აშშ-ში, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებსა და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევს შორის რამდენიმე დღიანი შეხვედრები გაიმართა. ამასთან, ერთმანეთს ასევე შეხვდნენ აშშ-უკრაინის წარმომადგენლობა. მხარეებმა საომარი ქმედებების დასრულების შესაძლებლობები და სამშვიდობო გეგმის პუნქტები განიხილეს.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ კირილ დმიტრიევთან, შაბათ-კვირას ფლორიდაში გამართული შეხვედრა „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ იყო.
ანალოგიურად დადებითად შეაფასა უიტკოფმა უკრაინის დელეგაციასთან სამდღიანი მოლაპარაკებები.
“რუსეთი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიმართ ერთგული რჩება. რუსეთი დიდად აფასებს შეერთებული შტატების ძალისხმევასა და მხარდაჭერას უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად და გლობალური უსაფრთხოების აღსადგენად“, - დაწერა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი განცხადებით, რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ფლორიდაში „პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრები გამართა ამერიკულ დელეგაციასთან, რათა წინ წაეწია პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმა“.
“ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში, უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართა“, - ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ.
"ყურადღება ოთხ ძირითად დოკუმენტზე გამახვილდა: 20-პუნქტიანი გეგმის შემდგომი შემუშავება, მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოსთან დაკავშირებით პოზიციების თანხვედრა, უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოსთან დაკავშირებით პოზიციების თანხვედრა და ეკონომიკური და კეთილდღეობის გეგმის შემდგომი შემუშავება“, - აცხადებენ უმეროვი და უიტკოფი.
მათი ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვადების განხილვას და შემდგომი ნაბიჯების თანმიმდევრობას.
"უკრაინა კვლავ სრულად ერთგულია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიმართ. ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობების შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის პირობების შექმნა. მშვიდობა არა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა იყოს, არამედ სტაბილური მომავლის ღირსეული საფუძველიც“, - აცხადებენ უმეროვი და უიტკოფი.
ისინი ხაზს უსვამენ, რომ უკრაინა აფასებს შეერთებული შტატების ლიდერობასა და მხარდაჭერას, ასევე პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შემდეგ ეტაპებზე.
ამერიკის დელეგაციას კი წარმოადგენდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე თეთრი სახლის თანამშრომელი ჯოშ გრუენბაუმი. უმეროვი და უიტკოფი წერენ, რომ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის საერთო სტრატეგიული მიდგომის შემუშავების მიზნით, დისკუსიას ასევე შეუერთდნენ ევროპის ქვეყნების მთავრობების მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.