მიცვალებულთა ბიუსტების ავტორად ჩამოყალიბდა, რადგან დიდი ოჯახის პატრონია, რომელიც უნდა არჩინოს. ფილმის ფინალში სევდანარევი იუმორით აღიარებს, რომ ნიჭი ტყუილუბრალოდ გაფლანგა, საოცნებო მარმარილოს ქვა კი მოწაფეს გადაულოცა...

იმის გამო, რომ ფილმის სცენარისტი რეზო გაბრიაძეა და ცხადია, მისი ჩვეული იუმორი აქაც თავს იჩენს: „ესაა პიკასოს ბიჭი?!“, „ხმლით ხელში თუ წურბელით კისერზე?“ „ამპრედუზო-მედუზო“, „თვალი ჰგავს? - ჰგავს! ცხვირი ჰგავს? - ჰგავს! ე.ი. ჰგავს“ „მაგისთანა წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანი,“ „ცხვირი ჰგავს, გავს, ე.ი. გავს,“ „5 კილო, შავი-შავი,“ „მე და მამა ვმუშაობთ,“ „გველი გამიზრდია უბეში, გველი,“ „ვალოდია ვარ ჯინჭარაძე... მარცხნივ ვიჯექი რადიატორთან“.

  • „იმერული ესკიზები“

რეჟისორ ნანა მჭედლიძის კომედიური ფილმი 1979 წელს არის გადაღებული. სცენარიც მას ეკუთვნის და მთავარ როლშიც თავად არის. ფილმი მეორე მსოფლიო ომამდე და შემდგომი პერიოდის იმერული სოფლის ყოფას ასახავს. ნოველებისა და მინიატიურებისგან შედგება, რომელსაც მთავარი გმირი აერთიანებს. მან შრომაში განვლო წუთისოფელი, შვილები და შვილიშვილები დაზარდა, მშობლიური კერა შეინარჩუნა...

იმერული კვიმატი ფრაზები ფილმიდან: „დეპეშა, რავა მომიტანეს,“ „მიცვალებული ადგა,“ „ჩემი კანტორის ხალხი მოდის და კაი რამე დოუკარით,“ „80 კაპიკი და კიდო მანაააათი. დიდუ, რამდენია?!“ „- აბა, ბავშვებო, რა სარგებლობა მოაქვს მამალს? - ჩინჩლავს! - გაეთრიე გარეთ!“ „ბებია, ბებია, ოლია მათხოვარი მევიდაა,“ მატარებელი კარგად რომ გაჩერდება, მერე ჩამოდი“...

  • „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“

1965 წელს ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვითაა გადაღებული. რეჟისორი მიხეილ ჭიაურელია, სცენარი ნოდარ წულეისკირსა და მიხეილ ჭიაურელს ეკუთვნის. ხელოსან ბიჭს, გოგიას ბაზარში სოფლიდან ჩამოსული გოგონა შეუყვარდება. გულის ნადებს გაუმხელს და დანიშნავს. სოფელში მაყრიონით ჩასულ გოგიას ტასია აღარ დახვდება, თავადის ქალის ბრძანებით, გოგო შინამოსამსახურედ ბატონის სახლში წაუყვანიათ. ხანში შესულ, უქნარა ბატონს ტასია მოეწონება და მის ცოლად შერთვას გადაწყვეტს, მაგრამ გოგიას მეგობრები ბატონს პატარძალს წაართმევენ და წყვილი ჯვარს დაიწერს.

ფრაზები ფილმიდან: „წაგიყვან გოგო, ბანძაში,“ „გადი, რა, ძაღლი ვარ?“ „დაანგრიო, რა, შენი აშენებულია?“ „დაუკარი იმის დედა ვატირე, უპატარძლო ქორწილია,“ „ექიმბაში? არა უსტაბაში,“ „დასის ვას, მე შენ გასწავლი ჭკუას,“ „ეს რუბენსის ცოლია, ჩვენი რუბენას ცოლი, ვართუშა? ვაიმე, ვაიმე, მე ის პატიოსანი ქალი მეგონა, ხედავ, სად ჩამოკიდებულა,“ „ვაა, გოგიას რაღა, ვირის თავ ფეხი?“ „ყარაჩოღელი გიჟუა გაგიგონია? ხომ არ გიდნა, ბიჭიან-ბატონიანად ანდერძი აგიგო? „მაშ შენ კაცი ხარ, ახ ტი გალანსკი პერუხ,“ „ჰოო, გეკუთვნის, გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის“ „მელანო, ისევ ეწევი პაპიროსსა?“

იხილეთ ასევე: