რუსეთის დედაქალაქის სამხრეთით, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი ფანილ სარვაროვი დაშავდა.
ინციდენტი მოსკოვში, იასენევის ქუჩაზე, დაახლოებით დილის 07:00 საათზე მოხდა. 56 წლის სამხედრო მაღალჩინოსანი საკუთარ ავტომობილში, Kia Sorento-ში ჩაჯდა, რის შემდეგაც, მოძრაობის დაწყებისთანავე, ძლიერი აფეთქება მოხდა.
წინასწარი ვერსიით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ძრავაში იყო დამონტაჟებული.
გენერალ სარვაროვის მანქანიდან ამოსაყვანად მაშველების ჩარევა გახდა საჭირო. აფეთქების ტალღამ შემთხვევის ადგილთან ახლოს მდგომი კიდევ 7 ავტომობილი დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფანილ სარვაროვი რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსია.
ის რუსეთ-ჩეჩნეთის, სირიისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის აქტიური მონაწილეა. გავრცელებული ცნობებით, სარვაროვი ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებითა და ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ მიღებული ტრავმების შედეგად ფანილ სარვაროვი გარდაიცვალა.